ახალი ამბები

„გავამკაცრებთ კანონმდებლობას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე“ – კობახიძე

4 მარტი, 2022 • 2768
„გავამკაცრებთ კანონმდებლობას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც მიმართული იქნება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ოცნების ლიდერი „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, ქვეყნის ომში ჩათრევას ამჯერად ეთნიკური შუღლის გაღვივებით ცდილობს, რაც მისი მტკიცეით, რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებში გამოიხატება:

“ალბათ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამას ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.

საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და მის მოქალაქეებს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგი აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი ნიშნით კრძალავს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, თუმცა აცხადებს, რომ ამ ქმედების გამო უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

რაც შეეხება რუსეთთან უვიზო რეჟიმს, კობახიძე ამბობს, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მიიღო:

„ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წელს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შესახებ.

ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია გაუგონარი მოვლენაა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი“, – ამბობს ოცნების ერთ-ერთი ლიდერი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როცა კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამან ფართო ტენდენციის სახე მიიღოს და შიშობს, ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს:

„უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როცა კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე, ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველანაირი ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენციისა და აღკვეთისთვის“, – აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება რისკებს, რომელიც შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას ახლდეს თან, კობახიძე ამბობს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლება სრულად დააზღვევს:

„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების ყველა შესაძლო რისკს სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – ამბობს კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი