სამართალი

სააკაშვილს თავისივე პროცესზე დასწრების საშუალებას ისევ არ აძლევენ

15 ნოემბერი, 2021 • 896
სააკაშვილს თავისივე პროცესზე დასწრების საშუალებას ისევ არ აძლევენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უკვე 46-ე დღეა შიმშილობს, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას ისევ არ აძლევენ. ამის შესახებ განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 15 ნოემბერს გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა პროცესზე დასწრების მზაობა გამოთქვა, პენიტენციური სამსახური დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის არმიყვანის საბაბად იმავე არგუმენტებს იშველიებს, რაც 10 ნოემბერს მოიშველია. კერძოდ, პენიტენციური სამსახური ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, რომლის ვერსიითაც, სააკაშვილის ციხიდან გაყვანის შემთხვევაში, თითქოს ოპოზიცია პროცესისთვის ხელის შეშლას გზის გადაკეტვით შეეცდება.

კიდევ ერთი საბაბი, რომელსაც პენიტენციური სამსახური ასახელებს, მათი მხრიდან სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეხება. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი