საზოგადოება

როგორი მინისტრი სურთ განათლების სპეციალისტებს

11 ოქტომბერი, 2012 • 1394
როგორი მინისტრი სურთ განათლების სპეციალისტებს

„მიზეზი, რომ აქამდე ეს კანდიდატურა არ დასახელებულა, ვფიქრობ, ორია – ან ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობისაა ეს საკითხი და აქამდე განხილული ყველა კანდიდატურა იბლოკება, ან ამ დროისთვის განათლების სფერო ყველაზე პრინციპულ სფეროს არ წამოადგენს,“- ამბობს ია ანთაძე, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

რამდენიმე დღის წინ მანვე გაახმიანა განათლების მინისტრობის რამდენიმე კანდიდატურის– თეორიულ ფიზიკაში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის, გია დვალის, მარინა ჩიტაშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის შესახებ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მინისტრის შერჩევის პროცესი ახალ ფაზაში გადავიდა და ის და მისი ორგანიზაცია მხოლოდ იმ კრიტერიუმებზე გეგმავენ საუბარს, რის მიხედვითაც განათლების მინისტრი უნდა შეირჩეს.

სწორედ ამ კრიტერიუმებზე სასაუბროდ, განათლების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდებიან.

განათლების სპეცილისტთა სიაში დასახელებულები, რომლებიც ივანიშვილთან განათლების სისტემასა და მინისტრის შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრებენ, „ქართული ოცნების“ განათლების პროგრამის ავტორს, თამარ ზაალიშვილს უკვე გადასცეს. გადაწყვეტს თუ არა ივანიშვილი მათთან შეხვედრას, ჯერ არ იციან, თუმცა შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ჩამოყალიბებული არიან:

 

ინტეგრირებული დასავლურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეებთან, საგანმანათლებლო ლიდერი, სტრატეგი და თვითკრიტიკული – ძირითადად ამ კრიტერიუმებს ასახელებენ განათლების საკითხთა სპეციალისტები, რომელიც განათლების მინისტრს უნდა გააჩნდეს.

 

ანთაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების სისტემის დასავლურ საგანმანათლებლო სფეროსთან ინტეგრაცია მომავალი მინისტრისთვის ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს.

„განათლების მინისტრი საზოგადოების განვითარებას ერთი ნაბიჯით მაინც უნდა უსწრებდეს წინ. მთავარი მენეჯერობა არ არის, მან ქვეყანა მსოფლიო პროგრესთან ინტეგრაციის გზაზე უნდა გაიყვანოს. ჰქონდეს სტრეტეგიული ხედვა განათლების სისტემის. კარგად უნდა ერკვეოდეს, როგორც სკოლის საკითხებში, ასევე, სკოლამდელ განათლებაშიც, უმაღლეს განათლებაშიც და მეცნიერებაშიც. სისტემა მთლიანობაში უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ სკოლა არის საფუძველი იმისა, როგორი მეცნიერები გეყოლება მომავალში. გარდა ამისა, იცოდეს, როგორ გახადოს სისტემა კონკურენტუნარიანი,“ – ამბობს ია ანთაძე.

მისივე განმარტებით, ასეთი კანდიდატურის შერჩევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

განათლების სფეროს სპეციალისტები, მინისტრობის შესარჩევი კრიტერიუმების პარალელურად, ივანიშვილთან შეხვედრის შემთხვევაში საუბარს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც გეგმავენ.

განათლების სპეციალისტის, სოფიო გორგოძის განმარტებით, მომავალმა მინისტრმა განათლების სისტემა თავისუფალი უნდა გახადოს.

„სისტემა არ უნდა იყოს ჩაკეტილი, კონტროლირებადი და  უკიდურესად ცენტრალიზებული. სისტემაში ჩართული ადამიანები არ უნდა გრძნობდნენ იმას, რომ კონტროლდებიან. გარდა ამისა, მინისტრი უნდა იყოს თვითკრიტიკული. შეეძლოს კრიტიკის თავისუფლად მიღება და მისი გააზრება,“- ამბობს გორგოძე.

განათლების საკითხებზე მომუშავე თამარ მოსიაშვილი მინისტრობის კანდიდატზე საუბრის დროს გვერდს ვერ უვლის განათლების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს და ამბობს, რომ სისტემაში ბევრია გადასახედი.

„შაშკინის რიტორიკა აბსოლუტურად აცდენილი იყო მის საქმიანობას. ეს იყო ტირანული სისტემა, კონტროლითა და დაშინებით. ახალმა მინისტრმა უნდა გამოასწოროს შეცდომები და შეინარჩუნოს წარმატებები, რომელმაც ქვეყანამ განათლების სისტემაში მიაღწია,“ – ამბობს განათლების სპეციალისტი.

მისივე განმარტებით, არაოფიციალურად დასახელებული განათლების მინისტრობის კანდიდატი გია დვალი კრიტიკის მიღმაა.

„ის იმხელა მასშტაბის პიროვნება და მსოფლიო დონის მეცნიერია, ჩემი სუბიექტური აზრით, კრიტიკის მიღმა რჩება,“- ამბობს მოსიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფიზიკოსმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა თეორიულ ფიზიკაში გია დვალმა სპეციალური განცხადება გაავრცელა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომელშიც სააკაშვილის მთავრობა გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი