საზოგადოება

განსაზღვრავს თუ არა მოსწავლეთა ეროვნული გამოცდების შედეგები მასწავლებლების კვალიფიკაციას

14 სექტემბერი, 2012 •
განსაზღვრავს თუ არა მოსწავლეთა ეროვნული გამოცდების შედეგები მასწავლებლების კვალიფიკაციას

საქართველოს პრეზიდენტმა 12 სექტემბერს მასწავლებლებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელიც მასწავლებელთა სერტიფიცირებაში იგეგმება.

 

“პედაგოგების კვალიფიკაცია გაიზომება იმით, თუ რამდენმა მისმა მოსწავლემ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, თუ რა აკადემიური მოსწრება აქვთ მათ,” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

პრეზიდენტის განაცხადის საპასუხოდ, განათლების საკითხთა ექსპერტები ამბობენ, რომ დღესდღეობით მოსწავლეთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი რეპეტიტორებს და არა სკოლის პედაგოგებს მიუძღვით. 

 

“მოსწავლეთა დიდი ნაწილი, რომელიც წარმატებით აბარებს ეროვნულ გამოცდებს, მეცადინეობს რეპეტიტორებთან, შესაბამისად, მაღალი შეფასებები გამოცდებზე არ უკავშირდება სკოლაში მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესს,”- განმარტავს თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.

 

შესაბამისად, განათლების სპეციალისტები დარწმუნებული არიან იმაში, რომ განსაზღვრა, ვისი დამსახურებაა მოსწავლის მაღალი შედეგი, რეპეტიტორის თუ სკოლის პედაგოგის, რთული იქნება. 

 

“ძალიან საშიშია მასწავლებლის კვალიფიკაცია მოსწავლეთა შედეგებით განსაზღვრო. ვერავინ ვერ დაადასტურებს, ვისი მიღწევაა მოსწავლის წარმატება,” – აცხადებს მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და საგანმანათლებო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელი. 

 

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც აღნიშნულ ინიციატივაში სპეციალისტებმა დაინახეს, ეს გამოცდების ტესტურ ფორმას უკავშირდება, რომელიც, მათი აზრით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს სკოლებში. 

 

“ტესტირება არის მოსწავლეების შეფასების ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალება. როდესაც, სკოლებში ტესტებს ასეთი მნიშვნელობა მიენიჭება, იმ უნარებზე ნაკლებად მოხდება ფოკუსირება, რომელიც 21-ე საუკუნეში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, ვგულისხმობ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს,”- ამბობს განათლების საკითხთა ექსპერტი თამარ მოსიაშვილი. 

 

შესაბამისად, კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს პედაგოგთა კვალიფიკაციის განსაზღვრა, განათლების სპეციალისტების აზრით, ამისთვის, სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა არსებობდეს, მათ შორის მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები, რომელიც ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით შეიძლება შეფასდეს.

 

შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სხვადასხვა კრიტერიუმით მოხდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის განსაზღვრა, მათ შორის, სასკოლო დონეზე, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოხდეს მასწავლებელთა შეფასება.

 

“ამისთვის კი აუცილებელია გაცილებით მეტი ავტონომია მიენიჭოს სკოლას. მოსწავლეთა შედეგები კი, მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასების მხოლოდ კომპონენტად შეიძლება ჩაიდოს. ამასთან არსებობს იმის რისკებიც, რომ იმ მოსწავლეებს სკოლის დატოვება მოუწიოს, ვინც სკოლის რეიტინგს დააგდებს,”- ამბობს ტაბატაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი