საზოგადოება

რელიგიურ მრავალფეროვნებას საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო საფრთხედ მიიჩნევს

24 მარტი, 2015 •
რელიგიურ მრავალფეროვნებას საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო საფრთხედ მიიჩნევს

– “უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ვერ მოხერხდა მწყობრი, მიზანმიმართული რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება. პრობლემის არეალი დავიწროვდა და მარტოოდენ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვას ითვალისწინებდა, მაშინ, როცა, ამავდროულად, რელიგიური ჯგუფების ინტერესების დაცვასთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დისკურსს.”

 

– “საქართველოში რელიგიის სფეროს განსაკუთრებულ მახასიათებლებს წარმოადგენს: საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში რელიგიური ჯგუფების იმგვარი გეოგრაფიული განლაგება, როცა მათ ანალოგიური ეთნიკური (მაგ.; სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემს ესაზღვრება სომხეთი, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემს – აზერბაიჯანი და ა.შ.) ან რელიგიური (აჭარის ქართველ მუსლიმთა თემს ესაზღვრება მუსლიმური თურქეთი და ა.შ.) კუთვნილების მქონე ქვეყნები ესაზღვრებათ. აღნიშნული მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ამოცანებს უყენებს; კერძოდ: თავიდან აირიდოს მეზობელი, რეგიონის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დაფიქსირების მცდელობა.”

 

აღნიშნული ამონარიდების გამო რესპოდენტებს, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მიაჩნიათ, რომ “საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიაში” უსაფრთხოებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე – თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის მცდელობას.

 

რელიგიის საკითხთა სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი უარყოფს მოსაზრებას, რომ სტრატეგიაში ხშირად არის საუბარი უსაფრთხოებაზე. მისი თქმით, დოკუმენტში უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ ერთხელ და ისიც სრულიად კონკრეტულ კონტექსტშია ნახსენები.

 

“ვფიქრობ, „სტრატეგიის“ ყურადღებით და წინასწარი დამოკიდებულების გარეშე წაკითხვა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საპირისპიროში დაარწმუნებს. ზემოთ ნათქვამს გავიმეორებ, სახელმწიფო რელიგიურ მრავალფეროვნებას აღიქვამს, როგორც განსაკუთრებულ სიკეთეს და მთლიანი რელიგიური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს. ეს ცხადადაა წარმოჩენილი დოკუმენტშიც და მკაფიოდ ითქვა მისი პრეზენტაციისას”, – ამბობს მეტრეველი.

 

კითხვაზე, თუ რა საფრთხე არსებობს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მუსლიმებსა და სომეხ ქრისტიანებთან მიმართებაში და ფიქრობს თუ არა, რომ ამგვარი განზოგადება მიუღებელი და დისკრიმინაციული იქნება აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, პასუხობს:

 

“ცხადია, ეს ასე არ არის. დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს მეტი თავისუფლების და განვითარების შესაძლებლობას ნიშნავს. დღეს საერთაშორისო და ჩვენი რეგიონის რელიგიური ცხოვრება, სამწუხაროდ, მჭიდროდ დაუკავშირდა უსაფრთხოების საკითხებს. ამდენად, ახლა რელიგიისა და უსაფრთხოების თემაზე დუმილი უფროა დანაშაული, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკაში ამ ნაწილის გათვალისწინება. ჩვენი სურვილია, საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარი ცხოვრების რელიგიურ ნაწილში თავისუფალი იყოს ასეთ საფრთხეებზე ფიქრისგან, რაც რელიგიური ცხოვრების მშვიდი და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო უნდა იყოს და  იქნება ამ დაცულობის გარანტი”, – აღნიშნავს მეტრეველი.

საქართველოს მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ უფრო მეტად არის საზიანო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ის, რომ საზღვრისპირა რეგიონებში უმცირესობები ცხოვრობენ.

 

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, რომელიც სხვა კონფესიების მსგავსად არ ყოფილა უშუალოდ ჩართული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ასევე არ ეთანხმება გამოთქმულ ვარაუდს.

 

სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია აღნიშნავს, რომ ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულნი არიან და ამავდროულად, მათ არ გაუწყვეტიათ კავშირი თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან.

 

“როგორც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს აქვთ კავშირი თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან – საქართველოსთან, ასევე საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას აქვს კავშირი და ურთიერთობა თავის ისტორიულ სამშობლოსთან. რელიგიური და ეროვნული მრავალფეროვნება ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში მცხოვრები თემები უფრო მჭიდროდ იყვნენ დაახლოებული, როგორც ქართველებთან, ასევე სხვა ერებთან”, – აცხადებს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სუსანა ხაჩატურიანი.

 

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ დოკუმენტის შემუშავებაში ბაპტისტური ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ის მოქალაქეების რანგირებას ახდენს.

 

“პირველივე ფურცელზე წერია, რამდენად საეჭვო მოქალაქეები არიან საზღვრისპირას მცხოვრები განსხვავებული რელიგიისა და ეთნოსის მქონე მოქალაქეები და რომ მათ მიმართ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს განსხვავებული მიდგომა. ეს არის სრულიად მიუღებელი, სრულიად ამაზრზენი. აღარ ვამბობ თანასწორობაზე.”

 

სააგენტო აცხადებს, რომ სტრატეგია იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვებს, მიზნებსა და პრინციპებს რელიგიური პოლიტიკის მიმართ.        

 

სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა არჩილ მეტრეველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დოკუმენტის სამუშაო ვერსია სააგენტოს თანამშრომლებმა შეიმუშავეს, მაგრამ მასში ასახულია რელიგიურ თემებისგან წინა თანამშრომლობის დროს გაზიარებული შეხედულებები.

 

“სტრატეგიის“ მიზნები ძირითადად ეყრდნობა რელიგიური მრავალფეროვნების, როგორც განსაკუთრებული სიმდიდრის, რეალურ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთედ ქცევის უმთავრეს მიზანს”, – ამბობს მეტრეველი.

 

რელიგიური თანაცხოვრება
რელიგიური თანაცხოვრება

კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც მიუღებელია საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის, შეეხება ტერმინებს, რომლებიც კონფესიების წარმომადგენელთა აზრით რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენცირებას ახდენს. კერძოდ, დოკუმენტში წერია:

 

“საქართველოს რელიგიურ მრავალფეროვნებას ქმნიან შემდეგი ძირითადი რელიგიური ჯგუფები….. სხვადასხვა სტატისტიკური კვლევებით სხვა რელიგიური ჯგუფები…. წინამდებარე მონაცემების თანახმად, საქართველოში არსებული ძირითადი (მართლმადიდებელი) და ტრადიციული (კათოლიკე, სომხური სამოციქულო ეკლესია, იუდეველი და მუსლიმი) რელიგიური ჯგუფები მოსახლეობის 98,6%-ს შეადგენს. “სხვა რელიგიურ ჯგუფებში” მოიაზრებიან იეზიდები, იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, ლუთერანები, დუხობორები, მალაკნები, სახარების რწმენის ეკლესია და სხვა რელიგიური გაერთიანებები”.

 

საქართველოს მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელ ტარიელ ნაკაიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობების მიმართ დისკრიმინაციულია.

 

სააგენტომ ტრადიციულ რელიგიურ ორგანიზაციებს მუსლიმური თემიც მიაკუთვნა. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ იგი არ ეთანხმება ამგვარ დეფინიციას.

 

“ესეც ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. ასეთი მიდგომები უფრო მეტ საფრთხეს ქმნის უფლებრივი და სხვა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. თუკი ქვეყანაში არის მეორეხარისხოვანი მოქალაქე, ის ყოველთვის დათრგუნულია”, – ამბობს ნაკაიძე.

 

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოციძირიძის აზრით, უთანასწორობას ამკვიდრებს კონფესიების დაყოფა “ძირითად” და “სხვა” რელიგიურ ჯგუფებად. გოცირიძის აზრით, ამგვარი რანგირება იერარქიულ საფეხურებს შექმნის.

 

რელიგიის საკითხთა სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი არჩილ მეტრეველი ამბობს, რომ დოკუმენტში მართლაც არის ხაზგასმა „ძირითად“ რელიგიებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დიფერენცირებას არ ისახვას მიზნად.

 

“ტერმინი „სხვა რელიგიური ჯგუფები“ ნახსენები არ არის და მით უფრო, პირველი განსაზღვრების საპირისპირო გაგებით. ასეთი განცხადება ნამდვილად დისკრიმინაციული ხასიათის იქნებოდა, თუმცა, ვიმეორებ, ასეთი რამ დოკუმენტში არსად წერია. დოკუმენტი რელიგიური ჯგუფებიდან გამოყოფს „უმცირესობებს“, როგორც განსაკუთრებულ სიკეთეს, რაც სრულიად რეალურია.”

 

მეტრეველი ამბობს, რომ ასეთი გაგებით სახელმწიფო წარმოაჩენს მზადყოფნას, რომ ამ ჯგუფებმა სრულად ისარგებლონ ყველა იმ განსაკუთრებული მხარდაჭერით, რაც ზოგადად უმცირესობებისთვის და მათ შორის, რელიგიური უმცირესობებისთვის, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებულია.

 

სახარების რწმენის ეკლესია სააგენტომ არ მიიჩნია ტრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს შორის, თუმცა მათ ამის სურვილი არც აქვთ, რადგან ამგვარი დაყოფის წინააღმდეგი არიან.

 

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ხონელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ იგი ხედავს საფრთხეს, რომ ამგვარი დიფერენციაცია შემდეგში რელიგიურ გაერთიანებებს რეგისტრაციის პროცედურებს გაურთულებს.

 

სტრატეგიაში მართლაც არის საუბარი რეგისტრაციის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით: “საქართველოს რელიგიური შემადგენლობა და რელიგიური გაერთიანებების არსებული ფორმები ითხოვს კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსები იმგვარად განისაზღვროს, რომ სამართლებრივი სტატუსი უშუალოდ გამომდინარეობდეს გაერთიანების ობიექტური მდგომარეობიდან, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს გარკვეული დიფერენცირებულობის არსებობას.”

 

“ნეტგაზეთმა” არჩილ მეტრეველს ჰკითხა, თუ რას გულისხმობს დიფერენცირებულობაში და შეიცვლება თუ არა რეგისტრაციის წესი რელიგიური გაერთიანებებისთვის?

 

არჩილ მეტრეველმა განმარტა, რომ მიზანი გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის უკეთ მოწესრიგებაა და არა დიფერენცირებულობის შემოღება, თუმცა, მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

 

“ზოგადად დიფერენცირება, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ინსტრუმენტია. მოგეხსენებათ, რომ განსხვავებულთა მიმართ, ამ განსხვავებათა გათვალისწინებით, დიფერენცირებული მოპყრობის არარსებობა ისეთივე დისკრიმინაციაა, როგორც მსგავსთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. ამდენად, ჩვენ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ახალმა სამართლებრივმა რეგულირებამ გაითვალისწინოს ეს ანტიდისკრიმინაციული დიფირენცირების ნაწილიც, შესაბამისად, თუ გამოვლინდება არსებითი განსხვავება, სახელმწიფო უზრუნველყოფს განსხვავებული მოპყრობის შესაძლებლობას, თუ არა – არა”, – განმარტავს მეტრეველი.

 

არჩილ მეტრეველის თქმით, რეგისტრაციის წესი შესაძლოა იყოს ახალი სამართლებრივი რეალობის თანმდევი “ტექნიკური ნაწილი”, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვით, ყველა სამართლებრივი სიახლე მხოლოდ რელიგიური ჯგუფების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

 

არასამთავრობოების შეფასება

 

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), იდენტობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავშირი „საფარი“ – განცხადება გაავრცელეს, სადაც მთავრობას მოუწოდებენ, რომ გაიაზროს დოკუმენტში არსებული საფრთხეები.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ რელიგიის საკითხების გადაწყვეტის მცდელობა უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის შუქზე რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

 

“საკუთარი მოქალაქეების რელიგიური იდენტობის საფრთხედ აღქმა სახელმწიფოს მხრიდან არის სერიოზული პრობლემა. ამ ჩანაწერით სახელმწიფომ გამოავლინა მისი ხედვა იმისა, რომ რელიგიურ ჯგუფებში ის მტერს ხედავს და ამ პირობებში ის მათ თანაბარუფლებიან პირობებში განვითარების უფლებას არ მისცემს”, – ამბობს მიქელაძე.

 

იურისტის თქმით, დოკუმენტში ჩანს დეზინტერგრაციული და გაუცხოების პოლიტიკა, რომელიც კრიზისამდე მიიყვანს სახელმწიფოს.

 

“ასეთი პოლიტიკა კრიზისამდე მიიყვანს სახელმწიფოს. ამ რეჟიმში გაუცხოება ამ ჯგუფებსა და სახელმწიფოს შორის იზრდება. სწორედ ეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხეს და არა პირიქით”, – ამბობს მიქელაძე.

 

რელიგიის საკითხთა სააგენტო აცხადებს, რომ სტრატეგიის დოკუმენტი სამუშაო ვერსიაა, რომელსაც მოჰყვება ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი