ნეტგაზეთი | სტუდენტების ნაწილი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების კუთხით მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს სტუდენტების ნაწილი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების კუთხით მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს – Netgazeti
RU | GE  

სტუდენტების ნაწილი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების კუთხით მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს

პრიორიტეტული უნივერსიტეტების სია, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, კონკურსის შედეგების გაუმჭვირვალობა – საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ სტუდენტთა ნაწილი ამ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე  საუბრობს.

2010 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ცოდნის კარის” დახმარებით შეეძლოთ საზღვარგარეთ სწავლისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება. გაზაფხულზე ეს პროექტი დაიხურა და  “განათლების საერთაშორისო ცენტრი” შეიქმნა. ეს ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების ნაწილია და 2014 წლის მაისიდან სწორედ ის ზრუნავს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა დაფინანსებაზე.

 

ილია არონიამ აშშ-ში, სენტ ჯონის უნივერსიტეტში “ფილოსოფიის, პოლიტიკის, კლასიკისა და მათემატიკური მეცნიერებების” ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე 2013 წლის შემოდგომაზე ჩააბარა. უნივერსიტეტმა ის თავდაპირველად სრულად დააფინანსა, თუმცა მეორე სემესტრზე გადასვლისას შეიტყო, რომ დაფინანსების წესი შეიცვალა, რის შემდეგაც სწავლის საფასურის 10%–ის გადახდა თვითონ მოუწევდა, რაც წელიწადში 15 000$–ს აღწევს.

 

2014 წლის იანვარში მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ცოდნის კარს” დაფინანსების მოსაპოვებლად მიმართა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მის მიერ არჩეული უნივერსიტეტი პრიორიტეტული უნივერსიტეტების სიაში არ იყო, რის გამოც ილიამ კონკურსში მონაწილეობა ვეღარ მიიღო.

 

“მე, რომელიც არანაკლებ კარგ უნივერსიტეტში ვსწავლობ და ასევე, მონდომებული ვარ სწავლისთვის, მეკრძალება და მეზღუდება ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც მიმაჩნია, რომ დისკრიმინაცია არის იმიტომ, რომ რა ნიშნით აარჩიეს და რა ნიშნით აფინანსებენ სხვას, ამას ვერ მიხსნის ვერავინ,” – ამბობს ილია არონია.

 

“განათლებისა და საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე ამბობს, რომ პრიორიტეტულ უნივერსიტეტთა სია “Times”-ის რეიტინგის მიხედვით შედგა:

 

“პრიორიტეტული ნიშნავს, რომ პრიორიტეტი ეძლევა ამ უნივერსიტეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია სხვა უნივერსიტეტი,” – განმარტავს ის.

სტუდენტები, რომლებიც განათლებას აშშ-ში იღებენ და სწავლის დაფინანსების კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ
სტუდენტები, რომლებიც განათლებას აშშ-ში იღებენ და სწავლის დაფინანსების კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ

 

გარდა პრიორიტეტული უნივერსიტეტების ჩამონათვალისა, სტუდენტები კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კონკურსის შედეგების გაუმჭვირვალობას ასახელებენ.

 

“როდესაც კონკურსის დაფინანსების წყარო გადამხდელთა ჯიბიდან გადახდილი სახსრებია, ელემენტარული ვალდებულებაა თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს, ვის დაფინანსებაში წავიდა ეს თანხა, რამდენი და რატომ,” – განაცხადეს მათ.

 

ნინო ჭელიძე ამბობს, რომ “განათლების საერთაშორისო ცენტრს” შერჩევის გასაგები, მისაღები და გამართული მექანიზმი აქვს:

 

“ეს არის ინტერსამთავრობო და საერთაშორისო კომისია, სადაც 10 წევრი იყო. 5 – სამინისტროების წარმომადგენლები და 5 იყო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებდნენ აპლიკანტებს, ანუ კომისიის ერთმა წევრმა არ იცოდა, თუ კომისიის მეორე წევრი რა ქულას უწერდა აპლიკანტს,” –  თქვა ნინო ჭელიძემ

“განათლების საერთაშორისო ცენტრის” შექმნას  სტუდენტები დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ კარგი წამოწყებაა. თუმცა ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მხოლოდ მაგისტრატურა და დოქტორანტურა დაფინანსდება.

 

“ბაკალავრების დაფინანსება, ჩვენი აზრით, არის ძალიან აუცილებელი, იმაზე აუცილებელია, ვიდრე მაგისტრის თუ დოქტორანტურის დაფინანსება, ვინაიდან მაგისტრი, რომელიც მიდის ქართული ბაკალავრიატის დიპლომით უცხოეთში, მას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის კლიმატთან შეგუებაში. წელიწადნახევარში არ მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრის მომზადება შესაძლებელი არის,” – თქვეს მათ.

 

“განათლების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე განმარტავს, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს ბაკალავრიატს, რადგანაც დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი, განათლების მესამე საფეხურზე მყოფი ადამიანი წავიდეს განათლების მისაღებად და შემდეგ საჯარო სექტორში დაიწყონ მუშაობა.

 

მისი თქმით, ბაკალავრებს შეუძლიათ ისწავლონ უცხოეთში და მოიპოვონ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტიპენდია.

 

“გარდა ამისა საბაკალავრო პროგრამები ილიაუნიში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ისეთი ხარისხის ცოდნას იძლევა, რომელზედაც  განათლების ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ არ საჭიროებს უცხოეთში ამ ცოდნის გამაგრებას; ანუ ბაკალავრის ხარიხსი საქართველოში მეტნაკლებად უკვე ფეხზე დგას,”– თქვა ნინო ჭელიძემ

 

ილია არონია ახლა ამერიკაში, ერთ–ერთ მაღაზიაში ასისტენტად მუშაობს, რათა სწავლის გადასახადის დაფარვა შეძლოს. ილიას თქმით, სწავლისა და მუშაობის ურთიერთშეთავსება ძალიან ძნელია, რადგანაც ახლა სამსახურს დაგეგმილზე მეტ დროს უთმობს.

 

“ის მომენტი, რომ როცა, ასე ვთქვათ, გიწევს იმაზე მეტი ხანი მუშაობა, ვიდრე შენ გქონდა გათვლილი, იმიტომ, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადო და ამ შემთხვევაში, შენს სახელმწიფოს შეეძლო დაეფინანსებინე და ეს პრობლემა არ გქონოდა, ძალიან ძნელი არის ამაზე ფიქრი და ძნელია ამის გაკეთება, მაგრამ ხომ იცით, განათლებისთვის არაფერს არ იშურებენ,” – თქვა ილიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი