საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველების და ოსების დაკეტილი სახლები – ზარდიაანთკარი [video]

1 დეკემბერი, 2021 • 2033
ქართველების და ოსების დაკეტილი სახლები – ზარდიაანთკარი [video]

„იმ სახლში შესვლა აკრძალული და საშიში იყო. იქ შუქიც არ ჰქონდა. სახლიც ისეთ ადგილას იდგა, რომ მავთულხლართებშია გახვეული. საშიშია, რომ იქ დაეძინა”, – ასე აღწერს “ნეტგაზეთთან” საუბარში ნაირა გუდაძე (ბესტაევი) სახლს, სადაც მისი ძმა გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა დააკავეს და ცხინვალში წაიყვანეს.  “თქვენც კარგად იცით, რაც მოხდა, მოკლეს და გადმოაგდეს აქეთ“, – დასძენს ის. 

გენადი ბესტაევი ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია და თბილისში ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობს. რა ხდება იმ სოფელში, სადაც ბესტაევის სახლია? 

სოფელი 2008 წლის მერე  ორადაა გაყოფილი და პრაქტიკულად დაცლილია. წარსულში ზარდიაანთკარი შერეული, ოსური და ქართული სოფელი იყო, მაგრამ 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიცალა და ახლა მხოლოდ სოფლის დასაწყისში ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი.

„სოფელი ყველამ დატოვა. ოსები ცხინვალში წავიდნენ, ქართველები -გორსა და თბილისში“, – ეუბნება ნეტგაზეთს ნაირა გუდაძე (ბესტაევი).

ზარდიაანთკარში მოხვედრა სოფელ მერეთის გავლითაა შესაძლებელი. სოფლის დასაწყისში ორი ქართული საგუშაგოა, მანამდე კი ერთი საგუშაგო თავად მერეთის შესასვლელშიცაა.

მერეთში ქართველმა სამართალდამცავებმა საბუთები შეგვიმოწმეს და სოფელში გადასაადგილებლად გამოგვყვნენ. საგუშაგოზე ადგილობრივებს ადვილად სცნობენ და შესამოწმებლად არავინ აჩერებს, მაგრამ უცხოები აუცილებლად უნდა გაჩერდნენ და კონტროლი გაიარონ.

პოლიციის მანქანა გვაცილებს სოფელ ზარდიაანთკარისკენ

არც მერეთისა და არც ზარდიაანთკარის საგუშაგოებზე ფოტო და ვიდეოგადაღება არ შეიძლება.

ზარდიაანთკარის შუაში, ქართული საგუშაგოდან დაახლოებით 150 მეტრში, რუსული საგუშაგოა მოწყობილი. აქ გამყოფი ხაზი უშუალოდ სახლებზე და მსხლისა და ვაშლის ბაღებზე გადის.

რუსული საგუშაგო სოფელ ზარდიაანთკარში 

სოფლის დიდი ნაწილი ქართულ და რუსულ საგუშაოგებს შორის ბუფერული ზონის ფუნქციას ასრულებს. რუსულ მხარეს ელექტროენერგიის ბოძებზე სათვალთვალო კამერები უყენია.

გენადი ბესტაევის სახლიც უშუალოდ გამყოფ ხაზზე მდებარეობს. ერთი მხრიდან მას ქართველი სამართალდამცავები აკონტროლებენ, მეორე მხრიდან კი – რუსი ჯარისკაცები.

ეზოში უკვე მოუვლელი და დახავსებული მსხლის, ვაშლის, კაკლისა და ქლიავის ხეები დგას. სახლის ფანჯრების ნაწილს შუშები არ აქვს. სახლამდე მიდის ბუნებრივი აირის მილი, თუმცა ელექტროენერგია – არა.

გენადი ბესტაევის სახლი სოფელ ზარდიაანთკარში

ბესტაევების სახლის ირგვლივ თითქმის ყველა სახლი დაკეტილი ან მიტოვებულია. სახლების ნაწილს ბოქლომი ადევს, ნაწილის შესასვლელში კი მაღალი ბალახი და ზოგ შემთხვევაში, ეკალ-ბარდია ამოსული, რაც მიანიშნებს, რომ ამ სახლში დიდი ხანია აღარავინ ყოფილა.

ერთ-ერთი სახლის ჭიშკარი სოფელ ზარდიაანთკარში

სოფლიდან დაახლოებით 500 მეტრში მოჩანს ცხინვალი-ახალგორის გზა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ააშენეს.

ადგილობრივების განცხადებით, კონფლიქტამდე სოფელში ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ნაწილი ცხინვალში, ნაწილი კი გორსა და თბილისში წავიდა, სოფელი კი დაიცალა.

„მანამდე ჩვეულებრივ, კარგად ვცხოვრობდით. მე დედით ქართველი ვარ. ჩემი შვილებიც ქართველები არიან. მეზობლები ოსები გვყავდა და ერთმანეთში ისე კარგად ვიყავით, რომ ჭირსაც და ლხინსაც ერთად ვიზიარებდით, მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი გამძაფრდა და გაუარესდა. ახლა მე თვითონაც მეშინია იქ მისვლა, არადა გორის რაიონს ეკუთვნის მთელი სოფელი, მაგრამ შენს სახლში შესვლის გეშინია.

ოჯახი არ არსებობს, რომ ოსის ოჯახში ქართველი და ქართველის ოჯახში ოსი არ ყოფილიყო. ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგი განწყობა გვქონდა, მაგრამ ომმა უარესად აგვრია და ერთმანეთი შეგვაძულა.

ერთმანეთი დავხოცეთ. ამით რა ისარგებლეს?! – არაფერი. ერთმანეთის შუღლი არავის კარგს არ მოუტანს. უნდა დაწყნარდნენ და დატკბნენ ერთმანეთში. ღმერთმა იმისთვის ხომ არ გააჩინა ეს ხალხი, რომ ერთმანეთი დახოცონ. ჩვენ დავიხოცებით და აი, ის მიწები ისევ ისე იქნება.

სუყველას ვთხოვ, რომ შერიგდნენ, საკმარისია, რაც ხალხმა გადაიტანა. საკმარისია უკვე, ნურავის ცოდვაში ნუ ჩადგებიან. გენადის ცოდვაშიც ნუ ჩადგებიან, მოკლეს და გადმოაგდეს. მე ამას ვიტყვი, თუ ესმით და გაიგებენ ჩემს სატკივარს“, – უთხრა ნაირა გუდაძემ ნეტგაზეთს.


გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალებმა საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2021 წლის 16 ნოემბერს, საპყრობილეში ინსულტის მიღებისა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო, იგი ცხინვალიდან თბილისში გადმოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი