საზოგადოება

კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

5 თებერვალი, 2022 •
კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს, რუსთავის სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომა 5 თებერვალს გაიმართა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. თავად კირკიტაძემ ფარსი უწოდა სასამართლო სხდომას და დარბაზი პროცესის დასრულებამდე დატოვა.

მისი სიტყვებით, აცნობიერებს, რომ “ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია, მოიპოვოს სამართალი”.

კირკიტაძისა და სხვათა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ 4 თებერვალს დაიწყო. საქმე ეხება გასული წლის 24 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე მცირე ხნით ადრე, ენმ-ის რუსთავის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.

მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჩადენილია ორი პირის მიმართ.

ინციდენტის დროს, რომლის გამოც პროკურატურა კირკიტაძეს ედავება, დაშავდნენ როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

პროკურატურის თანახმად, ენმ-ის ოფისთან პარტიის პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობდა, რა დროსაც ადგილზე ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ. უწყების თანახმად, იქ იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო ორი პირის მიმართ იძალადა.

თავად კირკიტაძის აცხადებდა, რომ ენმ-ის ოფისთან მისული “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მისი შტაბის წევრებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ოფისში ძალადობრივად შეჭრას შეეცადნენ.

კირკიტაძემ თავისი სასამართლო პროცესი დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი