ახალი ამბები

სუსი: ციხის კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანისთვის ხელის შეშლას გეგმავენ

29 ოქტომბერი, 2021 • 1637
სუსი: ციხის კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანისთვის ხელის შეშლას გეგმავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაიწყეს გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული დაწესებულების გზების სხვადასხვა საშუალებებით ბლოკირებას ითვალისწინებს.

მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებებით გამოიწვიონ ქაოსი, უკონტროლო სიტუაცია და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდადებულ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეს მსჯავრდადებული სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა პენიტენციურ სამსახურს“, – აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის განცხადებით, საქმის ფიგურანტებმა უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვეს და ისინი სასამართლოში გამოიკითხებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით დაიწყო:

„აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას. გამოძიება მიმდინარეობს 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეში დევს ფარული ჩანაწერები, რომლის ქრონომეტრაჟიც 2 საათია და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი