საზოგადოება

იყენებენ თუ არა შსს-ს მონაცემთა ბაზებს გოგონების გაცნობის მიზნით?

29 ოქტომბერი, 2014 • 8385
იყენებენ თუ არა შსს-ს მონაცემთა ბაზებს გოგონების გაცნობის მიზნით?

თაკო ღონღაძე ამბობს, რომ უკვე ორი წელია, რაც ავტომობილი შეიძინა და მას შემდეგ მისი მანქანის ნომრის საშუალებით უცნობი პირები ხშირად იგებენ მისი მობილურის ნომერს და ტელეფონს გაცნობის მიზნით ურეკავენ. ის ეჭვობს, რომ მის პერსონალურ ინფორმაციას, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან მოიპოვებენ.

 

“ზოგი, ალბათ, თვითონ მუშაობს ისეთ დაწესებულებაში, საიდანაც ხელმისაწვდომი არის ასეთი ინფორმაცია; ზოგი, ალბათ, უკავშირდება მეგობარს, რომ სიტყვაზე ამ სერიით გამიგე ვინ არის და რა ნომერი აქვს. ყველას ჰყავს, მგონი, პატრული ნაცნობები და არ არის ძნელი მაგის გაგება.”

 

ის ამბობს, რომ ურეკავენ უცნობი პირები, რომლებმაც ქუჩაში მანქანით დაინახეს და ხშირ შემთხვევაში, დარეკვისას მას სახელით მიმართავენ.

 

“ძირითადად, ყველა შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს ხოლმე: აგეკიდება ვიღაც მანქანით, შეიძლება ერთ საათში დაგირეკოს და თუ იმ დღესვე არა, მეორე დღეს დაგირეკავს. აღარც ვეკითხები უკვე საიდან გაიგო ნომერი, იმიტომ, რომ ისედაც ცხადია, მანქანის საშუალებით გაიგებენ,“– ამბობს თაკო ღონღაძე.

 

მისი თქმით, მესიჯების შინაარსიც მსგავსია: “დაგინახე ქუჩაში მანქანით, ასეთი და ასეთი მანქანით იყავი, მომეწონე და მინდა, რომ გაგიცნო”, ძირითადად, ეგ მიზანი აქვთ ხოლმე,”– ამბობს ის.

 

საქართველოს კანონში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მე-4 მუხლის მიხედვით, “მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით”.

 

საიას იურისტი სოფიო ჭარელი განმარტავს, რომ ადამიანის გაცნობის მიზნით, სხვა დანიშნულებით შექმნილი ბაზიდან ინფორმაციის ამოღება დანაშაულია.

 

“თუ კონკრეტული ბაზები არსებობს და ის შექმნილია იმ მიზნით, რომ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების განხორციელებაში დაეხმაროს სამართალდამცავებს, ან გარკვეულ პრევენციას წარმოადგენდეს დანაშაულის გამოძიების კუთხით და როდესაც ხდება ამ ბაზებში შესვლა და ინფორმაციის ამოღება, რომ დაუკავშირდნენ გოგონას და გაიცნონ, ეს რა თქმა უნდა წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევას,”– განაცხადა სოფიო ჭარელმა.

 

კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის დარღვევისას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალსწინებს – ეს არის გაფრთხილებას ან დაჯარიმება 500 ლარის ოდენობით. იმავე პირის მიერ კი 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენა 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ახორციელებს. სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს მიმართა ელექტრონული ფოსტით ნანამ (სახელი შეცვლილია) უცნობი პირის მიერ მისი მობილურის ნომრის დადგენის ფაქტზე.

 

“2 ბიჭს გზა დავუთმე მანქანით, ქუჩაზე ფეხით გადადიოდნენ. მეორე დღეს მომივიდა sms უცნობი ნომრიდან – “დიდი მადლობა ვორონცოვზე გზა რომ დამითმეო,”- თქვა ნანამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისი თქმით, ეჭვის საფუძველს აძლევს ისიც, რომ როდესაც გაიარა, მანქანის სარკეში გაიხედა და დაინახა, რომ ერთ-ერთი მათგანი მობილურში რაღაცას წერდა. ნანა ვარაუდობს, რომ შეიძლება უცნობმა პირმა მისი მანქანის ნომერი ჩაინიშნა, რის შედეგადაც ტელეფონის ნომერი გაიგო.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი ამბობს, რომ მანქანის ნომრით მობილურის ნომრის გაგება მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მანქანის მფლობელს თავად აქვს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული.

 

როგორც ქალდანმა გვითხრა, მოკვლევას, თუ როგორ შეიძლებოდა ნომრის დადგენა განხორციელებულიყო,  ოფიციალური მომართვის შემდეგ დაიწყებენ. თუმცა, ნანას ინსპექტორისთვის ოფიციალურად აღარ მიუმართავს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების/სახელმწიფო სანომრე ნიშნის რეგისტრაციას ახორციელებს, განგვიცხადეს, რომ მობილურის ნომრის დასახელება ნებაყოფლობითია და შსს-ს თანამშრომელმა მონაცემზე წვდომა შეიძლება დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე განახორციელოს:

 

“რაც შეეხება მობილური ტელეფონის ნომერს, ნომრის დასახელება ნებაყოფლობითია. ნომრის დასახელების შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია მომსახურების სააგენტოდან ტექსტური შეტყობინების სახით.

 

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს ბაზაზე წვდომას, შსს-ს თანამშრომელმა მონაცემზე წვდომა შეიძლება განახორციელოს დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,”- განუცხადეს ნეტგაზეთს შსს–ს მომსახურების სააგენტოში.

 

“ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, რათა გაერკვია, თუ კონტროლის რა მექანიზმები აქვს შსს–ს, რომ თანამშრომელმა, ვისაც ამ ბაზებზე ხელი მიუწვდება, არა სამსახურეობრივი დანიშნულებით, არამედ პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია. შსს-ს ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის ამ დრომდე არ მოუწოდებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი