სოციალური მუშაკი სარა აგაევა ამბობს, რომ აზერბაიჯანში გენდერული თანასწორობა დაცული არ არის. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ ოჯახების უმრავლესობაში მამაკაცის როლი დომინანტურია. ადგილობრივ საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ მამაკაცი უნდა მუშაობდეს და გამოიმუშავებდეს ფულს, ქალები კი სახლში უნდა ისხდნენ და შვილებს ზრდიდნენ.
“კაცებს უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე ქალებს. სამწუხაროა, რომ ეს რწმენა ისევ ძალაშია,” – ამბობს სარა აგაევა.
“რაციონალური განვითარების ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე შაჰლა ისმაილი ფიქრობს, რომ კანონმდებლობა და ხელისუფლების დამოკიდებულება ქალების მიმართ დისკრიმინაციული არაა, მაგრამ რეალურად ადგილი აქვს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას.
1995 წელს აზერბაიჯანი შეუერთდა გაეროს კონვენციას ქალის მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ამით ქვეყანამ აიღო გარკვეული ვალდებულებები და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ამზადებს შესაბამის ანგარიშებს ამის თაობაზე. ბოლო ასეთი ანგარიში დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადდა, რის შემდეგაც ქვეყანამ შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღო.
“ბოლო წლებში ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს. 2010 წელს ახალი კანონი იქნა მიღებული ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით. ეს იყო კარგი პროგრესი. მაგრამ მექანიზმები ამ კანონის ეფექტურად ამოქმედებისთვის არ მუშაობს”, – აცხადებს შაჰლა ისმაილი.
კაცები 2-ჯერ მეტს გამოიმუშავებენ
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2014 წლის 1 იანვრისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობაა 9 მილიონ 477 ათასი. აქედან 49.7% კაცია და 50.3% – ქალი.
“ეკონომიკური ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი” აზერ მეჰდიევი ამბობს, რომ 1970-იან წლებში აზერბაიჯანის მოსახლეობის შემადგენლობაში უფრო დიდი წილი ეკავათ ქალებს, მაგრამ ბოლო 15-20 წლის მანძილზე ვითარება შეიცვალა, რადგან უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე – გოგო. სწორედ ამიტომაა, რომ 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უფრო მეტი ბიჭია, ვიდრე გოგო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 100 განათლებული ადამიანიდან 53 კაცია და 47 – ქალი. მაგრამ განსხვავებაა პროფესიების არჩევის კუთხით. ქალები უფრო მეტად ირჩევენ ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს, მამაკაცები კი- სხვა პროფესიებს.
“დასაქმების სხვადასხვა სფეროში ქალები უფრო დაბალ საფეხურზე მუშაობენ. ამიტომაც გამოიმუშავებენ კაცები უფრო მეტს. მაგალითად, 2012 წელს დასაქმებული ქალების ყოველთვიური ნომინალური ხელფასის წილი ქვეყნის ეკონომიკაში საშუალოდ იყო 243.6 მანათი (232.3 აშშ დოლარი). იმავდროულად, კაცებმა მიიღეს 519.8 მანათი (495.5 აშშ დოლარი). ეს ნიშნავს, რომ კაცები გამოიმუშავებენ 2.1-ჯერ მეტს, ვიდრე – ქალები,” – ამბობს მეჰდიევი.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრისთვის ინდმეწარმეების 17% არიან ქალები. ქალები არიან მცირე და საშუალო ბიზნესში. მათი უმეტესობა ვაჭრობის სფეროში მუშაობს. მაგრამ ბევრი ქალი არ არეგისტრირებს თავის ბიზნესს, როგორიცაა, მაგალითად, ძიძა, დამლაგებელი, რეპეტიტორი და ა.შ.
“ჩვენ ყოველწლიურად ვვითარდებით”
ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ელგუნ საფაროვი იზიარებს იმას, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით პრობლემებია აზერბაიჯანში, მაგრამ ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანი უკეთეს სიტუაციაშია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები.
“მთავრობა დაინტერესებულია თანასწორობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალის უფლებებს და მათ განვითარებას. მთავარი პრობლემაა ის, რომ ცოტა ქალია, რომელიც ხელმძღვანელ პოზიციაზეა. ჩვენ არ გვყავს ერთი ქალიც კი ხელმძღვანელ პოზიციაზე აღმასრულებელ ორგანოში, ან მინისტრი. ეროვნულ ასამბლეაში არის 103 კაცი დეპუტატი და მხოლოდ 19 ქალი,” – ამბობს საფაროვმა.
იმის მიუხედავად, რომ ბევრი ქალია ჯანდაცვის და განათლების სფეროში, მხოლოდ ცოტა მათგანია ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მარტო მუნიციპალიტეტებშია უკეთესი მდგომარეობა. საფაროვის თქმით, 2009 წლამდე მერების მხოლოდ 4% იყო ქალი, მაგრამ 2014 წლისთვის ეს ციფრი 35-მდე გაიზარდა.
“ცხადია, ეს ციფრები საკმარისი არაა. ჩვენ ვგეგმავთ ამ ციფრების გაზრდას ყოველწლიურად. ჩვენ ყოველწლიურად ვვითარდებით. 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ქალის უფლებებზე. ასევე ჩვენი კომიტეტი ერთადერთი კომიტეტია რეგიონის აღმასრულებელ სისტემაში, რომელიც შეიქმნა ქალის უფლებების დასაცავად,” – ამბობს საფაროვი.
სოციოლოგი ჯავიდ იმამოღლუ მიიჩნევს, რომ ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ ხელმძღვანელ პოზიციაზე. მისი თქმით, ქალი ხელმძღვანელები უფრო მეტად გახსნილნი და გულწრფელნი არიან ხალხთან ურთიერთობისას. იმამოღლუს თქმით, საკანონმდებლო დონეზე ქალებისთვის არ არსებობს ბარიერები, თანამდებობები რომ დაიკავონ, მოსახლეობაშიც არის განწყობა, რომ მეტი ქალი იხილონ ხელისუფლებაში: “ამდენად, ამისთვის უნდა შეიქმნას პირობები,” – აცხადებს იმამოღლუ.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |