ახალი ამბები

პარლამენტმა ბიუჯეტის განხილვა II ეტაპიდან უნდა გააგრძელოს – “დემოკრატიის ინდექსი”

1 დეკემბერი, 2020 • 1010
პარლამენტმა ბიუჯეტის განხილვა II ეტაპიდან უნდა გააგრძელოს  – “დემოკრატიის ინდექსი”

“დემოკრატიის ინდექსი – საქართველო” საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასახული იქნება პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯები, ხოლო საქართველოს პარლამენტსმეორე ეტაპიდან განაახლოს ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა.

საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად, პარლამენტს დასამატკიცებელი აქვს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპის პროცედურები მეცხრე მოწვევის პარლამენტმა წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, რომელიც “დემოკრატიის ინდექსის” შეფასებით, ხარვეზებით მიმდინარეობდა.

“საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობას პარლამენტისთვის კვლავაც არ წარუდგენია ბიუჯეტის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ხარჯები. როგორც მთავრობამ ბიუჯეტის პროექტზე თანდართულ დოკუმენტებში მიუთითა, აღნიშნული ხარჯები ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ დასკვნით, მესამე ეტაპზე იქნება ასახული. მეორე ეტაპზე განსახილველად მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს გადამუშავებული ვარიანტი პირობითად შეიძლება ეწოდოს. მასში პარლამენტის მიერ გამოთქმული არცერთი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არ არის ასახული”, – ნათქვამია “დემოკრატიის ინდექსის” განცხადებაში.

“დემოკრატიის ინდექსის” შეფასებით, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც არ ითვალისწინებს საარჩევნო კონტექსტს, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი გუნდის უმოქმედობამ, შედეგად მოგვცა სიტუაცია, როდესაც პარლამენტმა გამოტოვა ბიუჯეტის პროექტის განხილვის მეორე ეტაპი.

“რეგლამენტით დადგენილი ვადების გასვლის მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტის მეორე ეტაპის განხილვა პარლამენტში არ გამართულა. მეორე ეტაპი, განსხვავებით საბოლოო მესამე ეტაპისგან, ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტის უფრო ყოვლისმომცველ განხილვას — პროექტის საჯარო განხილვას კომიტეტების სხდომებზე ფრაქციების მიერ და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას. შექმნილ ჩიხურ ვითარებაში, იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეცეს სრულყოფილი სახე, საჭიროა მთავრობამ პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც პარლამენტის რეკომენდაციებთან ერთად ასახული იქნება კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯებიც. ამის შემდეგ პარლამენტმა ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა უნდა გააგრძელოს არა დასკვნითი მესამე, არამედ მეორე ეტაპიდან. მესამე ეტაპი მხოლოდ ერთი — საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ პროექტის განხილვას და პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას ითვალისწინებს”, – აცხადებს “დემოკრატიის ინდექსისაქართველო”.

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღეში შეიკრიბება. ცესკოს არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 19 დეკემბერს აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი