ახალი ამბები

ბურჯანაძემ და დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრა დროზე ადრე დატოვეს

10 თებერვალი, 2022 • 2805
ბურჯანაძემ და დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრა დროზე ადრე დატოვეს

პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და „დროას“ წარმომადგენელმა ნინო დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვეს.

ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ეს არ არის დემარში და გამიჯვნა, თუმცა ფორმატში, რომელიც „წარსულის შეფასებისკენ წავიდა“, მისი ადგილი არ არის. ნინო ნურჯანაძის თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ჩააყანებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე და გაუზიარებდა მოსაზრებას, თუ რა გზას ხედავს კრიზისიდან გამოსასვლელად.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი და ამ მიმართულებით გეგმების დასახვა. პრეზიდენტისგან ეს მოლოდინი მაქვს. რაც კეთდება აქ, საინტერესოა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე რაც დავინახე, არის უფრო წარსულის შეფასება“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნომერ პირველი აქტუალობის.

„მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და, ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ახლა უნდა შეიქმნას, შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციის მიღებას, ამაში არ ჩავერთვები. მზად ვარ, ხელი მოვაწერო დეკლარაციას ან მოსაზრებას, რომელსაც ვეთანხმები. ამ ფორმატს წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ მე ჯერ ჩემს თავს ამაში ვერ ვხედავ“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

„ძირითადად ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს წარსულზე, რომ გავიაზროთ, საიდან მოდის ეს ეროვნული უთანხმოება და პოლარიზება. მე მგონია, რომ დღეს ასეთი თვისებრივი კვლევის და ასეთი ნელი პროცესების და ასეთი ფორმატის დრო არ გაქვს. ძალიან სწრაფად არის გადასაწყვეტი საკითხები, რომლებიც დღეს და ხვალ წყვეტს საქართველოს ბედს“, — განაცხადა პარტია „დროას“ წევრმა ნინო დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვას მართავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით.

შეხვედრაში მონაწილეობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესში საკუთარ ჩართულობას ხედავს იმ შემთხვევაში, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი