საზოგადოება

ქალები სამმაგი დისკრიმინაციის ქვეშ

5 მარტი, 2014 • • 1525
ქალები სამმაგი დისკრიმინაციის ქვეშ

– “ფოთის ახალ რაიონში არც ერთი კორპუსი არ არის ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე. ერთ-ერთ ადგილზე არის ვითომ პანდუსი, რომლის სტანდარტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.”

 

– “სახელმწიფოს სტრატეგიას არ ვიცნობთ, როცა მოვიდნენ ჩვენთან, არ აგვიხსნეს რა უფლება გვაქვს ფართით დაკმაყოფილების დროს.”

 

– “რამდენი ვინმე მოვიდა უკვე, არც ვიცით. მოვლენ, გაზომავენ აქაურობას, რაღაცას ჩაწერენ და მიდიან. ჩვენ უკვე 20 წელია გაუსაძლის პირობებში ვართ.”

 

– “ჩვენ არავინ გვაძლევს ინფორმაციას, რა კანონები არსებობს. პირველად გავიგეთ, რომ მასწავლებელი სახლში შეიძლება მოვიდეს ეტლით მოსარგებლე ბავშვთან და ასწავლოს”.

 

ეს ამონარიდები იმ ფოკუსჯგუფებიდან და პირისპირ ინტერვიუებიდანაა, რომლებიც ფოთში, ზუგდიდში, წყალტუბოში, გორსა და თელავში მცხოვრებ შშმ პირებთან ჩაწერეს.  

“ეს ადამიანები არიან დისკრიმინაციის ობიექტი, როგორც ქალები, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და როგორც დევნილები. რეკომენდაციები გვაქვს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომ რეალურად გათვალისიწნებული იყოს ეს პრობლემა. საუბარია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლად ჯგუფებს”,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

კვლევა, რომელიც გასული წლის მაისში ჩატარდა და სულ 100  ადამიანი გამოკითხა, დაინტერესებული იყო შშმ დევნილი ქალების საცხოვრებლი პირობებით, განათლებაზე, სამუშაოსა და უფლებების განხორციელების მისაწვდომობაზე.

 

გაეროს განვითარების პროგრამის იურისტმა ირინა ობოლაძემ დღეს გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ შშმ დევნილი ქალების შესახებ ინფორმაციის მოძიება მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებებიდან.

 

ჩატარებული კვლევის მიხედვით, შშმ დევნილი ქალების უფლება ადეკვატურ საცხოვრებელ პირობებზე, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე არ არის რეალიზებული, რაც მათ წინსვლას ხელს უშლის.

კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ შშმ დევნილი ქალები არ ფლობენ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებისა და იმ უფლებების შესახებ, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

 

ასევე, გარდა იმისა, რომ დევნილების საცხოვრებელი ადგილები საჭიროებს რემონტს და არ აქვთ ისეთი დიზაინი, რომელიც პასუხობს შშმ დევნილი ქალების საჭიროებებს, მათ ასევე არ მიეწოდებათ კორპუსებში წყალი, საერთო საცხოვრებლებში, მოუწესრიგებელია საპირფარეშო და აბაზანა, არაერთი კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილებს უწევთ ეზოდან წყლის ზიდვა.

 

“დევნილებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართები არ არის საკმარისი”, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

 

კვლევაში წინ წამოწეულია ის, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი სერვისები ვერ ემსახურება ეფექტურად შშმ დევნილ პირებს. რესპონდენტები საუბრობენ სამედიცინო მუშაკთა მხრიდან უგულისყურობის ფაქტებზე.

პრეზენტაციაზე ირინა ობოლაძემ ისიც თქვა, რომ ზუგდიდში ყოფნისას სახალხო დამცველის მონიტორებმა ნახეს დევნილი ქალი, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით ცხოვრობდა “არადამიანურ და შეურაცხმყოფელ პირობებში”. იგი ცხოვრობდა ოთახში, რომელსაც აქვს ერთი ფიცრებით აჭედილი სარკმელი. ოთახში იდგა ფეკალიებისა და გახრწნილი პროდუქტის სუნი. დევნილს აღენიშნებოდა მძიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა, ხოლო მისი მშობელი ეწინააღმდეგებოდა მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას.

 

მშობლის წინააღმდეგობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სათანადო რეაგირება ვერ მოეხდინა მის დასახმარებლად. თუმცა სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაცია ჯანდაცვის მინისტრის სახელზე დევნილი შშმ ქალისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომის მიზნით.

 

დისკუსიაზე, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა, საუბარი შეეხო იმას, რომ ხშირად მშობლები წინააღმდეგი არიან, თავიანთი შვილები ინკლუზიურ განათლებაში ჩაერთონ. ან მიიღონ ის სერვისები, რომელიც შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.

აღნიშნული კვლევის განხორციელებისას სახალხო დამცველის აპარატის წევრები  რეგიონებში სტუმრობისას წააწყდნენ  უფლების დარღვევის არაერთ ინდივიდუალურ შემთხვევებს.

 

სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციით მიმართა, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკა შშმ დევნილი ქალებისთვის, ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანია იმ სერვისების შესახებ, რომელიც შმმ დევნილი პირებისთვისაა, დროულად განასახლოს დევნილები იმ კომპაქტური ჩასახლებებიდან, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია, ასევე ხელი უნდა შეუწყოს დევნილ მოქალაქეებში მცირე ბიზნესის წახალისებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი