საზოგადოება

“ითქვა, რომ დამთავრდა თამაში” — რა მოიტანა ბაიდენ-პუტინის შეხვედრამ

8 დეკემბერი, 2021 • 3474
“ითქვა, რომ დამთავრდა თამაში” — რა მოიტანა ბაიდენ-პუტინის შეხვედრამ

პუტინმა მიიღო მკაფიო პასუხი კითხვაზე, რას მოიმოქმედებს დასავლეთი უკრაინის მიმართ მოსკოვის ღია აგრესიის შემთხვევაში — ანალიტიკოსთა აზრით, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ეს არის აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დისტანციური შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო შედეგი.

ნეტგაზეთი შეეცადა გაეანალიზებინა, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ბაიდენი-პუტინის შეხვედრას უკრაინისთვის, შემცირდა თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შანსები და ამ პროცესებს როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე.

“აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ დამთავრდა თამაში”

აშშ-ისა და რუსეთის პოზიციები 7 დეკემბრის შეხვედრამდეც ნათელი იყო: ვაშინგტონი შეშფოთებით საუბრობდა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მკვეთრ მობილიზებაზე. ის, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების მზადყოფნას გამოთქვამდა მოსკოვის მხრიდან კიევისადმი აგრესიის შემთხვევაში.

მეორე მხრივ, რუსეთი უარყოფდა უკრაინაზე თავდასხმის განზრახვას და ითხოვდა იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო არ გადაკვეთდა “წითელ ხაზებს” ალიანსში უკრაინის მიღებით. ამასთან, მას სურდა გარანტიები, რომ უკრაინა არ შეეცდება რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონბასზე კონტროლის დამყარებას.

ყოველივე ეს, თეთრი სახლისა და კრემლის მიერ გავრცელებული პრესრელიზების თანახმად, პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზეც ითქვა. თუმცა ის, რაც სპეციალისტების ყურადღებას იქცევს, არის ბაიდენის მიერ უმაღლესი დონის შეხვედრის ფარგლებში დადასტურება იმისა, რომ დასავლეთი არ შეეგუება უკრაინისადმი მოსკოვის აგრესიას.

ბაიდენისა და პუტინის დისტანციური შეხვედრა. 07.12.21 ფოტო: REUTERS

“ამერიკულმა მხარემ შეგნებულად არ გაავრცელა სანქციების პაკეტის დეტალები, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას აშშ-ის მხრიდან, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ აშშ-ს ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, შეთანხმებული აქვს ევროპელ პარტნიორებთან.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინს უმაღლეს დონეზე, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ეთქვა, რომ დამთავრდა თამაში, ჩვენ აღარ ვთამაშობთ, მთელი სერიოზულობით გაფრთხილებთ, რომ გადავდგამთ ამა და ამ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია უკრაინაში”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” შოთა ღვინერია, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის” უფროსი მკვლევარი.

გარდა ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციისა, ღვინერია ყურადღებას ამახვილებს ამერიკულ მედიაში სანქციების პაკეტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ უფრო კონკრეტულ ცნობებზეც.

აღნიშნულის თანახმად, საუბარია რუსეთის შესაძლო გამოთიშვაზე მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოებიდან და “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” შეჩერებაზე — გაზსადენისა, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა.

შოთა ღვინერია 

“მიუხედავად იმისა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” არქიტექტურული ნაწილი დამთავრებულია, მასში გაზი ჯერ გაზი არ არის…

სანამ ეს გაზი იქ ჩაშვებული ჯერ არ არის, ეს ცარიელი მილი ევროპის ხელშია ბერკეტი, რათა მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა და უთხრას, რომ თქვენ თუ გინდათ, შეავსოთ ეს გაზსადენი თქვენი გაზით და დამატებითი შემოსავლები მოიპოვოთ, მაშინ ასე და ასე უნდა მოიქცეთ.

აქ საუბარია იმაზე, რომ რასაც რუსეთი აქამდე აკეთებდა, ფაქტობრივად, დაუსჯელად, მინიმალური ფასის გადახდით, ახლა დაუჯდება ძალიან ძვირი”, — დასძენს შოთა ღვინერია.

ამერიკული მედია არაერთგზის ციტირებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განაცხადებს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ:

“მზად ვართ, ახლა გავაკეთოთ ის, რაც 2014 წელს არ გაგვიკეთებია”.

სალივანმა ამ ფორმით მიანიშნა დასავლეთის რეაქციაზე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, არ იყო საკმარისი და ადეკვატური მოსკოვის ღია აგრესიის ფონზე.

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრამდე, ორშაბათს, თეთრმა სახლმა თქვა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა საერთო სტრატეგია შეიმუშავეს, რათა რუსეთის ეკონომიკას “სერიოზული და მძიმე ზიანი მიაყენონ” იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი კიევის წინააღმდეგ აგრესიაზე წავა.

“რუსეთი გარკვეულწილად ტესტავს დასავლეთის მზადყოფნას”

მკაცრი სანქციებისთვის დასავლეთის გაცხადებული მზადყოფნის მნიშვნელობას”რონდელის ცენტრის” მკვლევარი და უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილიც უსვამს ხაზს.

მას მიაჩნია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზებით მოსკოვმა დასავლეთის რეაქცია გამოცადა.

“რუსეთს [უკრაინის წინააღმდეგ] უკვე აქვს ამოქმედებული ყველანაირი იარაღი პირდაპირი შეჭრის გარდა. თავისი ტრადიციული არსენალისა და ინსტრუმენტების ერთობლიობით რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი ამოცანის შესრულებას.

ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ის, რომ დაიწყო ფიქრი პირდაპირ აგრესიულ შეჭრაზე და, ვფიქრობ, რუსეთი გარკვეულწილად ტესტავს დასავლეთის მზადყოფნას, აანალიზებს, როგორ დაუპირისპირდება, რა ხარისხით, აამოქმედებს თუ არა ე.წ. ჯოჯოხეთურ სანქციებს მის წინააღმდეგ.

თუ დარწმუნდა იმაში, რომ ეს ნამდვილად არის გარდაუვალი რეალობა — და ვფიქრობ, გუშინდელი საუბრის შემდეგ პუტინი კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში —  ვფიქრობ, ეს ცივი შხაპი იქნება რუსეთისთვის; უფრო მეტად დაფიქრდება იმ სავალალო შედეგებზე, რაც შეიძლება დადგეს ამ აგრესიის შედეგად”, — დასძენს ჩეჩელაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი, ფოტო: GFSIS-ის ფეისბუქ-გვერდიდან

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ უკრაინისადმი ღია აგრესიის იდეა რუსეთისთვის მხოლოდ დასავლეთის სანქციების გამო არ არის პრობლემური: ვალერი ჩეჩელაშვილი ხაზს უსვამს, დასავლელი პარტნიორების ლოჯისტიკური და სხვა სახის დახმარების ფონზე, უკრაინის არმია “მნიშვნელოვნად განსხვავებულ ხარისხობრივ მდგომარეობაშია” 2014 წელთან შედარებით.

ის ახსენებს აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტსაც, რომელიც უკრაინისთვის $300-მილიონიან სამხედრო დახმარებას მოიცავს:

“ეს სერიოზული ფაქტორია. [ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის] “ჯაველინის” წინააღმდეგ ვერანაირი რუსული ტანკი 3 წუთზე მეტს ვერ გაძლებს ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, რუსეთში სამხედრო ანალიტიკოსები  კარგად აანალიზებენ აღნიშნულს.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ დღეს უკრაინის საზოგადოება გაცილებით კონსოლიდირებულია… ეს წინაპირობაა იმისა, რომ, ჩემი აზრით, თავს ავარიდებთ ამ კონფლიქტს. თუმცა, რა იხარშება კრემლის ბინადრების თავში, ეს რთულად საპროგნოზოა”.

რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომის პერსპექტივას შოთა ღვინერიაც სკეპტიკურად უყურებს. უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მიზეზებზე დაზუსტებით საუბარი უჭირს, თუმცა, ვალერი ჩეჩელაშვილის მსგავსად, დასძენს, რომ მოსკოვი ამ პროცესში დასავლეთის რეაქციას აკვირდება:

“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესშია იმაზე დაყრდნობით, რაც მოისმინა ბაიდენისგან, რა სადაზვერვო ინფორმაციებიც მოსდის ევროპული დედაქალაქებიდან და ა.შ.

მას მომზადებული აქვს ყველა წინაპირობა სამხედრო ოპერაციის დასაწყებად და ამ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს თუ არა, გადაწყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორ შეფასდება დასავლეთის შესაძლო პასუხი”.

ბაიდენისა და პუტინის დისტანციური შეხვედრა. 07.12.21 ფოტო: MIKHAEL METZEL / SPUTNIK / KREML

მკვლევარი არ ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით გავლებული “წითელი ხაზები” მოსკოვის რეალური სტრატეგიაა, მარტივი მიზეზის გამო:

“ის, რომ ნატოს არგაფართოების შესახებ ვიღაცამ პუტინს იურიდიული გარანტიები მისცეს, არის გამორიცხული. ამას დიდი სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსობა არ სჭირდება.

არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. ეს უფრო ნარატივი და პიარის ხრიკია ისევ, ალბათ, შიდა მოხმარებისთვის და რუსულენოვან სამყაროში პუტინის იმიჯის გამყარებისთვის.

…ყველას ესმის, რომ შეუძლებელია, ნატოსგან ასეთი გარანტია არსებობდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ალიანსის ძირეულ პრინციპს, რომელიც არის ღია კარის პოლიტიკა”.

რა მოხდება შემდეგ — დეესკალაციის პერსპექტივა

რთული სათქმელია, როგორ იმოქმედებს ან იმოქმედებს თუ არა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე.

რუსეთი თავისი სამხედრო ძალების განლაგებასა და მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და ცალსახად უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

საპირისპიროს ამბობენ უკრაინასა და დასავლეთში: კიევის თანახმად, საზღვრებთან 94 000 სამხედროა მობილიზებული ჯავშანტექნიკასთან ერთად და მობილიზაცია შეინიშნება პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასშიც.

პრეზიდენტების შეხვედრამდე ამერიკული მედია იუწყებოდა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების გამოთვლებზეც, რომელთა თანახმადაც რუსეთ-უკრაინის საზღვართან მოსკოვი 175 000 სამხედროს თავმოყრას გეგმავდა.

როგორც კიევში, ისე ვაშინგტონში ვარაუდობდნენ, რომ უკრაინისადმი რუსეთის აგრესია მომავალი წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი.

რა მოხდება ახლა? ვალერი ჩეჩელაშვილს მიაჩნია, რომ 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებული ხიფათი “გარკვეული პერიოდით გადაიდო”.

“გარკვეული პერიოდი ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, ზაფხულამდე, რადგან კლიმატური პირობების გათვალისწინებით ეს ავანტიურა საერთოდ აზრს გარგავს გაზაფხულის პირობებში. შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დაკვირვება უნდა”, — დასძენს ის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ფრონტის ხაზზე. 02.12.21 ფოტო: PRESIDENTIAL PRESS SERVICE HANDO

საპასუხოდ კითხვისა, ელის თუ არა რომელიმე მხრიდან კომპრომისს, ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნულის მოლოდინი აქვს, “მანევრის ველი” კი ბაიდენის შემთხვევაში უფრო ფართოა, ვიდრე პუტინისა.

“ნუ დავივიწყებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკის თითქმის მეოთხედი, ანუ 23 ტრლნ დოლარი მოდის აშშ-ზე და რუსეთის ეკონომიკა არის მხოლოდ 1.7 ტრლნ დოლარი, რაც დაახლოებით სამხრეთ კორეისა და ესპანეთის დონეა.

რუსეთი დახუნძლულია როგორც შიდა, ისე საგარეო პრობლემებით. მთელი ცივილიზებული სამყარო არის დაპირისპირებული მასთან.. ამიტომ მას გაცილებით მეტად სჭირდება ეს კომპრომისი, ვიდრე აშშ-ს”, — აღნიშნავს ის.

შოთა ღვინერიას თქმით, შეხვედრამ აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემის მიმართ მხარეთა აღქმები აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც “ძალიან გაართულებს” პოზიციების დაახლოებას.

ღვინერია დეესკალაციის ნიშნებს, ამ ეტაპზე არსებული სურათით, ვერ ხედავს, თუმცა დასძენს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა “სხვა ეტაპზე გადავიდა” და რუსეთისთვის ეს ნათელი უნდა იყოს.

“[რუსეთი] არ არის იმ სიძლიერის აქტორი და არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ დასავლეთისგან სრულიად იზოლირებულად მოახერხოს ცხოვრების გაგრძელება.

რუსეთს ძალიან სჭირდება დასავლეთი, მასთან ურთიერთობები და ის პაკეტი, რომელზეც ახლა არის საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, პუტინისთვის იქნება პირდაპირი ბიძგი, რომ უკრაინის საზღვრებთან მოხდეს დეესკალაცია”.

პრორუსი შეიარაღებულები დონეცკის ოლქში, სამხედრო წვრთნისას. 28.01.2020 ფოტო: EPA

ღვინერიას ხედვით, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსული სამხედრო ძალები, როგორც “ზეწოლის ბერკეტი უკრაინასა და დასავლეთზე”, უკრაინის საზღვართან დარჩებიან, შემდეგ კი, “სავარაუდოდ, დაბრუნდებიან თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე”.

“ის, თუ რამდენად შეძლებს დასავლეთი, დაარწმუნოს რუსეთი, რომ მზადაა სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად უკრაინის დასაცავად, ეს განაპირობებს შემდეგ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია და აბსოლუტურად სპეკულაციური იქნება ჩემი მხრიდან რაიმე სცენარზე ფსონის დადება”.

გავლენა საქართველოზე

“ნეტგაზეთის” არცერთი რესპონდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ უკრაინაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას საქართველოსთვის.

მათი აზრით, საქართველოს მომავალი, განსაკუთრებით ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების ჭრილში, მჭიდრო კავშირშია იმასთან, თუ რით დასრულდება დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან.

“ნუ გვეგონება საქართველოში, რომ ეს არის სადღაც შორს, ხდება უკრაინის თავს და სირაქლემური პოზიციით შეიძლება დივიდენდები მოვიპოვოთ და რომ ეს ქარიშხალი არ გადაგვივლის. თუ რუსეთმა მიაღწია თავის პოლიტიკურ გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ შემდეგი ვიქნებით ჩვენ”, — დასძენს ვალერი ჩეჩელაშვილი.

შოთა ღვინერიას სიტყვებით კი, “თუ რუსეთი შეძლებს უკრაინაში თავისი ამოცანების მიღწევას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველო და მთლიანად შავი ზღვის რეგიონი ექცევა რუსეთის გავლენის სფეროში, მიუხედავად იმისა, აქ ჩვენ რა გვინდა და რას გავაკეთებთ”.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 12.04.21 ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

“უკრაინაზე დღეს გადის მთელი რეგიონის სტაბილურობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დასავლეთთან ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების წინა ხაზი.

ფაქტობრივად, უკრაინას როცა ვამბობთ, ესაა კრებითი სახე მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისა”, — აღნიშნავს ის.

მკვლევრის სიტყვებით, ამჟამინდელ მოლაპარაკებებზე საქართველოს ბედიც წყდება, თუმცა ქვეყნის საკითხი არსად ჩანს. მისი აზრით, ეს “საქართველოს დღევანდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკის” შედეგია, ეს პოლიტიკა კი “რუსეთის არგაღიზიანების” მცდელობაში მდგომარეობს.

“…რაც უფრო ნაკლები იქნება დასავლეთის ყურადღება საქართველოსკენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა რუსეთს იმისთვის, რომ გაზარდოს თავისი გავლენები და მიაღწიოს თავის ამოცანებს საქართველოსთან მიმართებაში”, — დასძენს ღვინერია.

დაძაბულობის წინაისტორია მოკლედ

ოფიციალური მონაცემებით, 14 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს, პრორუსი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს.

მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები 2015 წელს ევროპული ქვეყნების შუამავლობით ბელარუსის დედაქალაქში მიღწეული შეთანხმებით შეწყდა, თუმცა ხანგრძლივი პოლიტიკური სტაბილურობა რეგიონში არასდროს დამყარებულა.

აღმოსავლეთით მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დიდ ნაწილს უკრაინა ახლაც ვერ აკონტროლებს.

კიევი, თავისი დასავლელი პარტნიორების მსგავსად, წლებია, აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს გაგზავნილი, რასაც მოსკოვი უარყოფს.

დაძაბულობის უკანასკნელი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა კონფლიქტის ზონაში გახშირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები. აღნიშნულს თან ერთოდა კიევის განცხადებები, რომელთა თანახმადაც რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრის გასწვრივ ათავსებდა, ეს კი ახალი ომის საფრთხედ აღიქმებოდა კიევსა და დასავლეთში.

დაძაბულობამ იკლო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა თავისი ძალები საზღვრიდან გაიწვია, თუმცა, ზემოხსენებული პროცესებიდან ჩანს, რომ მეტ-ნაკლები სიმშვიდე დროებითი აღმოჩნდა.

რუსეთი-უკრაინა და აშშ-ის “მკაცრი ზომები”: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა

მასალების გადაბეჭდვის წესი