სამშაბათი, 22 მაისი
ჩემს ოთახში ვზივარ, მაგიდასთან, სადაც წიგნის თაროს უქონლობის გამო ჩემი საყვარელი წიგნები და რადიომიმღები აწყვია.
ახლა დავრეკე რადიო „აჭარაში“… ჩემი საყვარელი FM კაპრიზი გადის და DJ ილოს მიჰყავს. ჩვენი საუბარი 9 წუთსა და 12 წამს გაგრძელდა. Nirvana-ს The man who sold the world გავუშვით, თან წიგნებსა და მუსიკაზე ვილაპარაკეთ. არა რა, რადიო, მით უმეტეს, რადიო „აჭარა“ და, მით უმეტეს, ილო შავიშვილი ჩემი საუკეთესო მშველელია. ამ ადამიანთან ლაპარაკისას ყველაფერი მავიწყდება.
დღევანდელ დღეს რაც შეეხება, 11:30 წუთზე გავიღვიძე. ჩვეულებრივ ადრე ვიღვიძებ ხოლმე, მაგრამ გუშინ და გუშინწინ საერთოდ არ მიძინია, ექსკურსიაზე ვიყავი, რაჭაში. არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ მე გული მაინც აქეთ მიწევდა. კვირას ინტელექტკლუბში თამაში გვქონდა და ექსკურსიის გამო გამოვტოვე. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ეს თამაშებია და ძალიან მიყვარს.
რომ გავიღვიძე, მამიდა იყო ჩვენთან. დაახლოებით 3 საათზე დედაჩემს ვუთხარი, ბავშვებთან ერთად უნდა გავიდე, ფოტოებს გადმოვწერ-მეთქი, არადა ქუჩებში ხეტიალი მინდოდა. ჯერ „ბათუმელების“ რედაქციაში ვიყავი, მერე ჩემს საყვარელ კაფე “ვინილში”, ყავაზე დამპატიჟეს ბიჭებმა. მერე „ერედელში“ ლუდი და პიცა მივირთვით. ვისაუბრეთ მუსიკაზე, დღევანდელი ბათუმის ცხოვრებაზე, მხატვრობაზე… 6 საათი იწყებოდა, რომ წამოვედი. ჩემი საყვარელი მამიდაშვილის დაბადების დღე იყო და მეტნაკლებად გავერთე. „ბიბლუსში“ „ბლოკნოტი“ ვუყიდე.
ექსკურსიიდან ცოტა ფული მოვიტოვე და, როგორც იქნა, ვიყიდე მარკ ლევის „ეს რომ მართალი იყოს“. ამ ავტორის წიგნმა- „სად ხარ?“ ჩემზე საინტერესო შთაბეჭდილება მოახდინა და მარკ ლევი ჩემს საყვარელ მწერალთა რიგებს შეუერთდა.
ახლა რადიოში Besame mucho გადის, მაგრად წავიდა… წავედი, ცოტას წავიკითხავ, მერე დავიძინებ. ხვალ სკოლა :(
ოთხშაბათი, 23 მაისი
საღამოა რაღაცნაირი… მოგიყვებით და თავად მიხვდებით, როგორია „რაღაცნაირი“ საღამო. სკოლაში საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელება იყო. რამდენიმე მეგობარი ვნახე, ჯერჯერობით ყველაფერი ჩავაბარეთო. სკოლის მერე მე და სალო ერთად წამოვედით, გზაში ჩარკვიანს ვუსმენდით და თან ვმღეროდით. სიგიჟეს ხანდახან მაგრად გამოვყავართ მდგომარეობიდან, საჭიროა რაღაც დოზით :) სახლშიც არაფერი საინტერესო… გულს ვერაფერს ვუდებ. გარეთ გასვლა მინდოდა და დედაჩემმა დამიბარა, არსად წახვიდე, საღამოს ზღვაზე გავისეირნოთ, თუ ამინდი იქნებაო. არც ამინდია, არც ზღვა და მთელი დღე ასე დავკარგე.
აი, ასეთია რაღაცნაირი დღე, დავაკონკრეტებ: რაღაცნაირად უფერული, თორემ არსებობს რაღაცნაირად ფერადი და ლამაზი დღეებიც. საღამოს ბაბუას ლარი ვესესხე, ანგარიშის ჩართვა მინდა-მეთქი, მაგრამ მაღაზიაში რომ შევედი, შოკოლადს მოვკარი თვალი… ჰოდა ახლა, როცა ჩემს შოკოლადს შევექცევი, კარგ მუსიკას ვუსმენ და ხელში კალამი მიჭირავს, თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება ისეთი რამ, რაც დადებითად დაგმუხტავს და ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს.
შაბათი. 26 მაისი
შუადღეა, ჩემს საყვარელ პრესკაფეში ვარ. ჩვეულებრივ ამ დროს აქ შეკრებები იმართება ხოლმე, მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელი დღე გამონაკლისია. ყავას მივირთმევ, კაფე თითქმის ცარიელია. დილით ლიტერატურულ კლუბში ვიყავი, ბანაკს აწყობენ მაღალმთიანეთში და ტესტირება იქნებაო. მე არ ვაპირებ წასვლას, თან არა მგონია, დედაჩემმა გამიშვას :(
ძალიან საინტერესოა, როცა კაფეში მარტო ზიხარ და ხალხს აკვირდები. აი, მაგალითად, როცა წყვილი შემოდის, როგორ ირჩევენ ადგილს, რას მიირთმევენ… მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც მარტო დადის, ყავას დალევს, დაწერს, წაიკითხავს და მიდის.
ძალიან მიყვარს მარტოობა, ამ დროს არაჩვეულებრივად იგებ ყველაფერს, რაც შენ ირგვლივ ხდება, სხვები, ანუ ჩვენი მხლებლები, ასეთ დროს ყურადღებას გვიფანტავენ.
ჩვენ ბოლოს მაინც მარტო ვრჩებით.
დედაჩემმა– მალე მოდი, რომც წვიმდეს, მაინც წავიდეთ სასეირნოდო. რა ვიცი-მეთქი… შაბათი დღე ჩემთვის „ბოდიალის“ საერთაშორისო დღეა და დედაჩემის „Happy – სეირნობის“ გამო ვერ გავიფუჭებ. ისიც კმარა, გუშინ მთელი დღე სახლში რომ გავატარე :(
კვირა. 27 მაისი
დღევანდელმა დღემ კვლავ დამარწმუნა მარადიულობის წამიერებაში, დილით, 6 ან 7 საათი იქნებოდა, დედაჩემი შემოვიდა – მარი, გარეთ კივილია, მგონი, ვიღაც გარდაიცვალაო. ძილბურანში მყოფმა ვერც გავიგე სიტყვების აზრი, რამდენიმე ხანში კი გაირკვა, რომ ჩვენგან ორი სახლის მოშორებით მეზობელი გარდაცვლილიყო. 45 წლის კაცი, ჯანმრთელი, ძილში წასულიყო. ჩემი და მიშას ტოლი შვილები დარჩა, ცოლი… ღმერთო, როგორ ვერ ვიტან წარსულში საუბარს იმ ადამიანებზე, ვინც გუშინ ჩემ გვერდით იყვნენ. თუმცა ესეც გარდაუვალია.
ორშაბათი. 28 მაისი
ეს დღე ბევრისთვის მძიმედ არის მიჩნეული, მე კი მიყვარს, ახალი კვირის ათვლა იწყება, ახალი იდეები და მათი განხორციელების გზები გვიჩნდება და, ბოლოს და ბოლოს, მეც ორშაბათს მოვევლინე ქვეყნიერებას :)
დღეს სკოლაში მე, მარიმ, ელიმ და გიამ მესამე გაკვეთილის მერე დამრიგებელს თავი გამოვაშვებინეთ. მარიმ ყურის ტკივილი მოიმიზეზა, ელიმ ცუდად ვარო, მე და გიამ კონცერტზე მივდივართო. იმდენი ვეჩიჩინეთ, გამოგვიშვეს და ყველანი წავედით კონცერტზე. მერე წამოვედით ბულვარში და პარკში გადმოვედით. გიამ ნაყინზე დაგვპატიჟა. კარგად გავატარეთ დრო. მერე მე და ელი ავტობუსით მოვდიოდით, სკოლასთან კონტროლიორები ამოდიოდნენ, ბილეთები არ გვქონდა და ჩამოვასწარით კონტროლიორებს. :) მაგარი იყო!
გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ მაქვს წასაკითხი. შემდეგ თვეში მაგაზე გვაქვს კითხვები ინტელექტკლუბში. უჰ, ისეთ ენაზე წერია, მოვიმტვრიე თვალები. გულდასმით უნდა ვიკითხო. მე მაინც მარკ ლევისკენ გამირბის თვალი.