საზოგადოება

“სტაბილურია” თუ “რისკის შემცველია” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

16 ნოემბერი, 2021 •
“სტაბილურია” თუ “რისკის შემცველია” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დღეს, 16 ნოემბერს, მიხეილს სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებული ექსპრეზიდენტის დასწრების გარეშე გაიმართა. ერთი მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე მხრივ კი, საჯარო ბრიფინგებსა თუ ციხის ექიმების ვიდეომიმართვებში ირწმუნება, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაა ხდება?

ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ არ ხდება მსჯავრდებულის სურვილის მიუხედავად მისი სასამართლოში მიყვანა, პენიტენციური სამსახური ასახელებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი და სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

14 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა. ამჯერად, გლდანის მე-18 დაწესებულების მთავარი ექიმი, მანანა ელეფტეროვა აცხადებდა, რომ  სააკაშვილი იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, ელეფტეროვა აღნიშნავდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი არც 15 ნოემბერს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების საქმეზე გამართულ სხდომას დაასწრეს. წინა პროცესის მსგავსად, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად კვლავ განაცხადა, რომ „სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

მორიგი განცხადება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 16 ნოემბერს გაავრცელა. უწყების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ჩიდრაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, სააკაშვილის პროცესი კვლავ მისი დასწრების გარეშე გაიმართა.

მეორე მიზეზი, რომელსაც პენიტენციური სამსახური რეგულარულად ასახელებს სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის საფუძვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაა. კერძოდ, პენიტენციური სამსახური ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, რომლის ვერსიითაც, სააკაშვილის ციხიდან გაყვანის შემთხვევაში, თითქოს ოპოზიცია პროცესისთვის ხელის შეშლას გზის გადაკეტვით შეეცდება.

აღნიშნული განცხადება სუს-მა 29 ოქტომბერს გააკეთა, თუმცა ამ დრომდე აღნიშნულ საქმეზე არავინ დაუკავებიათ. 30 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება პრევენციული იყო და შესაძლოა ამ საქმეზე არც არავის დაკავება არ მოხდეს.

“ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია”

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პენიტენციურის განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავად აფასებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ექსპრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანა, ამისთვის კი, ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურ სამსახურს მიზეზების მოგონება უწევს:

„ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანაა, არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში და, შესაბამისად, ამ ამოცანის შესასრულებლად მათ სჭირდებათ გარკვეული მიზეზების მოგონება. ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებენ. ერთი მხრივ, გვიმტკიცებენ, რომ სააკაშვილი არის გადასარევად ბრიფინგებსა და სატელევიზიო კომენტარებში, სასამართლოსთვის მიმართულ წერილში კი ვკითხულობთ, რომ არსებობს რისკები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“ ,- ამბობს საძაგლიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ადვოკატის თქმით, აქაც უწყება მანიპულირებს და აცხადებს, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა კი არ აქვს, არამედ ტრანსპორტირების შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ამის დასამტკიცებლად კი, საძაგლიშვილის თქმით, სასამართლოსთვის პენიტენციურიდან გაგზავნილ მიმართვებს თან არ ახლავს ექიმის დასკვნები:

„აქაც გარკვეულწილად „ეშმაკობენ“ იმ თვალსაზრისით, რომ ამ წერილში წერენ, ჯანმრთელობის პრობლემები კი არ აქვს, თუ მოხდება ტრანსპორტირება, ამან შეიძლება შექმნას რისკები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ არ გვინახავს არცერთ მომართვაზე პენიტენციური სამსახურის მხრიდან სათანადო დოკუმენტი წარმოდგენილი.

კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირი ვერ ცხადდება სასამართლოში, აუცილებელია ექიმის დასკვნა. არც ერთხელ არ ყოფილა მსგავსი დოკუმენტი წარმოდგენილი და, სამწუხაროდ, არც სასამართლოს ჰქონია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, საკუთარ ტყუილებში იხლართებიან პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო“, – ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.

დიტო საძაგლიშვილი განმარტავს, რომ სააკაშვილის ადვოკატები, ბუნებრივია, არ ამტკიცებენ სასამართლო პროცესებზე, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალურია და ეს არგუმენტი სასამართლოზე გათვალისწინებული არ იქნას. საძაგლიშვილის თქმით, ადვოკატების პოზიციაა, რომ პენიტენციურის აღნიშნული რწმუნება სათანადო დოკუმენტებით არაა გამყარებული:

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესები არ ჩაეტარებინა იქამდე, ვიდრე მისი შიმშილობა არ მიაღწევდა ფაზას, როცა შესაძლოა მისთვის ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც პრობლემური იყოს სხდომაზე დასწრება“ ,- ამბობს საძაგლიშვილი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულ “წინააღმდეგობრივ” განცხადებებთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა და ითხოვა კომენტარი ან უფლებამოსილ პირთან გასაუბრება. უწყებაში გვითხრეს, რომ დამატებით ვერაფერს გვეტყვიან და მოგვიწოდეს, სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით გიორგი ჩიდრაშვილის დღევანდელი ბრიფინგით ვიხელმძღვანელოთ.

სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – პენიტენციური

მასალების გადაბეჭდვის წესი