ახალი ამბები

მცხეთაში დაზიანებული ხიდის შეკეთება მიმდინარე კვირას დასრულდება — გზების დეპარტამენტი

1 აპრილი, 2024 • 573
მცხეთაში დაზიანებული ხიდის შეკეთება მიმდინარე კვირას დასრულდება — გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გუშინ, 31 მარტს, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება:

„მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება) დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოების დასრულება, არ შეესაბამება სინამდვილეს“, — აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, გუშინ ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ეს ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, ლითონის მალის ნაშენზე დამონტაჟებულია რკინა-ბეტონის ფილები და მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი:

„შესაბამისად, პერიოდულად ზიანდება ფილა, რაც შემდგომ საჭიროებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას“, — ვკითხულობთ გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი