„ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი“, — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი განხილვაზე, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით გამართა.
რატომ ქალები?
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მოსმენის უნარია, რაც ძალიან საჭიროა.
„ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქალებს ყველაზე მეტად შეეხოთ სიძულვილის ენა, ამიტომ უკეთ იციან, რამდენად დამანგრეველია ის.
„ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევას. ამიტომ მათი იმედი მაქვს“, — დასძინა ზურაბიშვილმა.
„წარსულში ჩავიხედოთ“
პრეზიდენტის ხედვით, ეროვნული თანხმობის პროცესი „იწყება და მთავრდება საუბრით“. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა „დაპირისპირებაში ჩაძირული, გაჩერებული და ორად გაყოფილია“ და ამის მიზეზების დასადგენად წარსულის გაანალიზებაა საჭირო.
„სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? საჭიროა, დავფიქრდეთ, რატომ ხდება ის, რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ… ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი“, — ამბობს ზურაბიშვილი.
როგორ ხედავს პროცესს პრეზიდენტი?
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, გარდა საზოგადოების გაძლიერებისა და მათთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს.
„საზოგადოებამ თუ რეალურად იცის, რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი თუ რომელიმე ჯგუფი, შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ. მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ეროვნული თანხმობის პირველი შეხვედრა სამუშაო ჯგუფების ფორმატში. ფოტოები: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
შეიქმნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, მათ შორის, დიასპორის მონაწილეობით. მაგალითად, სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულებისგან პრეზიდენტს აინტერესებს, რა არის მათი ხედვა და რას ელოდებიან სახელმწიფოსგან.
„არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია“, — ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ უნდა იყოს რაიმე ტაბუდადებული თემა. თუმცა მასვე წიწნასწარ გაცხადებული აქვს, რომ არასდროს შეიწყალებს ყოფილ პრეზიდენტს — მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კი ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიისთვის პოლარიზაციის შემცირებისა და შერიგების მთავარი წინაპირობაა.
„ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება, არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება. ჩვენ ჩვენს ოცდაათწლიან გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ, რა მოგვივიდა, რა არის ის, რაზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. უნდა ჩავიხედოთ წარსულში და ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება, შევთანხმდეთ და მოვნახოთ შეთანხმების კუნძულები. საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძია. შეგვიძლია შევთანხმდეთ, რა არის წარსულიდან ის მანკიერი ფორმები, რომელიც შესაძლოა 30 წლის წინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება დღესაც გრძელდება. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ — მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეხება პრეზიდენტის როლს და პროცესის შედეგებს, ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება.
„რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე — რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ძველის ანალიზი ახალი კრიზისების გადაწყვეტის ნაცვლად
ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს, „საჯარო განხილვა“ მედიისთვის დახურული იყო. სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. შეხვედრის მონაწილეებს კი შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი უფრო წარსულის ანალიზის გრძელვადიან პროცესს იწყებს, ვიდრე არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაა.
ღონისძიება დროზე ადრე დატოვეს პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და „დროას“ წარმომადგენელმა ნინო დოლიძემ. მათ თქვეს, რომ წარსულის შეფასება შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანა დგას უფრო მწვავე, დღეს გადასაწყვეტი გამოწვევების წინაშე.
„მე არ ვარ ისტორიკოსი, მოქმედი პოლიტიკოსი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი და ამ მიმართულებით გეგმების დასახვა. წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნომერ პირველი აქტუალობის“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო დოლიძე. ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო დოლიძემ „ნეტგაზეთან“ ისაუბრა ფორმატის შესახებ, რომელშიც შეხვედრა წარიმართა, და იმ მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა შეხვედრა დროზე ადრე.
„პროტესტს ვერ დავარქმევ, უბრალოდ იყო ჩემი პოზიციის გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის ეფექტური ფორმატი, რომლითაც უნდა ხდებოდეს იმ საკითხების მოგვარება, რაც ქალბატონმა სალომემ თავიდანვე განაცხადა, როგორც ეროვნული თანხმობის პროცესის მიზანი. მისი განცხადებით, ეს მიზანი იყო შერჩევითი სამართლის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და სხვა ასეთ საკითხებზე რეაგირება. მით უმეტეს, დღეს კიდევ ახალი, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მწვავე თემაა წამოწეული და ჩვენი მთავრობა არსად ჩანს. პრეზიდენტს აქვს შანსი, წამყვანი როლი ითავოს, მან კი დღეს შემოგვთავაზა ძალიან ხანგრძლივი, თანმიმდევრული კვლევა, რომელიც შეიძლება ორიენტირებული იყოს წლის ბოლოს საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე. დააანონსა კიდეც, რომ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ეს პროცესი. მგონია, რომ ასეთ სიტუაციაში არ გვაქვს ფუფუნება, ამაში დიდი ენერგია ჩაიდოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე საკითხები და ვფიქრობდი, დღევანდელი შეხვედრაც მათთან დაკავშირებით იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა“, — ამბობს დოლიძე.
კითხვაზე, დააფიქსირეს თუ არა პროცესთან დაკავშირებული შენიშვნები შეხვედრაზე, ნინო დოლიძემ თქვა, რომ ამის საშუალება არ იყო.
„სამწუხაროდ, ამის შესაძლება იმ მომენტში არ იყო, იმიტომ, რომ ფორმატი იყო ასეთი — ქალბატონი სალომე შეხვდა მთელ ჯგუფს, შემდეგ დატოვა შეხვედრა, სტუმრების ჯგუფი დაიყო ორად და ცალ-ცალკე ოთახებში, უკვე მოდერატორებთან გაგრძელდა მუშაობა. ასეთი „ვორქშოპის“ ხასიათი ჰქონდა და გამოგზავნილი პროტოკოლითაც და ადგილზეც, იქ უკვე აღარ იყო პრეზიდენტთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. იყო ლაპარაკი, რომ წერილობით გააცნოთ თქვენი შეხედულებებიო და მე ჩავთვალე, რომ უფრო მარტივია, დამეტოვებინა შეხვედრა და პოზიცია ასე დამეფიქსირებინა, ვიდრე რამდნეიმესაათიან ვორქშოპში მიმეღო მონაწილეობა იმისთვის, რომ ბოლოს წერილობით დამეფიქსრებინა აზრი. გაცხადებულიც ეს იყო, რომ იქნება კვლევა, თვისებრივი ნაწილი, ინტერვიუები ჩატარებული, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობა… მე არ ვარ კვლევის წინააღმდეგი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი უკვე ვიცით — საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ამის შესაძლებლობები დღეს და გუშინ უნდა გამოგვეყენებინა“, — ამბობს დოლიძე.
პირველი შეხვედრის დატოვების მიუხედავად, დოილიძე და ბურჯანაძე, ისევე როგორც სხვა მონაწილეები, ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართულობის მზადყოფნას გამოთქვამენ, ოღონდ ამბობენ, რომ პროცესი კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს.
„სხვადასხვა გამოცდილების და ხედვის მქონე ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრა და საუბრის ინიცირება საჭირო და სწორია. ჩემთვის საინტერესო იყო არაერთი მონაწილის პერსპექტივის და მოსაზრებების მოსმენა და ჩემი შეხედულებების მათთან გაზიარება — ვინ რაში ვხედავთ მთავარ გამოწვევებს. ეს პროცესი ვერ და არ უნდა ჩაიკეტოს მხოლოდ წარსულზე რეფლექსიით (თავისთავად, წარსულის გააზრების ღირებულებას არ ვაკნინებ). თუ ის ვერ მოაგვარებს ყველა ახლანდელ გამოწვევას (გასაგებია ბერკეტების და მანდატის თემა), როგორც მინიმუმ, კავშირი უნდა შეინარჩუნოს “აქ და ახლა” არსებულ გამოწვევებთან და ადეკვატურად შეეხმიანოს ამ პრობლემებს. სხვა შემთხვევაში მისი სარგებლიანობა საზოგადოებისთვის დრამატულად შემცირდება“, — ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ის საჭიროდ მიიჩნევს კონკრეტული საფუძვლების იდენტიფიცირებას, რაც ქმნიდა და ქმნის პრობლემებს და ქვეყანისთვის გამოსავლის შეთავაზებას.
რას არ ელის ხელისუფლება?
„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა და ის არ გეგმავს არავითარი პოლიტიკური შეთანხმების მომზადებას, ამაზე არ არის საუბარი. საუბარი იყო შეფასების მომზადებაზე, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს გასულ 30 წელს“, — ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართება, მაშინ „ქართული ოცნება“ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს, მათ შორის, შეფასდეს „ოცნების“ მმართველობაც.
„ჩვენ თუ შევაფასებთ იმას, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო თავისი არსით ავტოკრატიული და არაადამიანური, ამას ხომ უნდა ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შედეგები? მე მგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს“, — აცხადებს კობახიძე.
მმართველი გუნდის ლიდერს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ შერიგების პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის შეფასების შემდეგ მათი პოლიტიკიდან წასვლით ხედავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „საჭიროა, შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება“.
„ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი ამ პროცესის თანაავტორები ხართ, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, — მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას.
ბურჯანაძემ და დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრა დროზე ადრე დატოვეს