საზოგადოება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა

28 თებერვალი, 2013 • 1710
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა

საყოველთაო დაზღვევა საქართველოს 6-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

 
 
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ახალი დაზღვევის მქონე ყველა მოქალაქე შეძლებს მიიღოს ოჯახის ექიმის მომსახურება, პირველადი ჯანდაცვა და გადაუდებელი შემთხვევების მართვა, როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად.
 
 
“იმ ადამიანებს, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდათ, შეუძლიათ შეუზღუდავად ისარგებლონ ოჯახის ექიმთან ვიზიტით, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო 15 ათას ლარამდე მომსახურების მიღებით”, – აცხადებს სერგეენკო.
 

გეგმიური ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს 2 ძირითად ბლოკს:

 

(1) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ პროფილაქტიკურ აცრებს; სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე: დაავადებათა მართვასა და რეფერალს; ლაბორატორიულ გამოკვლევებს ექსპრესდიაგნოსტიკური მეთოდით (შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში); ელექტროკარდიოგრაფიას; სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას (არ მოიცავს სამსა­ხურის დაწყებასთან დაკავშირებულ, ავტომობილის მართვის ან იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენ ცნობებს); ბინაზე ვიზიტს.

 

(2) ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-­ლაბორატორიულ გამოკვლევებს: სისხლის საერთო ანალიზს;  შარდის საერთო ანალიზს.

 

ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოქალაქეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება (პოლიკლინიკა). ამასთანავე, მოსარგებლეს არჩეული სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.

 

გადაუდებელი ამბულატორია მოიცავს ისეთი გადაუდებელი მდგომარეობების მართვასა და სტაბილიზაციას, რომელიც არ საჭიროებს სტაციონარში 24­-საათიან დაყოვნებას. წინასწარ განსაზღვრულია მდგომარეობების სია, რომელთა გადაუდებელ ამბულატორიულ მართვას დაფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს მდგომარეობები მოიცავს ტრავმებს, მოტეხილობებს, ჭრილობებს, თერმულ დაზიანებებს (დამწვრობა/მოყინვას), მოწამვლა/ინტოქსიკაციას, ცხვირიდან სისხლდენას, ალერგიის მართვას ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის დროს, შარდის შეკავებას,  მწვავე ლარინგიტს (კრუპს), გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (ჰიპერტონულ გულის რითმის დარღვევებს) და სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილს.

 

იმისთვის, რომ სახელმწიფოს ქვეყნის დაუზღვეველი ნაწილი (რაც 2.2 მილიონ ადამიანს შეადგენს) ასეთი დაზღვევით უზრუნველეყო, პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარი გამოიყო.

 

ივლისიდან მთავრობა დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებას გეგმავს. ამ დროიდანვე დაიწყება მშობიარობის დაფინანსებაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი