არასათანადო კვება და სიმსუქნე – გამოწვევა საქართველოსთვის

ჭარბი წონა და სიმსუქნე არასათანადო კვების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის, ხოსე გრაციანო და სილვას თქმით, ეს პრობლემა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზრდასრული მოსახლეობის 20%-ზე მეტს აწუხებს. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 21,1%-ს აქვს სიმსუქნის პრობლემა.

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხეულის მასის ინდექსით (BMI) დგინდება: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში. თუკი BMI 25-დან 30-მდეა, ეს მიუთითებს ჭარბ წონაზე, ხოლო 30-ს ზემოთ – სიმსუქნეზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რომელიც ბოლოს 2010 წელს განახლდა, საქართველოში 18-დან 64 წლამდე ქალების 54.2%-ს აქვს ჭარბი წონა და 28.5% არის მსუქანი, კაცებში კი შესაბამისი მაჩვენებლებია 58,6% და 22,1%.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემები

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებით, რომელიც ბოლოს 2014 წელს განახლდა, საქართველოს მოსახლეობის 21.1%-ს აწუხებს სიმსუქნის პრობლემა. CIA-ს მონაცემებით, ამ მხრივ საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებლი აქვს მეზეობელ ქვეყნებს შორის, სადაც აზერბაიჯანს აქვს 23.8%, სომხეთს – 24%, რუსეთს – 26.5%, თურქეთს – 27.8%.

ხოსე გრაციანო და სილვას თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოშიმშილე მოსახლეობის მაჩვენებელმა 1990 წლის შემდეგ 40%-ით დაიკლო, მაგრამ პრობლემად რჩება არასათანადო კვება:

“არასათანადო კვება ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფასად უჯდება ადამიანს. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ როგორც კი საზოგადოება თავს აღწევს შიმშილს, დღის წესრიგში დგება ახალი პრობლემები – არასწორი დიეტა და ცხოვრები წესი. ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციები, მათ შორის, მაღალი ხელფასები ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ზედმეტად გადამუშავებული საკვების სიიაფე და ხელმისაწვდომობა იწვევს კვების კულტურის მოშლას და მივყავართ ჭარბი წონის პრობლემამდე. არააქტიური ცხოვრების წესი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს”, – ნათქვამია FAO-ს გენერალური დირექტორის ევროპის ქვეყნებისადმი მიმართვაში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა.

“ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის” ცნობით, ევროპის მოსახლეობის 15-20% ჭარბწონიანია. 2004 წლიდან ამ გაერთიანების წევრია “საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია”. 5 მაისს აღნიშნული ასოციაციების ორგანიზებით თბილისში კონფერენცია გაიმართა ზრდასრულთა სიმსუქნის მართვის აქტუალურ საკითხებზე.

ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ჰერმან ტოპლაკი 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ჰერმან ტოპლაკი 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტის, ჰერმან ტოპლაკის თქმით, სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებებს უკავშირდება, მათ შორის, დიაბეტს. როგორც იგი ამბობს, თუ ქვეყნები პრევენციულ ზომებს არ მიიღებენ, 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 25% დიაბეტით იქნება დაავადებული.

ამის თავიდან ასაცილებლად ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია მოგვიწოდებს, მივიღოთ მეტი წყალი, მოვიხმაროთ ნაკლები შაქარი, გავზარდოთ ფიზიკური აქტივობები და ვიკვებოთ ჯანმრთელად. ჰერმან ტოპლაკის თქმით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვყნების უწყებებთან თანამშრომლობა, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოში ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციას საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია წარმოადგენს. ასოციაციის პრეზიდენტის, ქეთევან ასათიანის თქმით, ისინი ევროპელ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობენ და მუშაობენ სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის შემცირებაზე, ამით კი, გამოწვეული დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობაზე.

საქართველოს სიმსუქნის შემსწავლლი ასოციაციის პრეზიტენტი ქეთვან ასათიანი 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს სიმსუქნის შემსწავლლი ასოციაციის პრეზიტენტი ქეთვან ასათიანი 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის თქმით, სიმსუქნე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯანდაცვის სფეროში:

“ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორი რიგი არგადამდები დაავადებებისაა, როგორიცაა ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვა”.

ნინო ბერძული სიმსუქნის გამომწვევ მიზეზად თანამედროვე ცხოვრების სტილს ასახელებს და ისეთი გარემოს შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღ კვებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ჯანსაღი კვება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის”, – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი ხოსე გრაციანო და სილვა. მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები და სურსათის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარონ, შეამცირონ საკვების დანაკარგი, მომხმარებელს უბიძგონ ჯანსაღი პროდუქტის მოხმარებისკენ, მისცენ მოსახლეობას შესაბამისი განათლება სწორ კვებასთან დაკავშირებით, დააწესონ პროდუქტის შეფუთვისა და მისი შემადგენლობის ზუსტი ეტიკეტირების წესები, პოპულარიზაცია გაუწიონ მარცვლოვანი კულტურების წარმოებას, განავითარონ მცირე მეურნეობები და დააკავშირონ ფერმერები ბაზართან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.