საზოგადოება

ევროპული ტანსაცმელი, ქართული ხელფასი [ინფოგრაფიკა/video]

20 ოქტომბერი, 2014 •
ევროპული ტანსაცმელი, ქართული ხელფასი [ინფოგრაფიკა/video]

სააქციო საზოგადოება „იმერს“ ქართველი მფლობელები ჰყავს და ისინი ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავენ. შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ კი თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული საწარმოა, რომელიც ტანსაცმლის თურქულ მაღაზიათა ქსელს „ლს ვაიკიკის“ ამარაგებს.

 

ზაფხულში ორივე ფაბრიკაში ორ-ორი დღე ვიმუშავე. ჩემი თვალით ვნახე, რომ არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა ნამდვილი რუტინაა და დასაქმებულები ვერც იმ სადღესასწაულო დღეებით სარგებლობენ, რომლებიც ჩვენს შრომის კოდექსშია გათვალისწინებული. შრომის კოდექსის მიხედვით დასაქმებულს უფლება აქვს დაისვენოს წელიწადში 17 ეროვნული და რელიგიური დღესასწაულისას. თუმცა ზემოაღნიშნულ ქარხნებში დასაქმებულებს დასვენების დღეები მხოლოდ ახალ წელსა და აღდგომას აქვთ.

 

2013 წელს დამტკიცებული შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულმა უნდა მიიღოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, თუკი ის კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს. სამკერვალო ქარხნებისთვის კი 40 საათის ნაცვლად ზეგანაკვეთური შრომა 48 საათს ზემოთ აითვლება. კომპანიები შაბათ-კვირასაც მუშაობენ და ზეგანაკვეთურად მხოლოდ ამ დღეებში შრომას თვლიან. არადა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშებს 9 ან 10-საათიანი სამუშაო დღე აქვთ (ერთ საათიანი შესვენების ჩათვლით).  

ქართული ტექსტილი
ქართული ტექსტილი

მიუხედავად ამგვარი სიტუაციისა, არც ერთი კომპანია არ არღვევს მინიმალური ხელფასის შესახებ საქართველოში მოქმედ კანონს. ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან საქართველოში მინიმალური ხელფასი დღემდე 20 ლარია. ედუარდ შევარდნაძემ ეს ციფრი 1999 წელს გამოცემული ბრძანებით განსაზღვრა და მას შემდეგ არავის შეუცვლია.


ქუთაისში მოქმედ ქარხნებში ანაზღაურება მაღალი არ არის. „ჯორჯიან ტექსტილში“ დასაქმებული მუშა საშუალოდ საათში 1.16 ლარს იღებს (230 ლარი თვეში), „იმერში“ დასაქმებული კი, 1.51 ლარს (300 ლარი თვეში).


„კამპანია სუფთა ტანსაცმელი“  ევროპაში მოქმედი პროექტია, რომელიც მუშათა უფლებების დაცვას ცდილობს. მათ მაისში გამოქვეყნეს კვლევა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ათ ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. ამ ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველოს არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც რეალური მინიმალური ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს (უკრაინაში მინიმალური ხელფასი თვეში 80 ევროა, ხორვატიაში – 308 ევრო). კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არ არსებობს შრომის ინსპექტირება და შრომის სასამართლო.


ამ კვლევის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე თვითონ მენახა, რა ხდებოდა ამ ქარხნებში.  კომპანიის მენეჯერებმა პირველივე თხოვნის შემდეგ მომცეს გამოსაცდელი ვადა და ივლისის ბოლოს მუშაობა უპრობლემოდ დავიწყე.

 

სს „იმერი“


„იმერში“ რომ მივედი, ერთ ახალგაზრდა გოგონასთან დამსვეს. მთელი ორი დღე მასთან გავატარე. გვანცა ცდილობდა, ჩემთვის კერვა ესწავლებინა. ნაჭერზე სხვადასხვა სირთულის ხაზებს ავლებდა, ხან სწორს, ხან დახვეულს, რათა ჩემთვის დავალება გაერთულებინა. გვანცა 22 წლისაა და უკვე 7 წელია ფაბრიკაში მუშაობს. მითხრა, დიზაინის მიმართულებით კოლეჯი დავამთავრეო. ის ერთ-ერთია იმ 350 მუშათაგან, რომელიც მუშაობას დილის ცხრის ნახევარზე იწყებს. კვირაში ექვსი დღე მუშაობს, თუ ბევრი საქმე დაუგროვდა ან ფაბრიკას გეგმა სასწრაფოდ აქვს შესასრულებელი, მაშინ კვირასაც სამსახურში მისვლა უწევს. ამ შემთხვევაში ზეგანაკვეთური ხელფასის სახით სამუშაო დღეებში მიღებული ანაზღაურების გაორმაგებულ რაოდენობას იღებენ, ანუ საათში 3.02 ლარს. საღამოს სამუშაო საათების დასრულებაც გეგმის შესრულებაზეა დამოკიდებული. არის დღეები, როცა სამუშაო დღე ექვსის ნახევარზე სრულდება, მაგრამ თუ გეგმა ვერ შესრულდა, მაშინ შვიდის ნახევრამდე ან შვიდამდე მუშაობს. როგორც წესი, სამუშაო დღეებში რამდენიმე ზედმეტი საათით სამსახურში დარჩენა ზეგანაკვეთურ შრომად არ ითვლება. დასაქმებულები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას მხოლოდ კვირას მუშაობისთვის იღებენ. თანამშრომლები აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის დასაწყისში ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულებითაც სარგებლობენ.


სს „იმერი“ უკვე 85 წელია არსებობს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ქართველი მფლობელები ჰყავს. ამჟამად საწარმოს ხელმძღვანელი გიორგი ჩიხლაძეა, თუმცა წილის მფლობელებზე სარეგისტრაციო დოკუმენტში არაფერია ნახსენები. ჩიხლაძე ჩემი იქ ყოფნის დროს რამდენჯერმე შემოვიდა მთავარ დარბაზში, სადაც მკერავები სხედან და პირადად ამოწმებდა მუშაობის სისწრაფესა და ხარისხს. ბრიგადირებს ხმამაღლა ეუბნებოდა, თუ პერსონალს აქ მუშაობა არ მოსწონს, დღესვე დატოვონ სამსახურიო.


ამჟამად „იმერი“ გერმანულ კომპანია „ბარბარა ლებეკთან“ და იტალიურ „მონკლერთან“ თანამშრომლობს. აგვისტოს დასაწყისში „იმერი“ „ბარბარა ლებეკისთვის“ ქალის სხვადასხვა მოდელის ქურთუკს, შარვალსა და ბლუზას აწარმოებდა. „მონკლერისთვის“ კი ის ბრიგადა, რომელშიც მე ვმუშაობდი, ბავშვის ზამთრის ქურთუკებს კერავდა.  „მონკლერის“ ონლაინ მაღაზიის გვერდზე ეს ქურთუკები 257 ევრო ღირს. ჩემი იქ მუშაობის დროს ბრიგადა დღეში საშუალოდ 100 ასეთ ქურთუკს კერავდა.


„იმერში“ ამჟამად 6 ბრიგადა მუშაობს, თითოეულს ერთი ბრიგადირი ჰყავს, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდა ქალები არიან და მუდმივად ხმამაღლა მოუწოდებენ მკერავებს მუშაობის ტემპის გაზრდისკენ. ფაბრიკაში ზარი სულ რვაჯერ ირეკება. პირველი, 15-წუთიანი შესვენების მაუწყებელი ზარი 10 საათზე ირეკება, შემდეგ ნახევარსაათიანი შესვენებაა  პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე და ბოლო 15-წუთიანი შესვენება ოთხის ნახევარზეა. ნახევარსაათიანი შესვენების დროს ქალები, რომლებიც მუშახელის 90%-ს შეადგენენ, სასადილოსკენ მიდიან. სასადილოში დიდი ქვაბები დგას და საბჭოთადროინდელი ბაღის ან სკოლის ბუფეტს ჰგავს. საკვები ფასიანია, თუმცა ფასები – შეღავათიანი, ისეთი, რომ 300-ლარიანი ხელფასის მქონეს შეეფერებოდეს. ქალების უმეტესობას სადილი შინიდან მოაქვს და იქ ერთმანეთს უნაწილებენ, ძალიან ცოტა თუ ყიდულობს სასადილოს საკვებს შეღავათიან ფასებში.


ფაბრიკაში კაცებიც მუშაობენ, ან აუთოებენ, ან საკერავ მანქანებს არემონტებენ. ისინი, ვინც აუთოებენ, მთელი დღე ფეხზე დგანან. ფეხზე დგანას ისინიც, ვინც შეკერილ პროდუქტს ზედმეტი ძაფებისგან ან მარკებისგან წმენდს, ახარისხებს და პაკეტებში ათავსებს. მათ სამუშაო მაგიდას სკამი არ აქვს. მათი ხელფასი კი მკერავის ხელფასზე დაბალია, სამუშაო დღე კი მკერავის სამუშაო დღეზე გრძელი. მწმენდავებისა და დამუთოვებლების საქმე ხომ ტანსაცმლის შეკერვის შემდეგ იწყება.


შპს „ჯორჯიან ტექსტილი“

კომპანიის დირექტორი ადილ სარია, თურქეთის მოქალაქე, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს. „ჯორჯიან ტექსტილმა“ პირველი სამკერვალო ფაბრიკა ხელვაჩაურში 2006 წელს გახსნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის მფლობელი ნური სარია, ადილ სარის მამა.


ქუთაისის ფაბრიკაში სამუშაო დღე ცხრა საათზე ზარის დარეკვის შემდეგ იწყება და საღამოს 7 საათზე სრულდება ისევ ზარის ხმით. ამ დროის განმავლობაში მკერავებს უფლება არ აქვთ ერთმანეთს ესაუბრონ ან გამოიყენონ ტელეფონი. საუბარი იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მკერავი სამუშაოსთან დაკავშირებული კითხვით მიმართავს ბრიგადირს ან კოლეგას.


ფაბრიკაში ორი ბრიგადა მუშაობს, ჯამში, 250 ადამიანით. თითოეულს თავისი ქართველი ბრიგადირი ჰყავს, რომლებიც ყვირილით მუდმივად სწრაფად მუშაობისკენ მოუწოდებენ პერსონალს. აქვეა თურქი ზედამხედველი, რომელიც ქართულად ვერ საუბრობს, ვერც ინგლისურად ან რუსულად. ქართველები მასთან ჟესტების ენით ურთიერთობენ. ეს ბევრ გაუგებრობას იწვევს, თურქი ზედამხედველი კი ბრაზობს, თუ ქართველები დავალებას სათანადოდ ვერ შეასრულებენ. ეს გაუგებრობა საკუთარ თავზეც გამოვცადე. მე თარჯიმანი მოვითხოვე, რომ გამეგო რას მეუბნებოდა, მაგრამ იქვე მყოფმა ქალებმა მითხრეს, ეგ წელიწადში ერთხელ მოდის და მაგის იმედი არ გქონდეს, აქ თუ აპირებ მუშაობასო.


შინაგანაწესის მიხედვით, სამუშაო დღე „ჯორჯიან ტექსტილში“ 6 საათზე მთავრდება, რეალურად კი, გეგმის შესრულების შემდეგ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში სამუშაო დღე 7 საათზე დასრულდა, მკერავებმა მითხრეს, რომ ძირითადად ამ დროს ამთავრებენ სამსახურს, ან უფრო გვიან. ეს დამატებითი შრომა ზეგანაკვეთურად არ ითვლება და, შესაბამისად, ანაზღაურებაც არ მიეცემათ. ზეგანაკვეთურად მხოლოდ შაბათს მუშაობა ითვლება.


„ფიქსირებული ხელფასი თვეში 160 ლარია, ამას ემატება ბონუსები სანიმუშო ყოფა-ქცევისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის, რაც, საერთო ჯამში, 110 ლარს აღწევს,“ – ასე მითხრა სამსახურის სათხოვნელად მისულს მენეჯერმა ნინო ნიკოლაძემ. კომპანიის ფინანსური მენეჯერის, ნონა კაკაბაძის თქმით კი, ფიქსირებული ხელფასი 250 ლარია და ამას ემატება ბონუსები ყოველთვიურად, რაც, საერთო ჯამში, 350 ლარს შეადგენს. მკერავები კი მეუბნებოდნენ -300 ლარი საოცნებო ხელფასია, მაგდენს ვერ გამოვიმუშავებთო.  თუ მკერავებს შაბათსაც მოუხდათ მუშაობა, ანაზღაურების სახით გაორმაგებულ ხელფასს იღებენ, რაც საათში 2.32 ლარს უდრის. შვებულების დღეების რაოდენობა კი შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ დიდი გეგმაა შესასრულებელი, მაშინ შვებულების დღეებიც ნაკლებია.


ფაბრიკა ქუთაისში ძველი შენობის მესამე სართულზე მდებარეობს. კონდენცირების სისტემის მოვალეობას ფანჯრებში ამოჭრილი პატარა ხვრელები ასრულებს, საიდანაც შემოსული ჰაერი სუნთქვისთვისაც კი არ არის საკმარისი. მით უმეტეს, როცა გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და შიგნით სქელი, შავი მტვერი. პირველად რომ შევედი დარბაზში, მტვერმა სუნთქვა შემიკრა, საღამოს წამოსულს კი სხეულის ყველა ნაწილი, რომელსაც ტანსაცმელი არ ფარავდა, გაშავებული მქონდა. მტვერი იმ ნაჭრის გამო იყო, რომლისგანაც ქარხანაში „ლს ვაიკიკისთვის“ გასაგზავნი სპროტული ქურთუკები იკერებოდა. ქურთუკების გასაყიდი ფასი 35 თურქული ლირა ანუ 29.8 ლარია.


ერთსაათიანი შესვენება ფაბრიკაში პირველ საათზე იწყება. ამ დროს ქალებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოსთან, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რიგი დგება. ფაბრიკაში სასადილო ადგილად ერთი პატარა, შავი მტვერით დაფარულ ოთახს იყენებენ, სადაც ორი მაგიდა დგას გრძელი ხის სკამებით, სადაც ერთ ჯერზე მაქსიმუმ 15 ადამიანს შეუძლია დაჯდომა. ქალების დიდი ნაწილი საკუთარ სამუშაო ადგილზე სადილობს და ზარის დარეკვისთანავე იქვე გადადებულ საკერავს უბრუნდება.


ფაბრიკაში მუშაობის პირველი დღე განსაკუთრებით დამღლელი და გრძელი იყო ჩემთვის. მგონი, ცხოვრებაში არაფერი გამხარებია ისე, როგორც შვიდი საათის მოახლოება და ზარის ხმის გაგონება.

 

ჰო, მართლა, ორივე ქარხნის სამკერვალო დარბაზებში კედლებზე ჰკიდია დიდი, ძველი საათები.

 

ხელისუფლება და შრომის ბაზარი


ნიკა გილაურმა, თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2012 წელს საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა პოტენციურ ინვესტორებს, რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარი და ბიზნესის დაწყების პირობები საკმაოდ მიმზიდველადაა აღწერილი. „ხელსაყრელი მდებარეობა, იაფი მუშახელი, დაბალი და პროპორციული გადასახადები, ეფექტური საექსპორტო რეჟიმი და დამატებითი ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყანას აძლევს საშუალებას გახდეს ტანსაცმლის ინდუსტრიის ცენტრი,“ ვკითხულობთ გილაურის მიმართვაში.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შრომის პირობებისა და ბაზრის გაუმჯობესების მიზნით მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა. ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე შეხვდა დასაქმებულთა წარმომადგენლებს. ირაკლი ღარიბაშვილი კი ამჟამად სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც შრომის სფეროში წარმოქნილ პრობლემებს განიხილავს. კომისიის შექმნიდან დღემდე მხოლოდ ერთი სხდომა ჩატარდა, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, 1 მაისს.


ამჟამად ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ემზადება და ახალ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს. კანონპროექტი შრომის ინსპეტქირების სამსახურის შექმნასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს, თუმცა არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზრდას. გარდა ამისა, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილია 2 მილიონი დოლარი საქართველოში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მომდევნო 4 წლის მანძილზე.

 

 *  *  *

საფეიქრო ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პირველად პროფესიული კავშირი 1906 წელს შექმნეს და იმასაც კი მიაღწიეს, რომ დღეში 8 საათი ემუშავათ.  მათ კავშირს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე დღეს პროფესიულ გაერთიანებებს აქვთ.


დღეს ქვეყანაში 26 სამკერვალო ფაბრიკაა, რომელთაგან მხოლოდ ორია გაერთიანებული პროფკავშირებში. სს „იმერი“ ერთ-ერთი მათგანია. კლარა მაჭარაშვილის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათ მრავალი ცდის მიუხედავად ვერ მოახერხეს „ჯორჯიან ტექსტილის“ ორგანიზაციაში გაწევრიანება.


„2011 წელს გვქონდა მათთან მოლაპარაკება და დასაქმებულებს სურდათ პროფკავშირებში გაწევრიანება. რამდენიმე დღის შემდეგ მათ უარი განაცხადეს, რადგან მფლობელებმა დააშინეს,“ ამბობს მაჭარაშვილი.


ნონა კაკაბაძე, კომპანიის ფინანსური მენეჯერი კი ამბობს, რომ მათ მუშებს პროფკავშირებში გაწევრიანება სხვა მიზეზით არ სურთ. „ჩვენთან მუშაობენ ყოფილი მასწავლებლები, პოლიციელები, რომლებიც პროფკავშირების წევრები იყვნენ და ვერ მიიღეს დახმარება მაშინ, როცა ძველი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ახლა ისინი იმედგაცრუებული არიან და არ სურთ 3 ლარი ყოველთვიურად საწევროს სახით გადაიხადონ. პროფკავშირებში ფიქრობენ, რომ ჩვენ ვაშინებთ ამ ხალხს და ამიტომ ამბობენ უარს. მე ვერ ვაკადრებ ჩემს თანამშრომლებს ვუკარნახო, რა გააკეთონ. ისინი სრულწლოვანი ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, რა არის სწორი და რა არა,“ აცხადებს კაკაბაძე.


მაჭარაშვილი აქვე იმასაც გვეუბნება, რომ „ჯორჯიან ტექსტილიდან“ პროფკავშირებში სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით უკმაყოფილო ადამიანებმა რამდენჯერმე დარეკეს. ამის საფუძველზე მაჭარაშვილმა ქუთაისში ფაბრიკაში  მისვლა გადაწყვიტა, თუმცა მფლობელებმა სამკერვალო დარბაზში არ შეუშვეს.


„მენეჯერები ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ მუშებს ხელფასზე ბონუსები ემატებათ. თუმცა გაურკვეველი იყო, რის მიხედვით განისაზღვრებოდა ბონუსური სისტემა. მე მივწერე ნური სარს წერილი სამუშაო პირობებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი დღემდე არ მომსვლია,“- გვიყვება მაჭარაშვილი.


პროფკავშირების წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეამოწმონ სს „იმერი,“ რომელიც მაჭარაშვილის თქმით, ორგანიზაციის აქტიური წევრია: „ვიცით, რომ „იმერში“ ხელფასები მაღალი არ არის, მაგრამ მეტის მოთხოვნა არ შეგვიძლია. კომპანიასა და ევროპელ პარტნიორებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ფასი დაბალია. ევროპელებმაც იციან, რომ ჩვენთან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ამიტომაც არიან აქ. ხალხი თანხმდება ამ დაბალ ანაზღაურებას, რადგან სხვა შემოსავალი არ აქვთ. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველა ჩამოსულ ინვესტორთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება, სადაც ჩადებული იქნება მინიმალური ხელფასის შესახებ ინფორმაცია.“


მაჭარაშვილი უკმაყოფილოა პროფკავშირების ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, რადგან მათ მიერ წამოწეულ არც ერთ პრობლემას რეალური რეაგირება არ მოჰყოლია. მეორე მხრივ, დავით ივანიძე, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პროფკავშირებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.


შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი 1.5 წლის წინ შეიქმნა. ივანიძის თქმით, ხელისუფლებას ამჟამად არ აქვს საშუალება გააკონტროლოს საქართველოში მოქმედი კომპანიები. მას იმედი აქვს, რომ ახალი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნას 2015 წელს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე შეიქმნება ცენტრალური ოფისი, მოგვიანებით კი რეგიონებშიც გაიხსნება შესაბამისი დაწესებულებები და სრულად მოხდება იმ კომპანიების კონტროლი, რომლებიც არ დაიცავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.


„ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ბოლო დადგენილების მიხედვით 20 ლარია. ასე რომ, იმ ქარხნებში, რომლებზეც თქვენ მეუბნებით, კიდევ კარგი ანაზღაურება ყოფილა. ჩვენი ქვეყნის მთავარი მომხიბვლელობა უცხოელი ინვესტორებისთვის დაბალანაზღაურებადი მუშახელი იყო. თუმცა ჩვენ ვაპირებთ შრომის კოდექსში ჩაიდოს მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ მოთხოვნა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს, ანუ 320 ლარი მაინც უნდა იყოს,“ – ამბობს ივანიძე.


მაია სიმონიძე, სს „იმერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფაბრიკაში უკვე 25 წელზე მეტია მუშაობს. მას ახსოვს ის წლები, როცა პროდუქციის საწარმოებლად ნაჭერიც კი არ იშოვებოდა ქვეყანაში. სიმონიძეც ამბობს, რომ ევროპული კომპანიები საქართველოზე არჩევანს დაბალანაზღაურებადი მუშახელის გამო აჩერებენ. „როცა ჩვენ იტალიურ კომპანია „მონკლერთან“ დავიწყეთ მოლაპარაკება, ვცდილობდით კონტრაქტის ფასის გაზრდას. ახლა ჩვენ ველით, ახალი პარტნიორი როდის გამოჩნდება და „მონკლერს“ ჩაანაცვლებს. ეს მათმა წარმომადგენლებმაც იციან. მაგრამ ამ კომპანიის წყალობით თავის დროზე ჩვენ შევძელით ორი ბრიგადის შენარჩუნება, რომელთა გათავისუფლებას ვაპირებდით. დღეისთვის ჩვენი მთავარი პრობლემა არაკვალიფიციური მუშახელია. ჩვენი შემოსავლის 60-70% ხელფასებზე იხარჯება, გარდა ამისა, ფაბრიკას უამრავი ხარჯი აქვს. რომ გვყავდეს უფრო კვალიფიციური მუშახელი, პროდუქტიულობა გაიზრდებოდა, შესაბამისად, ხელფასებიც მოიმატებდა,“ – ამბობს სიმონიძე.


მისი აზრით, ქუთაისის შრომის ბაზარი საკმაოდ მწირია, რადგან ბოლო წლებში ბევრმა ქალმა დატოვა ქალაქი და სამსახური საზღვარგარეთ იპოვა. ახლა კი მათი ოჯახის წევრებს აღარ უნდათ მუშაობა მწირი ანაზღაურების სანაცვლოდ, რადგან დედები ფულს ყოველთვიურად მაინც აგზავნიან.


ნონა კაკაბაძემ გვიამბო, რომ „ჯორჯიან ტექსტილის“ დამფუძნებლებმა მინიმალური ხელფასის ოდენობა წინა ხელისუფლებასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრეს. „როდესაც თურქი მფლობელები ჩამოვიდნენ აჭარაში, მათ არ იცოდნენ, რა რეგულაციები მოქმედებდა ქვეყანაში. ამიტომ მთავრობამ განსაზღვრა, რომ 120 ლარი უნდა ყოფილიყო მინიმალური ხელფასი და სულ 500 ადამიანი დაგვესაქმებინა. დღეს აღარავინ ერევა ჩვენს საქმიანობაში და ჩვენ თავად ვადგენთ ხელფასის გაცემის წესს,“- აცხადებს კაკაბაძე.


დავით ივანიძეც ადასტურებს, რომ ახლა კომპანიებთან მინიმალური ხელფასის ზღვარის დასადგენად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს: „ამჟამად ერთადერთი ბერკეტი რაც გვაქვს, ისაა, რომ ჩავდოთ კონტრაქტში შრომითი ხელშეკრულების შემოწმების პირობა, რა ხელშეკრულებების საფუძველზე ამუშავებს ესა თუ ის დამსაქმებელი ხალხს, რა პირობებში ჰყავს ისინი და რამდენად ასრულებს არსებულ კანონმდებლობას.“


დავით ივანიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დაგვეხმარება საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესებაში. ნონა კაკაბაძე ფიქრობს, რომ თუ  მოთხოვნები გაიზრდება, შესაძლოა, ევროპულმა კომპანიებმა ქართული ბაზარი საერთოდ დატოვონ.


უკვე თვეზე მეტია ვცდილობთ გერმანულ „ბარბარა ლებეკთან,“ იტალიურ „მონკლერთან“ და თურქულ „ლს ვაიკიკისთან“ დაკავშირებას. მათთვის გაგზავნილი კითხვები იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ქუთაისში, მათ პარტნიორ კომპანიებში არსებული ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შესახებ, კვლავაც პასუხებს ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი