ახალი ამბები

სოც.აგენტები ხელფასების 100%-იან ზრდას ითხოვენ

19 ოქტომბერი, 2021 • 1200
სოც.აგენტები ხელფასების 100%-იან ზრდას ითხოვენ

„ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად ჩაატაროს მედიაციის პროცესი, რათა დაკმაყოფილდეს სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ  დაყენებული მინიმალური მოთხოვნები.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა კოლექტიური შრომითი დავა დაიწყეს.

„6 ლარი თითო საქმეში, ფიქსირებული 250 ლარი“

პლატფორმის ცნობით, მძიმე შრომითი პირობების პარალელურად, სოციალური აგენტები საუბრობენ არსებული სახელფასო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე და ხელფასების ზრდას მოითხოვენ:

„აგენტები, რომელთა საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და ქვეყანაში სიდუხჭრის გამოვლენას, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაცემის შესაძლებლობას იძლევა, დღეს თავად დგანან სოციალური კატასტროფის და უკიდურესი გაჭირვების წინაშე“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

უფლებადამცველების თანახმად, სოციალურ აგენტთა ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უტოლდება და ხშირად დამოკიდებულია ოჯახებში განხორციელებული შემოწმებების ოდენობაზე.

„პანდემიის პირობებში კი აღნიშნული ვიზიტების ოდენობამ მნიშნველოვნად იკლო. სოციალური აგენტის მიერ შესრულებული თითოეული საქმის ანაზღაურება, 2009 წლის იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და 6 ლარს შეადგენს. უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებულ ანაზღაურებას-550 ლარი, ხოლო სოციალური აგენტების ფიქსირებულ ხელფასს  250 ლარი წარმოადგენს“.

როგორც შრომის პლატფორმის განცხადებაში წერია, 2021 წლის 23 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს 246-მა თანამშრომელმა დამსაქმებელის მიმართ 11 -პუნქტიანი მოთხოვნა წარადგინა და კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო.

მედიაციის პროცესში მათ ინტერესებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი-სოლიდარობის ქსელი წარმოადგენს, რომელიც შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციაა.

დასაქმებულები ხელფასების 100%-ით ზრდას ითხოვენ: თითო საქმეში – 6 ლარის ნაცვლად 12 ლარს, ხოლო 250 და 550 ლარის ნაცვლად, 500 და 1100 ლარს.

განცხადების თანახმადვე, დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნა უკავშირდება კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების დადებას, არსებული სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას, გაწეული მომსახურების ტარიფებისა და ანაზღაურების გაზრდას.

„ამასთან, სააგენტოს თანამშრომლები დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე) არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას მოითხოვენ“, – წერია განცხადებაში.

სხვა საკითხები

შრომის პლატფორმა წერს, რომ დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების სოციალური აგენტების, უფროსი სოციალური აგენტების, სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტების შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა, ხოლო მათი საქმიანობა მოწყვლადი და დაურეგულირებელია.

„სააგენტოს თანამშრომლები დიდი ხანია საუბრობენ უმძიმეს სამუშაო პირობებზე და არარსებულ, დაუცველ შრომით უფლებებზე. სამწუხაროდ, ქვეყნის შრომითი პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი უწყება შრომის სამინისტრო თავად ვერ უზრუნველყოფს, მის სისტემაში შემავალ ორგანოში დასაქმებულთათვის შრომითი კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვას და დასაქმებულებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სახელმწიფო მხარდამჭერ მთავარ რგოლს უნდა წარმოადგენდნენ, მსგავსი უსამართლო შრომითი პოლიტიკით თავად ხდის მოწყვლადს. სოციალურ სააგენტოს თანამშრომლებს ასევე უდიდესი როლი უჭირავთ ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის დროული იდენტიფიცირებისა და რეფერირების კუთხით. ისინი თითოეულ ბავშვიან ოჯახში ავსებენ სპეციალურ ფორმას და აკეთებენ ძალადობისა თუ უგულებელყოფის გამოკვლევას. შესაბამისად, მათი შრომის პირობების დაცვა და გაუმჯობესება, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემისთვის მყარი საფუძველია“, – წერია ორგანიზაციების მიერ 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პლატფორმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს:

  • „უზრუნველყოს სამართლიანი მედიაციის პროცესის ჩატარება;
  • აღიაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური პრობლემები, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის მასობრივი ხასიათი;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება მათთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით“.

ინსპექტირების შედეგები

პლატფორმის ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული მძიმე შრომითი პირობები მიმდინარე წლის ივნისში შრომის ინსპექციამ შეამოწმა, რამაც სააგენტოში არსებული შრომითი დარღვევები და სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებისა და პირობების გაუმჯობესების საჭიროება გამოაჩინა:

ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების უკანონო პრაქტიკა:

„სოციალური აგენტების შრომითი ხელშეკრულებები კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კონკრეტული ვადით ფორმდება, რაც ერთთვიან და ყოველი თვის შემდეგ კვლავ 1 თვით გახანგრძლივებულ შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს, როცა საქართველოს შრომის კოდექსი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას მხოლოდ კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს“.

სამუშაო აღწერილობის არარსებობა:

„შრომით ხელშეკრულებებში, როგორც წესი, არ არსებობს სოციალური აგენტების სამუშაო აღწერილობა. შესასრულებელი სამუშაოს სახე, მოცულობა და აღწერილობა შრომითი ურთიერღთობის ერთ-ერთ ფუნდამენტურად განსაზღვრულ საფუძველს წარმოადგენს. წინასწარ დადგენილი სამუშაო აღწერილობის გარეშე, დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის უკიდურესად რთული ხდება მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს იდენტიფიცირება“.

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება:

„შრომითი ხელშეკრულებები არ მოიცავს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს. შრომითი კანონმდებლობა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვალდებულებას დამსაქმებელს აკისრებს და მიუხედავად იმისა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური განაკვეთი კანონმდებლობით რეგულირებული კვლავ არ არის, დამსაქმებელი ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს მისთვისა და დასაქმებულისთვის ასეთი განაკვეთის მოცულობა და უზრუნველყოს დასაქმებულის ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება“.

შვებულების უფლების შეზღუდვა:

„სოციალური აგენტებისთვის პრობლემურია როგორც ანაზღაურებადი, ასევე არაანაზღაურებადი შვებულების საკითხი. შრომითი ხელშეკრულებები შვებულებების ვადის, მისი მიცემის წესისა და ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციას არ მოიცავს“.


ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“.

გარეკანის ფოტო: სოლიდარობის ქსელი

მასალების გადაბეჭდვის წესი