საზოგადოება

რუსეთს სურს, უკრაინასა და საქართველოს უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალზე – კოლომინა

13 დეკემბერი, 2021 • 777
რუსეთს სურს, უკრაინასა და საქართველოს უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალზე – კოლომინა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის ერთგული რჩება.

მისი თქმით, რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

„როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ“, – წერს კოლომინა ტვიტერზე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოსთან დაკავშირებით 10 დეკემბერს მიმართვა გაავრცელა და აშშ-სგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.

ამ მიმართვაში რუსეთი  მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 დეკემბერს განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეოს განცხადებას და მას „მიუღებელი“ უწოდა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი