ახალი ამბები

სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ციხის მთავარი ექიმი

14 ნოემბერი, 2021 • 5047
სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ციხის მთავარი ექიმი

გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ ტყუილია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხიერ გავრცელებულ ვიდეოში N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება გამოკვლევები და იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებს ციხის მთავარი ექიმი.

“როგორც ექიმი ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან”, – ამატებს ელეფტეროვა.

მისივე თქმით, ტყუილია ისიც, რომ ციხის საავადმყოფო წითელ ზონადაა გამოცხადებული კორონავირუსის გამო. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამავე დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს კორონავირუსის გამო.

სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოს, პალატაში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წუხელ კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, დღეს იყო პირველი დღე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა.

მოგვიანებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება. უწყების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ექიმები, ნანაა გეგეჭკორი და ზურაბ გურული ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ექიმების განცხადებით, საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, სააკაშვილი “უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში”.

ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი