საზოგადოება

მოსწავლეთა ეროვნული შეფასებები უკვე დაიწყო

9 იანვარი, 2012 • 1159
მოსწავლეთა ეროვნული შეფასებები უკვე დაიწყო

მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს, სამინისტრომ პირველი ეროვნული შეფასების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პირველკლასელთა 70 %–მა უმაღლესი შედეგი აჩვენა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის დეკემბერში, პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, სამინისტრომ ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობას იღებდა: საქართველოს 75 საჯარო სკოლა, 1800 პირველკლასელი, მათი მშობლები, 400 მასწავლებელი და 75 დირექტორი. პირველკლასელთა 70%-მა მაქსიმალური ქულა 25-დან 30-მდე.

შეფასების მიზანი, როგორც სამინისტროში ამბობენ, იყო იმის დადგენა, რამდენად წარმატებულია რეფორმები, რომლებიც 2011-2012 სასწავლო წლიდან სკოლებში დაინერგა. 

“სკოლები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. პირველკლასელებს ევალებოდათ  შესწავლილი მასალის შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებების შესრულება და კითხვარის შევსება, რომელშიც ისინი ბუკისა და ინგლისური ენის შესწავლის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. 

კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი წარმატებულია.  ინგლისური ენის პირველივე კლასიდან ბუკების საშუალებით სწავლებამ მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდანაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.  ზოგადად კომპიუტერებით სწავლებამ კი განათლებით ბავშვების დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართულობა გამოიწვია, სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო გახდა,”–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო ერთ–ერთ ბოლო ადგილზე მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასებაში განათლების რეფორმის შემდეგ, განაცხადა, რომ საქართველო უარს ამბობს საერთაშორისო კვლევაზე და შიდა, ეროვნულ კვლევებზე გადადის, ვინაიდან, დიმიტრი შაშკინის თქმით, საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგიას არ ეთანხმება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აღნიშნულ მოსაზრებას განათლების საკითხებში ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი