საზოგადოება

მაია მიმინოშვილი: სერტიფიცირების პროცესი არასრულყოფილია

9 ივლისი, 2013 • 2529
მაია მიმინოშვილი: სერტიფიცირების პროცესი არასრულყოფილია

ქალბატონო მაია, ჯერ კიდევ სერტიფიცირება არ არის სავალდებულო და მასწავლებლები ნებაყოფლობით გადიან გამოცდაზე. რა ელით იმ მასწავლებლებს, ვინც არ გაივლიან სერტიფიცირებას?

 

მე ადრეც სკეპტიკურად ვუყურებდი იმ ფაქტს, რომ 2014 წლის შემდეგ მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები გვეყოლებოდა. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება, ჩვენ არც ერთი პედაგოგი დასაკარგი არ გვყავს. მაღალმთიან რაიონებში, სოფლებში, ჯერ კიდევ გვეყოლება პედაგოგები, რომლებსაც არ გაუვლიათ ეს პროცესი და, ბუნებრივია, ასეთი პედაგოგების სკოლებში არშეშვება არ იქნება სერიოზული ნაბიჯი. მე ვფიქრობ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გადაიხედება ეს ყველაფერი. თუ დავუშვათ, ასე არ მოხდა, მაშინ ეს თარიღი აუცილებლად გადაიწევს. სერტიფიცირებას ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია. ერთია თეორიული ცოდნის დადასტურება მასწავლებლის მხრიდან, მაგრამ რამდენად იყენებს ამ ცოდნას პრაქტიკაში, როგორ მუშაობს ის კლასში, ამის შეფასება არ ხდება, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთია ცოდნით აღჭურვილი მასწავლებელი და მეორეა უნარი – ეს ცოდნა გადასცეს მოსწავლეს.

 

როდესაც სერტიფიცირების ამ მოდელზე დავიწყეთ მუშაობა, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა კომპონენტები იქნებოდა ჩართული და კომპლექსურად მოხდებოდა პედაგოგის შეფასება. გამოცდების შედეგები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნებოდა სხვა კომპონენტებთან ერთად. როგორც ხედავთ, მხოლოდ სასერტიფიკატო გამოცდების ამარა დავრჩით.

 

მაია მიმინოშვილი
მაია მიმინოშვილი

თუ იგეგმება ცვლილებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?

 

დავიწყეთ ინტენსიურად მუშაობა, მსოფლიო ბანკის გრანტიც კი მოვიპოვეთ, რომელშიც ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩადებული.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წელია, ხომ არ ელოდებით სერტიფიცირების მსურველი მასწავლებლების ნაკადის გაზრდას და რამდენად შეძლებს ეროვნული ცენტრი ამ გამოწვევასთან გამკლავებას?

 

ამ ცხრა წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი გამოცდის დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა სხვა რამეშია, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიზიაროს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პედაგოგებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი და კვალიფიკაცია აუმაღლოს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობა აბარია ამ ადამიანებს და, ბუნებრივია, საუკეთესო გვინდა მათთვის. სწორედ ამიტომ პედაგოგები საუკეთესო ფენა უნდა იყოს საზოგადოების. საუკეთესო ფენა კი იქნება მაშინ, როცა ხელფასი იქნება მაღალი. მნიშვნელოვანია და მივესალმები ამას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პედაგოგს და მომავალ პედაგოგს განსაკუთრებით, დახმარება სჭირდება და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. რეფორმა და წინსვლა განათლების სისტემაში წარმოუდგენელია
ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გარეშე.

 

მასწავლებლები, რომლებიც ამჟამად სკოლაში არ მუშაობენ იმ იმედით გადიან სერტიფიცირებას, რომ სერტიფიცირების შემდეგ შეძლებენ დასაქმებას, თუმცა ასე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შესთავაზოს სახელმწიფომ ასეთ პედაგოგებს?

 

სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, ხომ ვერ აიძულებს დირექტორს სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღოს? სკოლის გადასაწყვეტია, ხელშეკრულებას დაუდებს თუ არა ამა თუ იმ მასწავლებელს. სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია, რომელ მასწავლებელს აირჩევს. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სერტიფიცირებულ მასწავლებელს, მაგრამ შეიძლება კონკრეტულმა დირექტორმა გადაწყვიტოს და დარწმუნებული იყოს, რომ მასწავლებელი, რომელსაც სერტიფიცირების პროცესში არ მიუღია მონაწილეობა, ათი თავით ჯობია სერტიფიცირებულ პედაგოგს, ეს სხვა საქმეა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეალობაზე, როდესაც სრულყოფილი იქნება ეს პროცესი, სრული გარანტია იქნება იმისა, რომ სერტიფიცირებული მასწავლებელი უფრო კვალიფიციურია, ვიდრე არასერტიფიცირებული. ასეთ შემთხვევაში დირექტორს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიანიჭოს უპირატესობა. ეს პირველ რიგში სკოლის დირექტორის ინტერესებში იქნება. დირექტორის ასე ირიბად იძულება მისაღებია, მაგრამ პირდაპირ დირექტივა არის შეუძლებელი. მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ ისევ ვუბრუნდებით პრობლემატურ საკითხს, ჩემი აზრით სერტიფიცირების პროცესს სრულყოფა სჭირდება.

 

რომ დავაკონკრეტოთ, სრულყოფაში რას გულისხმობთ?

 

გვჭირდება პედაგოგთა შეფასების სისტემა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, პედაგოგი შევაფასოთ პრაქტიკული მუშაობისას, ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც დღეს შეფასების მიღმაა დარჩენილი. მე დარწმუნებული ვარ, ამას გამოცდების ეროვნული ცენტრი გააკეთებს. სერტიფიცირების პროცესს ბევრი სხვა რამ სჭირდება: მასწავლებლების ეფექტური ტრენინგები, პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოები… დახმარება იმისათვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. ბევრი მეთოდი არსებობს ამის და ეს უნდა იქნას გამოყენებული. რაც შეეხება შეფასების სისტემას, პრაქტიკაში როგორ უნდა შეფასდეს პედაგოგი, მისაღები ფორმით, ამაზე ვმუშაობთ.

 

მსოფლიო ბანკისგან ვითხოვეთ დახმარება და მოვიპოვეთ გრანტი, ხელშეკრულებას ამ კვირაში მოვაწერთ ხელს და დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას. ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც ვთხოვეთ მსოფლიო ფინანსურ ბანკს დახმარება. ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, გავიზიარებთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხოთ ბევრი რამის ათვისება. ჩვენ თვითონ გვჭირდება ჯერ სწავლა და შემდეგ უკვე კონკრეტული მოდელის შეთავაზება. გრანტი ორწლიანია, მაგრამ ვეცდებით, ორი წელი არ მოვანდომოთ ამ საქმეს და გაცილებით მოკლე დროში ჩავჯდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი