საზოგადოება

როგორ გაქრა “ფრანგების უბანი” ქუთაისში

20 თებერვალი, 2012 • 7668
როგორ გაქრა “ფრანგების უბანი” ქუთაისში

ქუთაისში, ე.წ. “ფარნგების უბანში”, კათოლიკეები თითქმის აღარ ცხოვრობენ. ქალაქში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში 2000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა, დღევანდელი მონაცემით, მხოლოდ 300 მათგანი დარჩა.

რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ”ფრანგების უბნის”, იგივე კათოლიკეთა დასახლების, ისტორია ქუთაისში მუდმივმოქმედი კათოლიკური მისიონის დაარსებას უკავშირდება. ეს უბანი ახლანდელი ვარლამიშვილის, ცეტკინის, ბროსესა და ნიუპორტის ქუჩებს მოიცავს.

ე.წ.ფრანგების უბანი ქუთაისში
ე.წ. ფრანგების უბანი ქუთაისში

კათოლიკური ოჯახებიდან ახლა ამ უბანში მხოლოდ ერთადერთი ქალბატონი შემორჩა: 98 წლის სოფიო ბალიაშვილი ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, შვილთან – ლია ბალიაშვილთან ერთად ცხოვრობს.

“დედაჩემი ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბვრადანაა წარმოშობით. დღესაც ცხოვრობენ იმ სოფელში კათოლიკეები”, – ამბობს ლია ბალიაშვილი.

92 წლის ასაკში სოფიო ბალიაშვილი მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა:

“მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად, მათ შორის ჩემთვისაც, 92 წლის ასაკში დედაჩემმა მართლმადიდებლად გადანათვლის გადაწყვეტილება მიიღო, კათოლიკური ეკლესია დღესაც გვეხმარება მისი ავადმყოფისთვის საჭირო ნივთებით, ყოველთვის ეხმარებოდნენ, ოპერაციაც კი გაუკეთეს,”- იხსენებს ლია ბალიაშვილი.

ქართველი კათოლიკეების მიგრაცია სამცხე-ჯავახეთიდან ქუთაისში მე-17 საუკუნიდან დაიწყო, მე-19 საუკუნის მიწურულს ქუთაისში უკვე 1545 კათოლიკე ცხოვრობდა, 1905 წლის მონაცემებით კი, მათი რიცხვი 2000-მდე გაიზარდა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში მეფე სოლომონ მეორემ კათოლიკე მისიონერებს  “წყალობის სიგელით” უბოძა ქუთაისში ადგილი, სადაც 1819 წლიდან  კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, ტაძრის მშენებლობა 1862 წელს დასრულდა და უბიწო ჩასახვის ეკლესიად იკურთხა.
კათოლიკური ეკლესია ქუთაისში 1939  წელს კომუნისტური რეჟიმის დროს დაიხურა. 1980-ანი წლებიდან კათოლოკეებმა ბრძოლა დაიწყეს ქუთაისში ეკლესიის დასაბრუნებლად, მათ რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით, რომ ეკლესია ისევ კათოლიკურ მრევლს დაბრუნებოდა, თუმცა 1989 წელს  მინისტრთა  საბჭომ ტაძარი “მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებას” გადასცა, ხოლო 1990 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული  მართლმადიდებლური ეკლესიები საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა.

ხარების ეკლესია
ხარების ეკლესია

ქუთაისის კათოლიკური სამწყსოს საბჭოს წევრის, ლევან ბეგიშვილის ოჯახი ე.წ. “ფრანგების უბანში”, ახლანდელი ვარლამიშვილის ქუჩაზე 1873 წლიდან დასახლდა. დღეს ბეგიშვილი ვარლამიშვილის ქუჩაზე, ყოფილი კათოლიკური ეკლესიის  მეზობლად  აღარ ცხოვრობს, თუმცა მისი საგვარეულო სახლი ისევ აქაა.

ბეგიშვილის თქმით, 2000 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკურმა მრევლმა დააფუძნა კავშირი “სავარდი”, რომელიც ეკლესიის დაბრუნების საკითხზე მუშაობდა. 2001 წლიდან მოყოლებული – დღემდე, ადგილობრივი კათოლიკე მრევლის სარჩელები მათი ტაძრის დაბრუნების შესახებ საქართველოს მართლმსაჯულებამ არ  დააკმაყოფილა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კათოლიკურმა მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ეს არის ჩვენი წინაპართა ეკლესია, არადა, ჩვენ ამის დამამტკიცებელი ბევრი არგუმენტი გვქონდა, მათ შორის, სოლომონ მეორისა და დედოფალ მარიამის წყალობის სიგელები. ან საბუთიც რად უნდა? – ჯერ არქიტექტურას შეხედეთ. მართლმადიდებლურ მხარეს არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენია, რომ ეს ტაძარი ოდესმე მართლმადიდებლური იყო, მათ სიტყვით დაუჯერეს, ჩვენ კი არგუმენეტებითაც ვერას გავხდით,” – ამბობს ბეგიშვილი.

ბევრი ფიქრის შემდეგ კათოლიკეებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანაზეც უარი თქვეს, რადგან, როგორც ბეგიშვილი ამბობს, ვატიკანის საელჩო და ქართული კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოს პრესტიჟს გაუფრთხილდნენ:

„თუმცა, მე თუ მკითხავთ, როგორც რიგით კათოლიკეს, ბრძოლა უნდა გაგვეგრძლებინა, რადგან ამ ეკლესიის მითვისება იურიდიული და მორალური კანონების დარღვევით მოხდა,“ – აღნიშნავს ლევან ბეგიშვილი.

ყოფილი კათოლიკური და ამჟამად მართლმადიდებლური “ხარების ეკლესიის”  მღვდელი მამა ბესარიონ ხვისტანი ამბობს, რომ “სამართალმა იზეიმა”, როცა ტაძარი მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა:

კათოლიკეების ახალი სამლოცველო ქუთაისში, ნიუპორტის ქ. #10-ში მდებარეობს, სადაც წირვა-ლოცვა ყოველდღე ტარდება, ხოლო კვირაობით კათოლიკეები საზეიმო წირვას აღავლენენ. ქუთაისში, სამლოცველოს მრევლში 100-მდე კათოლიკე იყრის თავს. კათოლიკური მისიონი, რომელსაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინი 17 წლის განმავლობაში  წინამძღვრობს, წირვა-ლოცვის აღსრულების გარდა, საქველმოქმედო პროექტებსაც ახორციელებს  არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში და დახმარებას უწევს ადამიანებს, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
საქველმოქმედო ფონდ “საქართველოს კარიტასის” პროექტების ფარგლებში, ქუთაისში ფუნქციონირებს ბავშვთა ცენტრი (რომელიც იმერეთის რეგიონში არსებული ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს ეხმარება ტანსაცმლითა და პროდუქტებით), ორგანიზაცია “ინერ ჯორჯია” (რომელიც მოხუცებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს უწევს დახმარებას), პურის მინი-საცხობი, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული და სხვა.

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი ქუთაისში ქართული კათოლიკური ტრადიციების მოშლასა და რელიგიური უმცირესობების  პრობლემებზე საუბრობს:

ქუთაისელი კათოლიკეები წამყვან როლს ასრულებდნენ ხოლმე ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითად, კათოლიკე იოსებ ოცხელმა დააარსა ქუთაისში პირველი ქართული გიმნაზია (ახლანდელი #2 საჯარო სკოლა), პავლე კოკოჩაშვილმა – პირველი ქართული აფთიაქი, ლადო გოკიელმა – სურნელოვან სასმელ წყალთა ქარხანა. ქართული ოპერის ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი კი ზუსტად იმ ეკლესიის წინ ცხოვრობდა, რომელიც დღემდე სადავოა ქუთაისში მართლმადიდებელ და კათოლიკურ მრევლს შორის, ხოლო მამამისი სწორედ ამ ეკლესიის ორღანზე უკრავდა წლების განმავლობაში.

ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი ქუთაისში
ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი ქუთაისში

უნდა დაუბრუნდეს თუ არა “ხარების ეკლესია” კათოლიკურ მრევლს? – მოისმინეთ რას ფიქრობენ ქუთაისელები ამ საკითხთან დაკავშირებით:

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი