საზოგადოება

სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს ქართველი მებრძოლები, რომლებიც რუსეთთან ომს შეეწირნენ

26 მარტი, 2022 • 1156
სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს ქართველი მებრძოლები, რომლებიც რუსეთთან ომს შეეწირნენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს თბილისში მრავალი მოქალაქე დაესწრო. ქალაქ ირპენში ბრძოლებისას დაღუპულ მოხალისეებს 26 მარტს, სამოქალაქო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

დავით რატიანი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს, გია ბერიაშვილი კი — თემქაზე მდებარე მარიამ ეგვიპტელის სახელობის ეკლესიიდან.

ქაშვეთის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, წაიკითხა ილია მეორის წერილი, რომლითაც ის რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლების გამო ქვეყანას უსამძიმრებს. ტაძარში იმყოფებოდა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც.

“სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს”, — ნათქვამია წერილში.

დღის განმავლობაში პანაშვიდზე დაღუპულთა ნათესავები და მეგობრები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები მიდიოდნენ. მმართველი გუნდის პოლიტიკური ლიდერებიდან იქ მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოჩნდა.

როგორც დავით რატიანი, ისე გია ბერიაშვილი, სამოქალაქო სასაფლაოებზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე, დავით რატიანის ოჯახში თქვეს, რომ სურდათ, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულიყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლი ქართველი მოხალისე.

“რაც ჩვენ გვინდოდა, ძმათა სასაფლაოზე, არ მოხერხდა. ეს გავიგე… განაცხადი ხომ გვქონდა და არაფერი გამოხმაურება არ ყოფილა, არ ვიცი, ოფიციალურად იყო, თუ არაოფიციალურად, კი გავიგე, რომ ვერ ხერხდება იქ…” — უთხრა მედიას რატიანის მეუღლემ, ია შაშვიაშვილმა, 25 მარტს.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი 17 მარტს, ქალაქ ირპენში, ბრძოლებისას დაიღუპნენ. ისინი თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს. აეროპორტში ჯარისკაცების ცხედრებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, მოქალაქეებიც დახვდნენ. იქ იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი