საზოგადოება

“თუ მოვკვდი, მერე რად მინდა დახმარება?” [Video]

29 მარტი, 2013 • • 1256
“თუ მოვკვდი, მერე რად მინდა დახმარება?” [Video]

სოციალურად დაუცველების განცხადებით, შენობა თვითონ დაასუფთავეს და საყოფაცხოვრებო ნივთებიც შეიტანეს. უფროსებთან ერთად შენობაში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან.

 

მანანა აბუთიძის განცხადებით, არსებული პირობები ბავშვების სიცოცხლისთვის საშიშია:

 

“არიან ორსული ქალები, ჩვილბავშვიანები და საშინელი პირობები აქვთ აქ”.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას მათ მიმართ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

 

“ჯერჯერობით არ აწერენ ხელს იმაზე, რომ გამოგვასახლონ აქედან, მაგრამ არც იმის პირობას გვაძლევენ, რომ სადმე შეგვასახლებენ.”

 

ვლადიმერ ფხაკაძის თქმით, ოთახები და ფართი საკმარისი არ არის და შესახლებულთა ნაწილს იატაკზე უწევს დაძინება:

 

“ასე ვართ გაუსაძლისად. არც დენია, არც წყალი, არც გაზი”.

 

უწყლობის გამო ვერ ხერხდება სველი წერტილების წესრიგში მოყვანა. საკანალიზაციო მილები ხშირად იჭედება, რაც, თავის მხრივ, სანიტარულ მდგომარეობას ართულებს. ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. ასევე ხშირია სასწრაფოს გამოძახება, თუმცა, როგორც ოჯახები აცხადებენ, გამოწერილი წამლების უმრავლესობის ყიდვა უსახსრობის გამო უჭირთ, შესაბამისად, ბავშვების სრულფასოვანი მკურნალობა ვერ ხერხდება.

 

დარეჯან ავალიანის თქმით, სოციალური დახმარება მას მაღალი ქულების გამო არ მისცეს. ავალიანი მიიჩნევს, რომ მისთვის მაღალი ქულები არ უნდა დაეწერათ:

 

“სოციალური აგენტი მოვიდა და რომ მივაკითხე ერთი თვის მერე პასუხზე, არ გეკუთვნით სოციალური დახმარებაო. მერე რომ ვუთხარი, ვის მივმართო, მე რატომ არ მეკუთვნის-მეთქი, მითხრეს, თბილისს მიმართეო და მე თბილისში რომ წავიდე, მაგის თანხები არა მაქვს”.

 

გოგუცა ცერცვაძემ შვილის ვალის გასასტუმრებლად სახლი იპოთეკით დატვირთა. მოგვიანებით ოჯახი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. მის მტკიცებით, ღია ცისქვეშ დარჩენის შემდეგ დახმარების მიზნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს და ქალაქის მერს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

 

შენობაში ყველაზე რთულ პირობებში ცხოვრება ჩერემოშინების  ოჯახს უწევს. როგორც ირკვევა, ოთახში, რომელიც მან დაიკავა, ადრე ხანძარი გაჩნდა. კედლები გაშავებულია და ოთახი ნახშირის სუნითაა გაჟღენთილი. ჩერემოშინების ოჯახმა ზამთარი გათბობის გარეშე გაატარა:

 

“არაფერი არ გვაქვს, არც გათბობა, არც გაზი, არც წყალი. ასე ვწვები, ასე მძინავს. ვერ ვიბან და ვერ ვიპარსავ”.

 

შოთა ლოლომაძე სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში ზამთარში გადმოიყვანეს. ლოლომაძის თქმით, 7 წელი ავტოფარეხში ცხოვრობდა:

 

“მე 7 წელია რკინის “გარაჟში” ვარ. წამომიყვანეს, ცუდად ვიყავი, შეშა არ მაქვს, არაფერი. 3 წელია ბინის რიგში ვარ მერიაში, მითხრეს, დაგაკმაყოფილებთო. მე თუ მოვკვდი, მერე რად მინდა დაკმაყოფილება?!”

 

სოციალურად დაუცველი ოჯახები შენობაში ელექტროენერგიის ჩართვას და მედიკამენტებით დახმარებას მოითხოვენ.

 

“მოგვაქციონ ყურადღება, ხომ შეიძლება?! დროებით, სანამ აქ ვიქნებით, შუქით დაგვაკმაყოფილონ. რაღაცა მოგვიხერხონ, ხომ შეიძლება? რამდენი თხოვნა, რამდენი? ერთხელ მაინც შემოგვხედონ, არ შეიძლება?!” – ამბობს მაკა ხურციძე.

 

ქუთაისის მერიის ჯანმრთლეობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი კახა ქორიძე აცხადებს, რომ  მათ უკვე შეისწავლეს ამ ოჯახების პრობლემები:

 

“გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისის მერიის ჯანდაცვის სამსახური პირველ ეტაპზე მათ დაეხმარება სააღდგომო ნობათებით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჭიროებენ მედიკამენტებს – მედიკამენტებით. ხოლო შემდეგ ეტაპებზე, რადგანაც ისინი არიან ქუთაისში რეგისტრირებული მოქალაქეები, მიეცემათ სოციალური დახმარება. მომდევნო ეტაპებზე უკვე თვითმმართველობა მიიღებს გადაწყვეტილებას მატერიალური დახმარების შესახებ. ზოგადად, ჯანდაცვის სამსახური ჩვენი ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად ეცდება ამ ადამიანებს დროთა განმავლობაში მოუგვაროს ეს სოციალური პრობლემები.” 

 

“ჩვენი დახმარება მხოლოდ ერთჯერადია და ისიც ძალიან სიმბოლურ ხასიათს ატარებს გრძელვადიანად, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს. ეს არის ზღვაში წვეთი და ასე ვერ მოუგვარებ ვერავის პრობლემას. გამორიცხულია, ერთჯერადად 200 და თუნდაც 300 ლარის დახმარებით რამე მოაგვარო,” – ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე.

 

მისივე თქმით, ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება მერიის მხრიდან შეუძლებელია:

 

“იმის გამო, რომ შენობა არის ეკონომიკის სამინისტროსი, იქ ფორმალურად შეუძლებლად მეჩვენება, რომ ახლა ვინმემ დენი შეიყვანოს, გაამრიცხველიანოს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვნახავ პრობლემას. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ, კიდევ ერთხელ გავერკეთ, თუ რამით შეგვეძლება დახმარება, მაგრამ მოგეხსენებათ, კერძო კომპანიაა “ენერგო პრო ჯორჯია” და მას თავისი, ასე ვთქვათ, წესები აქვს მოქმედების და მუშაობის და ამდენად, ჩვენ ახლა რამეს ისეთს ვერც ვთხოვთ და, მით უმეტეს, ვერც დავავალებთ კერძო კომპანიას, რამე გააკეთოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტიურად ეს გამორიცხულია.”

 

რაც შეეხება ბინებით უზრუნველყოფას, ძოწენიძე ამბობს, რომ ქალაქს საბინაო ფონდი არ აქვს:

 

“იშვიათად თუ რამე გამოჩნდება და საკმაო მსურველია ამისი, ვისაც სერიოზული პრობლემები აქვს ბინის ფართთან დაკავშირებით და ვცდილობთ განცხადებების მიხედვით დავაკმაყოფილოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მწირია ქალაქის შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი