ახალი ამბები

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქსა და მის უფროსებს კრემლში — ვიოლა ფონ კრამონი

16 აპრილი, 2024 • 399
კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქსა და მის უფროსებს კრემლში — ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსულ კანონზე სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ ერთხელ დაწერა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი მხოლოდ „ოლიგარქსა და მის უფროსებს“ ემსახურება.

„ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას ევროკავშირის რეზოლუციებშიც განვაცხადებთ. კანონპროექტი მხოლოდ ემსახურება ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში,“ — ვკითხულობთ ევროპარლამენტარის განცხადებაში.


დღეს, 16 აპრილს, სესიაზე საქართველოს პარლამენტი  პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა. პარლალეურად, 12:00 და 19:00 საათზე დაგეგმილია 2 საპროტესტო აქცია.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი