საზოგადოება

საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს – ვოლსკი

22 მარტი, 2022 • 4036
საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ქვეყანას საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში ჩადებული აქვს ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლე.

მისი თქმით, ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატო -ში გაწევრიანება, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

“[ნეიტრალიტეტის] თემა საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია ნატო-ს წარმომადგენლობას, ქვეყნებს, რომლებმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ და თავად უკრაინას. მეორე მხრივ, ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატო-სთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის.

ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება. ვფიქრობ, იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ, ამდენი სიცოცხლე დავკარგეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალშიც დგომას.

აქედან გამომდინარე, აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის მთავარი და გადამწყვეტი, ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა ნატო-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, ვინაიდან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი. შეიძლება რაღაც დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი