საზოგადოება

ვის შეეხება დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამა

4 თებერვალი, 2022 • 3921
ვის შეეხება დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამა

საქართველოს მთავრობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია, გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს დაუსუბსიდირებს.

მთავრობის განცხადებით, სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, განხორციელდება ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება, 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა.

მთავრობის თქმით, სუბსიდირება ასევე განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში:

„სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით“, – აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არაუმეტეს 100 ლარისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი