საზოგადოება

“ცარიელი ქაღალდი” — ჰოჯესი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

13 თებერვალი, 2022 • 2109
“ცარიელი ქაღალდი” — ჰოჯესი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ბენ ჰოჯესი “ცარიელ ქაღალდს” უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაზე მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. ამ საკითხზე ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.

ჟურნალისტმა ბენ ჰოჯესს ჰკითხა:

“საქართველოს მთავრობა ფრთხილ პოლიტიკას ირჩევს და რუსეთ-უკრაინის კონტექსტში, ცდილობს რუსეთის ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს.

შეიძლება იცით ამის შესახებ, პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც სიტყვა რუსეთი არ წერია. რა ფიქრობთ ამ მიდგომაზე?”

ყოფილმა მთავარსარდალმა შეკითხვას ასე უპასუხა:

“ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა – ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე.

საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს… სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს”.

74 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა პირველ თებერვალს მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

რეზოლუციის ავტორი მხოლოდ “ქართული ოცნებაა”.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ითხოვდა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ნახსენები ყოფილიყო, “ქართულ ოცნებამ” ეს არ გაითვალისწინა.

რეზოლუციის თანაავტორმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ “რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დადანაშაულება”.

უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე  სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები.

11 თებერვალს აშშ-მა განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.

აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი