საზოგადოება

რატომ ვეღარ მიირთმევთ საქონლის ტვინისგან დამზადებულ კერძებს

22 აპრილი, 2015 • • 6015
რატომ ვეღარ მიირთმევთ საქონლის ტვინისგან დამზადებულ კერძებს

ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება მთავრობამ 12 თებერვალს გამოსცა. დადგენილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის მასალად ითვლება 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველის თავის ქალა- ტვინი და ზურგის ტვინი. დადგენილების მიხედვითვე, ხორცი ადამიანისთვის მოხმარებისთვის უვარგისად მიიჩნევა, თუ განკარგულებაში ჩამოთვლილ განსაკუთრებულ რისკ-მასალას შეიცავს.

 

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე, ამბობს, რომ დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაწესდა. მისივე თქმით, რეგულაციები ევროპული რეგულაციების ზუსტი ანალოგია:

 

“აქ არის, როგორ უნდა განხორციელდეს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების ადგილებზე კონტროლი, მათ შორის, პირველ რიგში, ეს ეხება ცხოველთა სასაკლაოებს, სადაც ხდება ცხოველთა დაკვლა. აქ არის განმარტებული მოთხოვნები, მათ შორის ცხოველის დაკვლის შეფასებისადმი, და ერთ-ერთი განმარტებაა, რომ ტვინოვანი ქსოვილი (თავის ტვინი) ეს არის რისკ-მასალა და დაკავშირებულია დაავადებასთან ღრუბლისებრი ენცეფალოპათია და ის წარმოადგენს რისკს. ნერვულ ქსოვილში ხდება ამ დაავადების ჩამოყალიბება. აკრძალულია ამ რისკმასალის შემცველი პროდუქციის სურსათად გამოყენება”,- ამბობს სოხაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


საქონლის ტვინისგან დამზადებული კერძის რეცეპტი, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე მარანი
საქონლის ტვინისგან დამზადებული კერძის რეცეპტი, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე მარანი

 

ძროხის ღრუბლისებრი ენცეფალოპათია მეცნიერული სახელწოდებაა დაავადებისა, რომელიც “ძროხის ცოფის” სახელითაა ცნობილი. დაავადება ანადგურებს ტვინის ქსოვილს და ცხოველი იღუპება. ეს დაავადება აღმოჩენილია სხვა ძუძუმწოვრებშიც. დაავადება ცნობილია, ასევე, როგორც გადამდები ენცეფალოპათია. ის პირველად 1986 წელს აღმოაჩინეს და მიუხედავად სხვადასხვა კვლევისა, მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ადამიანებში ეს დაავადება კრეიტცფელდ იაკობის დაავადების სახელითაა ცნობილი. ეს იშვიათი და ფატალური დაავადებაა, რომელიც ითვლებოდა, რომ ძირითადად ხანში შესულ ადამიანებში გვხვდება, თუმცა 1996 წელს მეცნიერებმა დაავადება ახალგაზრდა ადამიანებშიც აღმოაჩინეს. 1995 წლიდან 2005 წლამდე 150 ადამიანი დაიღუპა ბრიტანეთში ამ დაავადების გამო.

 

დიდი ბრიტანეთის  სურსათის სტანდარტების სააგენტოს მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, დაავადების კონტროლის 3 გზა არსებობს, მათ შორის პოპულარულია ცხოველისთვის იმ ნაწილების მოშორება, რომელშიც ღრუბლისებრი ენცეფალოპათია (BSE) ვითარდება.

 

“რისკის შემცველი მასალის მოშორება ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი საკვების დასაცავად. ის რისკს 99%-ით ამცირებს. სპეციალური რისკის შემცველი მასალები არის ტვინი და ზურგის ტვინი, სწორედ ამ ნაწილებში ყალიბდება BSE. კანონის მიხედვით, ეს ნაწილები უნდა მოაცილონ ცხოველს, როდესაც მას კლავენ და უნდა განადგურდეს. დაუშვებელია აკრძალული პროდუქტი მოხვდეს ადამიანის საჭმელში. რეგულაცია ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე ვრცელდება”,- ვკითხულობთ ანგარიშში.


დაავადების კიდევ ერთი კონტროლის მექანიზმია ცხოველის ასაკის კონტროლი. მაგალითად, 2005 წლის ნოემბრამდე 30 თვეზე მეტი ასაკის ცხოველის სურსათად გაყიდვა აკრძალული იყო, რადგან საბოლოოდ, BSE ცხოველში ამ ასაკის ზემოთ ყალიბდება. ბრიტანეთში 1996 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ BSE აღმოეჩინოთ მსხვილფეხა ცხოველში, რომელიც 30 თვეზე ნაკლებია ასაკით.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებაშიც შეზღუდვა ეხება იმ მსხვილფეხა ცხოველს, რომელიც 12 თვეზე მეტი ასაკისაა. კახა სოხაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ თუ ასაკი დადასტურდება, მაგ შემთხვევაში მოხვდება დახლზე საქონლის ტვინი:

 

“თუ ვერ დასტურდება ასაკი, შეზღუდვა ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე”, – ამბობს სოხაძე. მისივე თქმით, პრაქტიკის მიხედვით, ასაკის დადასტურება ხშირად ვერ ხდება და ამიტომ შეზღუდვა თითქმის ყველა მსხვილფეხა ცხოველს შეეხება.


ონლაინ შეკვეთების საიტი meniu.ge რომელიც სხვადასხვა რესტორნებს აერთაინებს, საიტის მიხედვით საქონლის ტვინისგან დამზადებული კერძის შეკვეთა შესაძლებელია
ონლაინ შეკვეთების საიტი meniu.ge რომელიც სხვადასხვა რესტორნებს აერთაინებს, საიტის მიხედვით საქონლის ტვინისგან დამზადებული კერძის შეკვეთა შესაძლებელია

 

განკარგულება ძალაში მარტიდან შევიდა, თუმცა თბილისის რესტორნების ნაწილში საქონლის ტვინით დამზადებული კერძების შეკვეთა კვლავ შესაძლებელია. “ნეტგაზეთი”, როგორც მომხმარებელი, დაუკავშირდა რამდენიმე რესტორანს, ერთ-ერთ მათგანში “11 კათხა” გვითხრეს, რომ საქონლის ტვინის შეკვეთა ორი ფორმითაა შესაძლებელი, საქონლის ტვინი კეცზე და ტვინი მეფურად, პირველის ღირებულება 6 ლარია, ხოლო მეორე კერძის – 9 ლარი.

 

“ნეტგაზეთი” კვლავ დაუკავშირდა აღნიშნულ რესტორანს, როგორც მედიასაშუალება. “11 კათხაში” განაცხადეს, რომ ამ რეგულაციის შესახებ ინფორმირებული არ არიან:

 

“ეს კერძი დიდი ხანია არ გვაქვს, ვერ გვამარაგებენ, შესაძლებელია დარჩენილი იყო [როცა თქვენ შეუკვეთეთ]. თუ არავინ გაგვაფრთხილა, ჩემო კარგო, ჩვენ ხომ ვერ დაგვესიზმრება? ვიღაც ხომ უნდა მოვიდეს წარმომადგენელი და გვითხრას, რომ აიკრძალა. გუშინ მომმარაგებელმა გვითხრა, რომ თავი არ მუშავდება და საქონლის ენას და ტვინს ვეღარ ვშოულობ ბაზარზეო,”- განგვიცხადეს რესტორანში.

 

რესტორან “შარაგულში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ კერძი ტვინი “მეფურად” მენიუში ჰქონდათ, თუმცა გამკაცრებული მიდგომის გამო კერძი მენიუდან ამოღებულია:

 

“საქონლის ტვინი გვქონდა მენიუში, მაგრამ ახლა დროებით არ გვაქვს იმიტომ, რომ გამკაცრდა წესები, ეს უნდა დალაგდეს, ამასთან დაკავშირებით ერთი-ორი კვირა არ გვექნება”,- განგვიცხადეს რესტორან “შარაგულში”.

 

რესტორნების ონლაინ ვებ-გვერდზე “resto.ge”  რესტორან “ოქროს კათხის” მენიუში წერია, რომ კერძი “საქონლის ტვინი მეფურად” 10 ლარი ღირს, თუმცა რესტორანში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ონლაინ მენიუში შეცდომაა და ასეთი კერძი მენიუში არ აქვთ:


resto.ge -ზე განთავსებული მენიუ, სადაც წერია, რომ რესტორან ოქროს კათხაში შესაძლებელია საქონლის ტვინისგან დამზადებული კერძის შეკვეთა
resto.ge -ზე განთავსებული მენიუ, სადაც წერია, რომ რესტორან ოქროს კათხაში შესაძლებელია საქონლის ტვინისგან დამზადებული კერძის შეკვეთა

 

“ჩვენთან არც არასდროს ყოფილა მენიუში. შეცდომაა შესაძლოა მენიუში, მე ერთი წელია აქ ვმუშაობ და არ გვქონია. მენიუებს მე თავად ვაკეთებ, ვაბეჭდინებ, ვაკეთებ კალკულაციებს და მსგავსი არასდროს არაფერი გვქონია”.

 

საქართველოში დაახლოებით 90 სასაკლაოა. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ამბობს, რომ გეგმიური კონტროლი როგორც  სასაკლაოებზე, ისე სამომხმარებლო ბაზარზე ხორციელდება. მისივე თქმით, სურსათი, რომელიც მიჩნეულია მავნე სურსათად, ექვემდებარება განადგურებას, ხოლო ბიზნესოპერატორი 1000 ლარით ჯარიმდება.


კახა სოხაძე ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მოვალეობაში არ შედის რესტორნების ინფორმირება ახალი რეგულაციების შესახებ. მისივე თქმით, სააგენტო ინფორმაციას აწვდის სასაკლაოებს, საიდანაც მიეწოდებათ ხორცი რესტორნებს და  სარეალიზაციო ადგილებს. სააგენტო ასევე აკონტროლებს იმპორტირებულ ხორცპროდუქტებს. თუ აღნიშნულ ორ ადგილას კონტროლი სათანადოდ განხორციელდება, რესტონებში აკრძალული ხორც-პროდუქტი ვერ მოხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი