საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია “აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები”, გაუქმებას.
„2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყება განმარეტავს, რომ ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე და აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.
„აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან ითხოვს, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოსთან დაკავშირებით მიმართვა დღეს, 10 დეკემბერს გაავრცელა. ის საკუთარ პირობებს აყენებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.
რუსეთი ამ მიმართვაში მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.
რუსეთი კიევს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ის დონბასში ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება.
გარდა იმისა, რომ რუსეთი ნატოსგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, მას აქვს სხვა მოთხოვნებით.
რუსეთი ითხოვს:
- აშშ-სგან და ნატოსგან იურიდიულ გარანტიას, რათა არ განათავსონ თავდასხმის იარაღები რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები;
- ოპერაციული წვრთნების ტერიტორია გადავიდეს რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე;
- სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილის კოორდინაცია სახიფათო სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში;
- თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლება რუსეთ-აშშ-ისა და რუსეთ-ნატოს ხაზით;
რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს დიალოგი მის მიერ წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.
რუსეთი ითხოვს, ნატომ უკან წაიღოს დაპირება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრებაზე