საფრანეგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს.
მისი თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არარეალურია.
ამის შესახებ მაკრონმა დღეს, 10 მარტს, ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
“შეგვიძლია გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? მე ასე არ ვფიქრობ”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
თუმცა, მაკრონის თქმით, უსამართლობა იქნებოდა კარის დაკეტვა და თქმა „არასოდეს“.
ამასთან, მაკრონის თქმით, სურს “ძლიერი სიგნალის” გაგზავნა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანაზე ცოტა ხნის წინ განაცხადები დაწერეს.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ პროცედურაზე უარს ამბობს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლციც. მისი თქმით, როცა საქმე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, ევროკავშირმა პერსპექტივაში განვითარება უნდა განაგრძოს.
ოლაფ შოლცის თქმით, რთულია ევროკავშირი 27 ქვეყანას შორის ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკაა, რთულია.
რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.