ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – პენიტენციური

16 ნოემბერი, 2021 • 926
სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – პენიტენციური

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

უწყების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები სააკაშვილს ნორმის ფარგლებში აქვს:

„პაციენტი იმყოფება მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიცაა არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები.

მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღესდღეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება. ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. კონკრეტიზაციას ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ეს პაციენტის პერსონალური მონაცემია“ ,- აცხადებს გიორგი ჩიდრაშვილი.

დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო ფართო მეთვალყურეობის ქვეშაა.

ბრეგაძის სიტყვებით, დაკავების მომენტიდან “არ ყოფილა შემთხვევა”, როცა სააკაშვილს რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდა და პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მომსახურების მიწოდება ვერ შეძლო. მისივე თქმით, ამიერიდან ექიმები საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი