საზოგადოება

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ოლიმპიადის დასრულებამდეა მოსალოდნელი — ბლინკენი

11 თებერვალი, 2022 •
უკრაინაში რუსეთის შეჭრა ოლიმპიადის დასრულებამდეა მოსალოდნელი — ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატები უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი. როგორც ამერიკული ტელეარხი CNN წერს, მათ ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსგან მოიპოვეს.

„როგორც აქამდე ვამბობდით, ჩვენ ვართ ფანჯარასთან, როცა რუსეთის შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს გულისხმობს შეჭრას ოლიმპიადის მიმდინარეობისას“ ,– თქვა ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ავსტრალიაში ვიზიტისას.

დღესვე გაიმართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე, ნატოს წევრებთან ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის გამო აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის სასწრაფოდ დატოვებისკენ ჯერ კიდევ 10 თებერვალს მოუწოდა. იგივე მოწოდება გაავრცელეს ნიდერლანდებმა, დიდმა ბრიტანეთმა, სამხრეთ კორეამ, ისრაელმა, იაპონიამ, ლატვიამ.

უკვე 11 თებერვალს ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა უახლოეს 48 საათში უნდა დატოვონ, რადგან საფრთხე გარდაუვალია.

ამერიკული ტელეარხის ჟურნალისტი ნიკ შიფრინი ტვიტერზე წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინაში ელოდებიან რუსეთის მხრიდან „შემზარავ, სისხლიან სამხედრო კამპანიას, რომელიც დაიწყება ორდღიანი განუწყვეტელი საჰაერო დაბომბვითა და ელექტრონული ომით, რასაც მოჰყვება შეჭრა ხელისუფლების შესაძლო შეცვლის მიზნით“.

უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე  სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე. აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი