საზოგადოება

რელიგიური სიმბოლიკები საჯარო სკოლაში

16 მაისი, 2014 • • 2838
რელიგიური სიმბოლიკები საჯარო სკოლაში

“კი, შეიძლება გაჩნდეს ასეთი კითხვაც, მაგრამ მეორე მომენტია, საკლასო ოთახში რომ ხატი დამხვდა, მე იმ ხატს საკლასო ოთახიდან ვერ გავატანინებ, მე მართლმადიდებელი ვარ და ღვთის წინაშე მაგას ვერ ვიზამ. ჩემთვის ძალიან ძნელია, ერთადერთი, რაც შეიძლება სკოლამ გააკეთოს, არის ის, რომ სისტემატურად არ შემოვიდეს საეკლესიო ნივთები. იქნება ეს ხატი თუ ლოცვანი”, – ასე პასუხობს შეკითხვას – რატომ არღვევენ სკოლები კანონს – ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე.

 

მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ “ჩვენ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ” და ყველა რელიგიას უნდა ვცეთ პატივი. მაგრამ, “გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობა არის მართლმადიდებელი, სკოლებში რელიგიური კუთხეების არსებობაში პრობლემას ვერ ვხედავ”.

 

დირექტორის აზრით, მსგავსი კუთხეები დადებითად განაწყობს მოსწავლეებს და ასწავლის როგორც თავისი, ასევე სხვისი რწმენის პატივისცემას.

 

ამ კონკრეტული დირექტორისთვის გაკვეთილის “მამაო ჩვენოთი დაწყება” მიუღებელია. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეილახება არამართლმადიდებელ მოსწავლეთა რელიგიური გრძნობები. “ეს უკვე იქნება იძულება, იძულების უფლება კი არ გვაქვს”.

 

დირექტორს მიაჩნია, რომ სკოლაში ბიბლიის ან ყურანის მიტანის უფლებას მოსწავლეებს არ მისცემს, თუმცა ჯვრის ან ხელზე ფსალმუნის ტარების უფლება მოსწავლეს აქვს.

 

“ამას უკვე სკოლის შინაგანაწესი არეგულირებს, რომელიც ზედმეტი სიმბოლიკისტარებას მოსწავლეს უკრძალავს”.

ბათუმის #9 საჯარო სკოლაში
ბათუმის #9 საჯარო სკოლაში

 

მეცხრე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ასევე გამოირჩევა რელიგიური სიმბოლოების სიმრავლით. პირველ სართულზე სპეციალური ოთახიცაა გამოყოფილი, რომელიც მხოლოდ რელიგიური ხასიათის ნივთებს, ლიტერატურასა და ნაკეთობებს ეთმობა. სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე ამ ოთახის არსებობას საგანმანათლებლო მოტივით ხსნის: “ამას მხოლოდ სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს. ბავშვების მიერ არის ეს ნივთები გაკეთებული. ზოგი ნაჩუქარია. მარტო მართლმადიდებლური ხატები არ არის, კათოლიკურიც გვაქვს”.

 

დირექტორი ამბობს, რომ სკოლა მრავალეთნიკურია. “გვაქვს სომხური სექტორი და, ბუნებრივია, გრეგორიანული აღმსარებლობის მოსწავლეები სწავლობენ. სკოლაში სხვა დენომინაციის მოსწავლეებიც არიან”.

 

კოლეგების მსგავსად, ნუგზარ სურმანიძეც ამბობს, რომ კანონით საჯარო სკოლები თავისუფალია როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან: “ამ თემას ფრთხილი მოპყრობა სჭირდება, ბავშვმა არ უნდა იგრძნოს დისკრიმინაციულად თავი. მაგრამ სკოლაში რელიგიური რიტუალების ჩატარება იკრძალება, მაგალითად ლოცვა, შენობების კურთხევა, სიმბოლიკები კი სასწავლო პროცესს ეხმარება”.

 

კაბინეტში ხატები მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორსაც აქვს, თუმცა, შორენა ქონიაძეს მიაჩნია, რომ სკოლა რელიგიისგან თავისუფალია: “აქვე მაქვს საინფორმაციო ყუთი, სადაც მოსწავლეები ანონიმურად ყრიან წერილებს, თუ რა შენიშვნები აქვთ და რაში ხედავენ პრობლემას ამ საკითხებზე. ჯერ არ მქონია შემთხვევა ვინმეს ეთქვას, რომ ხატები ან სხვა რელიგიური სიმბოლოები მას პრობლემას უქმნის. თუმცა მე მიმაჩნია, რომ სკოლა რელიგიისგან თავისუფალი უნდა იყოს”.

 

დირექტორები რელიგიური ნივთების სკოლაში შეტანას მოსწავლეებს უკავშირებენ: “კლასს მოსწავლეები აწყობენ და ხატებიც მათ მოაქვთ. მართალია, დირექტორი უფლებამოსილი პირია და შეუძლია უთხრას მოსწავლეს, რომ ეს კანონდარღვევაა, მაგრამ პრეტენზიები რადგან არ არის, მე თავს ვიკავებ”, – გვეუბნება შორენა ქონიაძე.

 

დირექტორები ამბობენ, რომ კანონდარღვევაზე არც განათლების სამინისტროსგან მიუღიათ რაიმე მითითება. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების სამინისტროსგან კომენტარი ვერ მივიღეთ.

 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, განათლების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის შეფასებით, კანონის მიხედვით ქართული საგანმანათლებლო სისტემა გამოყოფილია ნებისმიერი რელიგიური ჯგუფებისგან.

 

“რელიგიური ატრიბუტები სკოლაში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. სასულიერო პირები მიდიან სკოლებში და რელიგიურ სწავლებებს უკითხავენ მოსწავლეებს, რაც კანონით დაშვებული არ არის. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება შეისწავლონ მართლმადიდებლობა. ამისთვის საქართველოში არსებობს საპატრიარქოს სკოლები, რომლებსაც ვაუჩერების სახით ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო და გადასახადიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ დაბალია. აჭარაში არის მუსულმანური სასულიერო სკოლებიც. მაგალითად, ავსტრიაში, სადაც მოქალაქეების უმრავლესობა არის კათოლიკე, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სხვა რელიგიებიც, თუკი ამას ოჯახი მოითხოვს. თუმცა ამისთვის სტატუსის მოპოვებაა აუცილებელი. ამჟამად ასეთი სტატუსი 13 რელიგიურ ჯგუფს აქვს, მათ შორის მართლმადიდებლობასაც. ავსტრია ლიბერალური ქვეყანაა და ამით ცდილობს დაიცვას უმცირესობების უფლებები.


რადგან საზოგადოება ამ საკითხზე საკმაოდ ემოციურად კამათობს, ეს ნიშნავს, რომ საკითხი აქტუალურია, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა – რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – მოქალაქეობა თუ რელიგიური იდენტობა? რამ უნდა გააერთიანოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები? ჩემი მოსაზრება ემთხვევა კანონში მოცემულ ღირებულებას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეობა”.

 

თამარ მოსიაშვილის აზრით, მოქალაქეობა კანონის პატივისცემასაც ნიშნავს. თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ხშირ შემთხვევაში, უჭირთ რეაგირება კანონდარღვევაზე, როდესაც ეს დომინანტ ჯგუფებს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი