საზოგადოება

რატომ არ არქმევენ თბილისში ქუჩებს ქალის სახელებს

11 აპრილი, 2012 •
რატომ არ არქმევენ თბილისში ქუჩებს ქალის სახელებს

“არის თუ არა ჩვენი ქუჩები სექსისტური” – ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა სტატია BBC-ზე. სტატიის ავტორი მარკ ბოსვორსი ევროპის სამ ქვეყანაში – იტალიაში, ინგლისსა და საფრანგეთში ჩატარებულ კვლევებს გამოეხმაურა. კვლევის თანახმად, სამივე ქვეყანაში ქუჩების დასახელებებში მამრობითი სქესის წარმომადგენლები გაცილებით ჭარბობენ ქალბატონებს, რასაც სტატიის ავტორი ამ ქვეყნების კულტურისა და ისტორიის გამოვლინებად მიიჩნევს.

”ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ რა მდგომაროებაა ამ კუთხით საქართველოში. აღმოჩნდა, რომ თბილისში არსებული 3000-მდე ქუჩიდან, მხოლოდ 20-მდე ქუჩას აქვს ქალის სახელი მინიჭებული, ესენია: თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, სოფიკო ჭიაურელის, დოდო ჭიჭინაძის, მარო მაყაშვილის, ლია ელიავას, ვერიკო ანჯაფარიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ეკა ონიანის, ნინო რამიშვილის, თამარ ქართველიშვილის,  მერი შერვაშიძის, ვერიკო ვირსალაძის, თამარ ჭოველიძისა და სხვა ქუჩები თუ გამზირები.

ქუჩებს კონკრეტული პერსონების სახელებს ამ ადამიანების მიერ სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის ანიჭებენ. საზოგადოება ამგვარი აქტით საკუთარი მადლიერების დემონსტრირებას ახდენს იმ ღვაწლის მიმართ, რომელიც ამა თუ იმ პიროვნებას ქვეყნის წინაშე მიუძღვის. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე საზოგადოებამ მხოლოდ 20-მდე ასეთი ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია.

“ეს არის კულტურული დეფექტი, რომელიც მიზანმიმართულად ივიწყებს ქალის როლს. ქუჩებისთვის სახელების ამგვარად მინიჭება არ მიშნავს, რომ ქალებს არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნის კულტურულ-სოციალური წინსვლისათვის. ეს აქტი ნათლად აჩვენებს იმას, რომ რაც ქალებმა შექმნეს, შეგნებულად არის დავიწყებული. სამწუხაროდ, დიდი ძლისხმევის გაღებაა საჭირო იმისათვის, რომ ეს ადამიანები აღმოაჩინო და წარუდგინო საზოგადოებას,” – აცხადებს ფილოსოფოსი და გენდერის სპეციალისტი ლელა გაფრინდაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში.

”პატრიარქალური კულტურის სინდრომი’’ – ასეთ შეფასებას აძლევს ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” (ICCN) გენდერის სპეციალისტი ნანა ბერეკაშვილი თბილისის ქუჩების დასახლებებში აშკარა გენდერულ უთანასწორობას:

”ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი, ეს არის ის, რომ  ქალები გარიყულები იყვნენ საზოგადოებიდან და, ბუნებრივია, ისინი ვერ იქნებოდნენ წარმოდგენილნი ქუჩების დასახელებაში. მეორე – ის, რომ ქართული კულტურა, მისი მოწყობისა და ცნობიერებიდან გამომდინარე, არ აღიარებს ქალის როლს. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ პატრიარქალურმა კულტურამ გარიყა ქალი და  საკუთარ ცნობიერში ძალიან ნათლად ასახა და შემოინახა მამაკაცთა დომინირება. სწორედ ამიტომ ეს ქალები უცნობი არიან საზოგადოებისთვის.”

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის თათა ცოფურაშვილის თქმით, ასეთი უთანასწორობა ნათლად აჩვენებს, თუ ვინ განიხილება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნად. მისივე განმარტებით,  მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ქალები აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ისტორია საშუალებას იძლევა, ნაჩვენები იყოს იმ დროისათვის  აქტიური ქალები:

”მაგალითისთვის, სრულიად მივიწყებულია კატო მელიქიძე, გერტა ფონ სუტნერი, ქალი, რომელიც 10 წელი საქართველოში ცხოვრობდა, მან შთააგონა ნობელს “ნობელის პრემიის” დაარსება, მისი სახელობის ქუჩა არსებობს გერმანიაში, ქალაქ ბონში, მიუხედავად იმისა, რომ მას იქ ერთი დღეც კი არ უცხოვრია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი