საზოგადოება

ჰიდროპროექტი განსახლების გეგმის გარეშე

29 ივლისი, 2013 • 1237
ჰიდროპროექტი განსახლების გეგმის გარეშე

ერთი თვის წინ კი სოფლის ცენტრში გამოკრულ იმ პირთა სიაში, რომლებსაც ახალი ჰესების აშენების შემდეგ საცხოვრებელი სახლის დათმობა მოუწევთ, რამდენიმე გლეხმა საკუთარი სახელი და გვარი აღმოაჩინა. მათ იციან, რომ კაშხლების აგების შემდეგ მათი საცხოვრებელი დაიტბორება, თუმცა მოსალაპარაკებლად მათთან ჯერ არავინ მისულა.


“დაახლოებით ერთი თვეა რაც გავიგე, რომ ადგილს, სადაც მე ვცხოვრობ, დატბორვა ემუქრება. დაიტბორება ასევე სახლის წინ ჩემი ნაკვეთიც. ჯერ არავინ მოსულა მოსალაპარაკებლად იმაზე, თუ რა ოდენობის კომპენსაციას გადამიხდის კომპანია სახლისა და მიწის სანაცვლოდ. არც აღწერა ჩაუტარებიათ, თუმცა გავიგე, რომ როცა სახლში არ ვიყავი, ვიღაც მოსულა და ჩემი სახლის ფოტო გადაუღია. სხვა ვერაფერს გეტყვით,” – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები ალი დიდმანიძე. მსგავს სიტუაციაშია მისი 11 მეზობელი. 


პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რაზე დაყრდნობითაც კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღო, ნათქვამია, რომ კომპანია აპირებს მოამზადოს განსახლების სამოქმედო გეგმა, სადაც „გაწერილი იქნება ფიზიკური და ეკონომიკური განსახლების კონკრეტული ღონისძიებები”. 


მიუხედავად იმისა, რომ კასკადის მშენებლობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ინვესტორს განსახლების სამოქმედო გეგმა დღემდე არ მოუმზადებია. 


“ჩვენ უკვე გვაქვს დეტალური ინფორმაცია, თუ სად რა იგეგმება და რა ტერიტორიები დაიტბორება. ამის შესახებ ყველაფერი იცის მოსახლეობამაც. ყველამ კარგად იცის, თუ ვის რამდენად შეეხება პროექტი,” – ამტკიცებს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ნაკაშიძე. თუმცა თავადვე ადასტურებს იმასაც, რომ “აჭარ ენერჯი 2007”-ს განსახლების გეგმა, როგორც დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნებოდა ინფორმაცია გაწერილი, ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია. მისივე განმარტებით, თუ რატომ არ გახდა განსახლების გეგმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი, ამის შესახებ იმ კომპანიას უნდა ვკითხოთ, რომელმაც გეგმა მოამზადა.


“გამა კონსალტინგის” სპეციალისტი ჯუღულ ახვლედიანი კი ამბობს, რომ კომპანიამ მოამზადა ის, რაც დაუკვეთეს: “განსახლების გეგმის მომზადებაზე მათ ახლა დაიწყეს ჩვენთან მოლაპარაკება, თუმცა ჯერ არ შევთანხმებულვართ,” – უთხრა მან “ბათუმელებს”.


ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროპროექტების განხორციელების თაობაზე შეთანხმება 2011 წლის მარტში საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმდა. მემორანდუმი, რომელსაც ხელი იმდროინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოაწერა, მშენებელ კომპანიას ავალდებულებდა მოეპოვებინა ყველა სახის დოკუმენტი, რაც მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. კომპანიამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგების შესწავლა ქართულ საკონსულტაციო კომპანია “გამა კონსალტინგს” დაუკვეთა, რომელმაც მოამზადა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ პროექტის განხორციელებაზე დადებითად უპასუხა. 


“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანია არც ამჯერად მოამზადებს განსახლების სამოქმედო გეგმას და მომზადების შემთხვევაშიც გეგმას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. 


გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსირება იმ ტერიტორიების სანაცვლოდ, რომლებსაც კომპანია დაიკავებს, ადგილობრივი საბაზრო ფასის მიხედვით განხორციელდება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება:


“ჯერ არავინ მოსულა. არც ის ვიცი, რას შემომთავაზებენ. საბაზრო ფასი ჩემთვის მისაღები არ არის. ამ პირობებით შეიძლება ჩვენი მოლაპარაკება დადებითად არ დასრულდეს,” – ამბობს რევაზ ჩერქეზიშვილი, რომლის საცხოვრებელი სახლი მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი პროექტის ზემოქმედების გამო დაიტბორება. 


კითხვაზე, რატომ არ მოითხოვა გარემოს დაცვის სამინისტრომ განსახლების გეგმა კომპანიისგან? – სამინისტროს ნებართვების გაცემის განყოფილების ხელმძღვანელმა თამუნა შარაშიძემ უპასუხა, რომ განსახლების გემა უნდა მოეთხოვა მშენებლობის ნებართვის გამცემს, რადგან გარემოს დაცვის სამინისტროს ამის კომპეტენცია არ აქვს: “ჩვენ მოგვმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომ შეგვეფასებინა პროექტის გარემოზე შესაძლო ზემოქმედება. მათ უნდა მოეთხოვათ განსახლების გეგმაც”.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განგვიმარტეს, რომ ეს არც მათი კომპეტენციაა. 


“ანგარიშში წარმოდგენილი პრინციპი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია განსახლების გეგმას ნებართვის მიღების შემდეგ მოამზადებდა, ეწინააღმდეგება გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტს, რომელსაც საქართველო 1994 წელს მიუერთდა და რომლის თანახმადაც განსახლებისა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული აქტივების შეძენის დროს მთავარი პრინციპი პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის სანაცვლო ღირებულების კომპენსაციის შეთავაზება უნდა იყოს, რაც გამოიანგარიშება როგორც საბაზრო ღირებულებას დამატებული განსახლებისა და გარიგებების ხარჯები”, – ამბობს დათო ჭიპაშვილი. 


გარემოსდამცველების მოსაზრებით, ამ ანგარიშში წარმოდგენილი პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის როგორც მსოფლიო ბანკის, ისე სხვა საერთაშორისო კონვენციების უსაფრთხოების პოლიტიკასთანაც: განვითარების პროექტების გამო იძულებითი გადასახლებისა და გადაადგილების ძირითადი პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების თანახმად, გადასახლებისას ადამიანებს აქვთ უფლება უკეთეს ან მსგავს ალტერნატიულ მიწაზე და ადეკვატურ საცხოვრისზე, რომელიც მოიცავს ცხოვრებისთვის აუცილებელი საშუალებების არსებობასაც, ეს იქნება შრომის, ინფრასტრუქტურის თუ სხვა საშუალებები, რაც წარმოდგენილი პრინციპის ანუ ადგილობრივი საბაზრო ღირებულების გამოყენებით შეუძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი