ნეტგაზეთი | ევროსასამართლოს განაჩენი გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს განაჩენი გირგვლიანის საქმეზე – Netgazeti
RU | GE  

ევროსასამართლოს განაჩენი გირგვლიანის საქმეზე

გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით, ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მრთლმსაჯულება რომ არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებულ პირთა უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ნაადრევი გათავისუფლება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება”.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლაინის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქართველოს სანდრო გირგვლიანის მამის სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ევროპის სასამართლომ  გირგვლიანის საქმეში დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობამ მტკიცებულებათა ნაწილი დაგვიანებით წარმოადგინა, ნაწილი კი დამახინჯებული იყო.

„მნიშვნელოვანი იყო საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ვიდეომასალის ტრანსკრიპტებში ფაქტები დამახინჯებული იყო პროკურატურის მიერ,“ -წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გირგვლიანის საქმეში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და 38-ე  მუხლი(საქმის გამოძიება).

ამ მუხლებიდან სასამართლომ დარღვეულად მხოლოდ 38-ე მუხლი სცნო. გარდა ამისა, დარღვეულად მიიჩნიეს მე-2 მუხლი პროცედურულ ნაწილში, რაც გამოძიების ეფექტურობას ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) ძირითად ნაწილში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არ დარღვეულა, რადგან „სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის წინაშე თავისი წარმომადგენლების საქციელის გამო აგებს პასუხს.“ ევროსასამართლომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის არგუმენტები გაიზიარა, რომელთა მიხედვითაც, გირგვლიანის გატაცებისა და მკვლელობისას სახელმწიფო მოხელეები არ მოქმედებდნენ როგორც ოფიციალური პირები. მათ დანაშაული პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მაშინ ჩაიდინეს, როცა მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

38-ე მუხლის დარღვევა სასამართლომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, ხოლო მეორე მუხლის(სიცოცხლის უფლება) დაურღვევლობა კი ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა.

„სასამართლო წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ[საქართველოს] „თვალები დაიბრმავა“ დაზარალებულის დამაჯერებელ არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლთან დაახლოებული პირები იყვნენ გარეული,“-წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ასეთი შერჩევითი მიდგომა მიუღებელია სასამართლოსთვის, რადგან გამოძიება რომ ეფექტურად წარიმართოს, „ის უნდა ეყრდნობოდეს საფუძვლიანობას, ობიექტურობასა და ყველა ელემენტის ღრმა ანალიზს.“

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას აკლდა ობიექტურობა და მთლიანობა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანა. კერძოდ, სასჯელარსრულების დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირები ერთ საკანში არ მოეთავსებინა. გარდა ამისა, პროკურატურამ ჯეროვნად ვერ გამოიძია გარემოებები, თუ როგორ მიაყენეს 12 ჭრილობა სანდრო გირგვლიანს.

ასევე, პროკურატურა მოსარჩელე მხარეს საშუალებას არ აძლევდა, მუდმივად ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმის კურსში, თუ რა ახალი დეტალები ემატებოდა საქმეს.

გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით, ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მრთლმსაჯულება რომ არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებულ პირთა უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ნაადრევი გათავისუფლება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება”.

ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ გირგვლიანის საქმის მთავარი ნაკლი ის იყო, რომ ადგილობრივმა სასამართლომ დაზარალებულ მხარეს არ მისცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდა საქმის მასალებს, რითაც მას საშუალება არ მისცა, შესაბამისად წარედგინათ საკუთარი პოზიცია სასამართლოზე.

გარდა ამისა, საქმის სირთულის მიუხედავად, პირველი ინსტანციის ქართულმა სასამართლომ საქმე ცხრა დღის განმავლობაში განიხილა. „ამ დროის განმავლობაში მხოლოდ საქმის მონაწილეებს კი არა, თვით სასამართლოც ვერ მოახერხებდა საქმის მასალების კარგად შესწავლას,“-წერია ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ  როცა სახელმწიფო ძალოვანი უწყების თანამშრომელი კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაშია ბრალდებული, მაშინ მისი შეწყალება არაადეკვატური სასჯელია. პირიქით, ასეთ შემთხვევაში, სამაგლითოდ უნდა დაისაჯოს, რადგან სახელმწიფომ სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი საზოგადოების ნდობა და პატივისცემა შეინარჩუნოს, ასევე ხელი შეუშალოს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას.

28 წლის სანდრო გირგვლიანი კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა 2006 წლის იანვარში მოკლა. მისი მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი სანდრო გირგვლიანის მშობლებმა – ირინა ენუქიძემ და გურამ გირგვლიანმა შეიტანეს. ირინა ენუქიძე 2007 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მისი მკვლელების დასჯა კი პოლიტიკური საპროტესტო აქციების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

გირგვლიანის მკვლელობის გამო დკავებულებს სასამართლომ სასჯელი გაუნახევრა, 2009 წელს კი პრეზიდენტმა შეიწყალა და ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლიანის ინტერესებს ევროპის სასამართლოში ორი ადვოკატი – შალვა შავგულიძე და დავით დავით ჯანდიერი იცავდნენ, საქართველოს ინტერესებს კი ლევან მესხორაძე წარმოადგენდა.

მოსარჩელე მორალური ზიანის ასანაზრაურებლად 300 ათას ევროს ითხოვდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭარბებულად მიიჩნია. მისი პოზიცია გაიზიარა ევროპის სასამართლომაც.

„სასამართლოს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მოსარჩელე მხარემ განიცადა სტრესი სახელმწიფოს მხრიდან გამოძიების არაჯეროვნად ჩატარების გამო, ამიტომ სასამართლო საქართველოს გურამ გირგვლიანისთვის 50 ათასი ევროს გადახდას აკისრებს,“-წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გარდა 300 ათასისა, მომჩივანი დამატებით ითხოვდა 5 -5 ათას ევროს თითოეული იურისტის მომსახურებისთის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ თანხის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან არანაირი დოკუმენტით არ დადასტურდა, რომ გირგვლიანებმა იურისტებს ეს თანხები გადაუხადეს.  50 ათასი ევროს გარდა, საქართველომ გურამ გირგვლიანს დამატებით 388 ევრო უნდა გადაუხადოს,  რაც დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს გულისხმობს.

მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება უახლოესი 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი