საზოგადოება

არანაირ მასობრივ შემოდინებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს — პაპუაშვილი რუსეთის მოქალაქეებზე

4 მარტი, 2022 • 1518
არანაირ მასობრივ შემოდინებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს — პაპუაშვილი რუსეთის მოქალაქეებზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია რუსეთიდან მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის ნაწილია.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ისედაც ჩაკეტილია.

„ეს საკითხიც, რაც შეეხება რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას, ესეც გახლავთ ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიისა, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ გვაქვს. ეს არის სწორედ, რაც იწვევს ჩვენში კითხვის ნიშნებს, რომ რატომ ხდება ასეთი ინფორმაციის გავრცელება ხოლმე. არანაირ მასობრივ შემოდინებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან. იცით, რომ ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის მიმოსვლა.

რაც შეეხება ამ მონაცემებს და იმას, რომ ეს თემა გახდა განხილვის საკითხი, ესეც გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა იმისთვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, “ტელეგრამზე” გაჩნდა არხები, სადაც რუსეთის მოქალაქები განიხილავენ და ერთმანეთს რჩევებს აძლევენ საქართველოში ჩამოსვლასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით. ამ ცნობებს დისკუსია მოჰყვა საქართველოში. შეიქმნა პეტიციაც, რომლითაც მოქალაქეები რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი