საზოგადოება

ეფექტური მექანიზმები ქალის მიმართ ძალადობის დასაძლევად და შსს-ს კამპანია

11 დეკემბერი, 2014 • 2381
ეფექტური მექანიზმები ქალის მიმართ ძალადობის დასაძლევად და შსს-ს კამპანია

პრევენცია

 

ფონდ “ტასოს” გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობს ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის საკითხებზე, მიიჩნევს, რომ უმთავრესი აქცენტი პრევენციულ ღონისძიებებზე უნდა გაკეთდეს:

 

“ოჯახში ძალადობა ისეთი საკითხია, როდესაც უკვე მომხდარია, შეუძლებელია შემდეგ ვინმე გაბედნიერდეს: ან ის ქმარი, ან ცოლი, ან შვილები, ყველას ცხოვრება მახინჯდება. ამიტომ მე დიდ აქცენტს ვაკეთებ პრევენციაზე – ეს არ უნდა მოხდეს”.

 

რას უნდა აკეთებდეს სამართალდამცავი უწყებები ოჯახში ძალადობის დანაშაულის პრევენციისთვის?

 

“ოჯახში ძალადობა, თავისი ჩაკეტილი ბუნებიდან გამომდინარე, ერთ–ერთ რთულად გამოსავლენი დარღვევაა, შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირება ძალადობის იდენტიფიცირების და მასზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს”, – მიიჩნევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და, შესაბამისად, დაგეგმეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები: საინფორმაციო ვიდეო-რგოლი, მუსიკალური კლიპი, ბუკლეტები, ჟურნალისტური კონკურსი – არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ახორციელებს.

 

არის თუ არა ეს საკმარისი ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის? არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების მუდმივად ჩატარება სასარგებლოა ცნობიერების ამაღლების და თავად პოლიცილებში მოტივაციის გაზრდის კუთხით, თუმცა არსებობს შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც ძალადობის პრევენციას უფრო ეფექტურად შეძლებს.

 

დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთში ოჯახში ძალადობის პრობლემა მარგინალიზებული იყო და ის საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა და მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

 

ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია სპეციალურად მომზადებული ადამიანების ჩართულობა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. პოლიციელთან ერთად სპეციალურ პირს შეუძლია მივიდეს იმ ოჯახებში, რომლებიც ე.წ. ლურჯი ბარათებით არიან აღნიშნულნი, რაც ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის გამოცდილება არსებობს. ვიზიტი გულისხმობს სიტუაციის კომპლექსურ შეფასებას და ოჯახისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.

 

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოდნავ განსხვავებული პრაქტიკა ინერგება საქართველოში: პოლიციელს აქვს რისკის შეფასების უფლებამოსილება, თუ რამდენად არსებობს ძალადობის განმეორების შანსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაზღვრულ უბნის ინსპექტორებს ევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი.

 

ეფექტურ პრევენციულ ზომებს განეკუთვნება, ასევე, კიდევ ერთი პოლონური გამოცდილება, რომელიც ელექტრონულ სამაჯურებს უკავშირდება. პოლონეთში, როდესაც პოლიცია გამოწერს შემაკავებელ ორდერს, იქვე ადგენს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობებს – სამაჯურს ატარებს მოძალადე და მას მისი მოხსნა არ შეუძლია, რადგან პრობაციის სამინისტრო ელექტრონულ მონიტორინგს ახორციელებს; მობილური ტელეფონის მსგავს მოწყობილობას ატარებს პოტენციური მსხვერპლი. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე ქალს დასაშვებზე ახლო დისტანციაზე მიუახლოვდება, ელექტრონული სამაჯური შეტყობინებას გზავნის თავად მსხვერპლთან, ასევე –  პრობაციაში და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იგზავნება პოლიცია.

 

“ეს პრაქტიკა რომ ყოფილიყო საქართველოში, არ მოხდებოდა ის სამწუხარო ტრაგედია ილიაუნიში რამდენიმე თვის წინ, როდესაც ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი”, – ამბობს “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი კიდეც რომ ჰქონოდა პოლიციას გამოწერილი, შეიძლება ამას ისეთი ეფექტი მაინც არ მოჰყოლოდა, რადგან მოძალადეს მსხვერპლის მკვლელობის შემდეგ თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი:

 

“მაგრამ სამაჯურის გამოყენება ნამდვილად უშველიდა მსხვერპლს და შესაძლებელი იქნებოდა მისი გადარჩენა”,- ამბობს ელისო ამირეჯიბი.

 

პრევენციის ეფექტურ მექნიზმად მიიჩნევა პოლიციელების მიერ უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულების მონიტორინგიც. როგორც ელისო ამირეჯიბი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარები შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ პოლიციელის მიერ გამოვლენილი გულგრილობის გამო:

 

“ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გენინსპექციას, როდესაც პრეტენზია ჰქონდათ ჩვენს ბენეფიციარებს. ჯერ-ჯერობით გენ-ინსპექციისგან პასუხები არ მიგვიღია, თუმცა ვფიქრობ, რომ მათგან ამ ფაქტებზე რეაგირება იქნება ძალიან კარგი პრევენციული საშუალება”.

 

შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ადეკვატურობას და გამოიკვლევს ოჯახის წევრთა მიერ ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებს მსგავსი დანაშაულების პრევენციის მექანიზმის დახვეწის მიზნით.


შსს-ს კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
შსს-ს კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ


დანაშაულზე რეაგირება და გამოძიება

 

2014 წელს საქართველოში 26 ქალი მოკლეს. მკვლელობების უმრავლესობა ქმრების ან ყოფილი მეუღლეების მიერაა ჩადენილი. ოჯახში ძალადობა საქართველოში დიდი ხანია კრიმინალიზებულია, თუმცა ლეტალური შედეგის დადგომამდე მასზე რეაგირება სამართალდამცავი უწყებების მიერ ხშირად არაადეკვატურია.

 

2014 წლის ივლისში ზესტაფონში ყოფილმა ქმარმა, რომელიც პოლიციელი იყო, მოკლა ახალგაზრდა ქალი. მკვლელობამდე ქალმა პოლიციას მიმართა, რომელმაც ორივე მხარე გამოკითხა, მაგრამ “სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არქონის მოტივით” ქალის განცხადებას სამართალდამცავი უწყებებისგან რეაგირება არ მოჰყოლია:

 

“მაშინ ყველა პოლიციისკენს იშვერდა ხელს, მაგრამ მათგან მივიღეთ პასუხი, რომ შეტყობინება გააგზავნეს პროკურატურაში, საიდანაც მიიღეს წერილი, რომ არასაკმარისი მტკცებულებების გამო საქმე იყო შეწყვეტილი. ამდენად, ეს არის პოლიციისა და პროკურატურის ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხი. პროკურატურას სჭირდება მტკიცებულები, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, ოჯახში ძალადობის დროს შეუძლებელია ამდენი მტკიცებულება მოიპოვოს ადამიანმა. კანონი არეგულირებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მექანიზმებს, პროკურატურა კი ითხოვდა პოლიციელს მოეპოვებინა მტკიცებულები და თუ ამას ვერ შეძლებდა, მაშინ საერთოდ არ გამოეწერა შემაკავებელი ორდერი და შემოფარგლულიყო  ოქმით, რომელიც არალეგიტიმურია. იყო პერიოდი, როდესაც ხელწერილებს აწერინებდნენ მოძალადეებს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა”, – ამბობს ელისო ამირეჯიბი.

 

კანონის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს დამცავი ორდერის გამოსაცემად.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2013 წლის 10 თვის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის 399 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მაგრამ სასამართლოს მიერ გამოცემულია 196 დამცავი ორდერი.

 

სპეციალისტები საუბრობენ კიდევ ერთ დამაბრკოლებელ გარემოებაზე, რაც პრაქტიკაში ხელს უშლის შემაკავებელი ორდერის გამოწერას პოლიციის მიერ.


“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკით, პოლიციელი ხშირად მის ზემდგომს უთანხმებს გადაწყვეტილებას:

 

“ეს არსწორი მიდგომაა, რადგან შეუძლებელია თავისი ფუნქცია-მოვალეობა შეასრულოს პოლიციელმა, იცოდეს რა უნდა გააკეთოს და მაინცდამაინც თანხმობა უნდა მიიღოს თავისი ზემდგომისგან”. ელისო ამირეჯიბის თქმით, არსებობს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თუ პოლიციელს რაიმე შეკითხვა უჩნდება, ის მისსავე უწყებაში უკავშირდება ადამიანს, რომელიც კონკრეტულად ოჯახში ძალადობაზე მუშაობს.

 

ეს საკითხი ვრცლადაა განხილული გაეროს მიერ მომზადებულ 2014 წლის კვლევაში “ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გაძლიერება”. კვლევის თანახმად, აშშ-ის შტატებში განსხვავებული პრაქტიკები არსებობს. მაგალითად, რამდენიმე შტატში პოლიციელს საგამოძიებო უფლებამოსილება ნაკლები დამოუკიდებლობის ხარისხით აქვს. მათ შესაძლოა მოეთხოვოთ საგამოძიებო ღონისძიებების დროს შეტყობინება გაუგზავნონ პროკურატურას და ისინიც ჩაერთონ საქმეში. ზოგიერთ შტატში კი პოლიციას უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლება გააჩნია, მათ შეუძლიათ გამოძიება დამოუკიდებლად ჩაატარონ და მტკიცებულებები პროკურატურის ზედამხედველობის გარეშე მოიპოვონ. შტატების ნაწილში კი პოლიციის დანაყოფები სპეციალიზირებულნი არიან და ისინი კომპლექსურ დანაშაულებზე მუშაობენ, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ტრეფიკინგი.

 

ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ თუ პრევენციული და ქმედითი მექანიზმები ერთობლივად განხორციელდება, ქალთა მიმართ ძალადობა მინიმუმამდე შემცირდება:

 

“სამაჯური რომ იყოს, პასუხისმგებელი პირების განყოფილებები იყოს, შემაკავებელი ორდერის პირობები დაიხვეწოს და კანონის აღსრულება და უზენაესობა იყოს, დანაშაული მოხდება, ალბათ. იმ ქვეყნებშიც ხდება, სადაც მსგავსი ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავენ, მაგრამ ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების და სიცოცხლის დაცვაზე, ესაა მთავარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი