„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე” სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შესაძლოა, არავინ დააკავონ, რადგან “უწყებამ დანაშაული ჩანასახშივე აღკვეთა”.
მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მტკიცებულებებით გამოიკვეთება კონკრეტული ადამიანების მხრიდან დანაშაულის მომზადების, მცდელობის ან სისრულეში მოყვანის მტკიცებულებები, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება:
„ისმება ხოლმე შეკითხვები, წინა გამოძიებები რატომ არ მიდის ბოლომდე და ა.შ ყველა შემთხვევაში, საბედნიეროდ, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს აქვს ინფორმაცია ამ არეულობების შესახებ და ყველა შემთხვევაში ხდება ამ გეგმების ძირშივე აღკვეთა. ყველამ იცის, რომ ახლა რომ ვთქვათ, პირობითაც, ნაციონალურმა მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, ეს ხალხი ყველა დაჭერილი იქნებოდა ამ დრომდე. მათთვის ერთი საუბარიც საკმარისია. ჩვენთვის, ჩვენი ინსტიტუტებისთვის საჭიროა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი.
როდესაც საუბრობენ გეგმაზე, ეს გეგმა სისრულეში თუ არ მოვიდა, შესაძლებელია მათი დაკავება ვერ მოხერხდეს და არ განხორციელდეს იმიტომ, რომ არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე აქვს შესაბამისი რეაგირება შესაბამის უწყებებს, შესაძლებელია, დაკავებები არ განხორციელდეს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ დასაწყისშივე, ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია და მოხდა შესაბამისი პრევენცია ამის გამჟღავნებით და საზოგადოებისთვის გაცნობით. ახლა ძნელი წარმოსადგენია, ამ გეგმის ქმედებაში მოყვანა გაუმარტივდეთ, რადგან საზოგადოებამ იცის მათივე საუბრიდან, რომ ისინი გეგმავდნენ ბინძურ პროვოკაციებს, არეულობას.
გამოძიება დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე ეს გუშინდელი დღეა. შესაბამის უწყებებს ეს ინფორმაცია უფრო ადრე ჰქონდათ, მოხდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და მოიპოვეს მტკიცებულებები, რომელთაგან ერთ-ერთი გუშინ გააცნეს საზოგადოებას. მათ შორის პრევენციის მიზნით წინა გამოძიებებზე რატომ არ დააკავეს? იმიტომ, რომ ჩანასახშივე იქნა, დაგეგმარების დასაწყისშივე, აღკვეთილი ყველა ეს დანაშაული. თუ იქნება რაიმე მტკიცებულება უტყუარობის მაღალი სტანდარტით, დაადასტურებს კონკრეტული ადამიანების უკვე სისრულეში მოყვანილ რომელიმე დანაშაულს, მის მომზადებას ან მცდელობას, შესაბამისი რეაგირება იქნება“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ, ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.
უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის.
