საზოგადოებასამართალი

ძალადობა იეჰოვას მოწმეებზე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით

7 თებერვალი, 2016 • 2779
ძალადობა იეჰოვას მოწმეებზე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით

2015 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 51-ჯერ დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია. საქართველოს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემებით, თავდასხმას ადგილი ჰქონდა ძირითადად რელიგიური მსხურების დროს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სახლებში უვარდებობდნენ მოქალაქეებს. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი წევრების მიმართ თავდასხმაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო მოხელეები, ისე მართლმადიდებელი სასულიერო პირები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში გაავრცელებენ იმ ფაქტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც დღემდე არ გამოძიებულა.

ფაქტი პირველი

2015 წლის 14 თებერვალს ასპინძაში, ერეკლე II-ის ქუჩა №10-ში, მცხოვრები გელა და ლელა შველიძეები, რომლებიც არიან იეჰოვას მოწმეები, და მათთან სტუმრად მყოფი თანამორწმუნე, მანანა ზედგინიძე აპირებდნენ საერთო გზით სარგებლობას, რისი საშუალებაც მათ მეზობლად მცხოვრებმა ზინა ზედგინიძე-ნინუამ არ მისცა და როცა უკან გამობრუნდნენ, შეასხა ბინძური წყალი. პოლიციის გამოძახების შემდეგ ზედგინიძე კვლავ აგრძელებდა ლანძღვასა და მუქარას.

2015 წლის 31 მარტს ზინა ზედგინიძე-ნინუამ სპეციალურად დატოვა ეზოში ღია ონკანი, რის შედეგადაც წყალი დაგუბდა და შევიდა შველიძეების საცხოვრებელ სახლში. როდესაც ლელა შველიძემ დააპირა ტელეფონით გადაეღო, რომ ონკანი განზრახ იყო ღიად დატოვებული, ზინა მას მივარდა ტელეფონის წასართმევად, ხელებს ფრჩხილებით უკაწრავდა და კბენდა, რის გამოც ლელამ დასახმარებლად დაუძახა სახლში მყოფ დედას, ლიზა შემაზაშვილს, რომელმაც შეძლო ლელას დახმარება. ნინუა პატრულის მოსვლის შემდეგაც არ წყვეტდა ლანძღვას, მუქარას და პოლიციის თვალწინ ჯოხი ჩაარტყა ლიზა შემაზაშვილს, რის გამოც მან მიიღო სხეულის დაზიანება.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ზინა ზედგინიძე-ნინუას 2015 წლის 17 ივნისის განაჩენით დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ფაქტი მეორე

2015 წლის 3 აპრილს, დაბა შუახევში, საღამოს 8 საათზე, რელიგიური შეკრების დროს, რომელსაც ესწრებოდა 15 ადამიანი, შეიჭრა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 8 პიროვნება, რომლებიც მუქარითა და ლანძღვა-გინებით მოითხოვდნენ, რომ შეეწყვიტათ და აღარ ჩაეტარებინათ რელიგიური შეკრება, დაეტოვებინათ ტერიტორია და აღარ გაევრცელებინათ რელიგიური ლიტერატურა. ფაქტი ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. გამოძიება შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებიბის გამო.

ფაქტი მესამე

2015 წლის 18 აპრილს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფელ ჩხვაბიანში მათე აფხაზავა და თინათინ აფხაზავა რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ, როდესაც გიორგი კახიანმა დაუწყო ქვების სროლა და დაახლოებით ერთი კილომეტრზე სდია. ქვა მათე აფხაზავას მოხვდა თავის, ხოლო თინათინ აფხაზავას ფეხის არეში. ეს არ არის გიორგი კახიანის მხრიდან პირველი შემთხვევა, მისგან მსგავს აგრესიულ ქმედებას ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივლისშიც. იმავე დღეს მათე და თინათინ აფხაზავებს სხვა, უცნობმა მამაკაცმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აუკრძალა ტერიტორიაზე რელიგიური მსახურება. აღნიშნული ფაქტების შესახებ ეცნობა პოლიციას. გიორგი კახიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

ფაქტი მეოთხე

2015 წლის 22 აპრილს მზისადარ ლომთაძე და ნანი მემანიშვილი ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებას თბილისში, ვორონცოვის მოედნის მიმდებარედ. დაახლოებით 11:20 საათზე გზის პირას მყოფმა სამმა პიროვნებამ მათ შეაგინა რელიგიის მისამართით, ერთ-ერთი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. ის სიტყვიერი შეურაცხყოფიდან გადავიდა ფიზიკურზე, ჯერ სახეში შეაფურთხა ორივეს, შემდეგ კი მზისადარ ლომთაძეს თავისა და სახის არეში გამეტებით დაუშინა მუშტები. ლომთაძემ მოახერხა პოლიციაში დარეკვა და თან გაყვა ამ მამაკაცს, რათა არ დაეკარგა თვალთახედვიდან, პარალელურად ურეკავდა პოლიციას და ატყობინებდა მის ადგილსამყოფელს, მამაკაცმა მას ესროლა აგურის ნატეხი, რომელიც მოხვდა ზურგში, და გზა გააგრძელა მშრალი ხიდის მიმართულებით. ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო მზისადარ ლომთაძის მეუღლე, მურმან ლომთაძე და როდესაც შეეცადა სიტუაციის გარკვევას, მამაკაცმა ახლა მას დაუწყო მუშტებით ცემა თავისა და სახის არეში. უცნობმა მამაკაცმა აიღო იქვე გასაყიდად გამოტანილი ნაჯახი, რათა თავში ჩაერტყა, რისი საშუალებაც იქვე მყოფებმა არ მისცეს, შემდეგ კი ხმალი აიღო და ცდილობდა მურმან ლომთაძისთვის ჩაერტყა. საპატრულო პოლიციამ მურმან ლომთაძე და უცნობი მამაკაცი ერთად გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, ხოლო მზისადარ ლომთაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან მიიღო ტვინის შერყევა. თავდამსხმელს წაუყენეს ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლით (დევნა).

ფაქტი მეხუთე

2015 წლის 25 მაისს თბილისში, გუჯარათის №1თან, როდესაც ალიკ არუტუნიანი ბრუნდებოდა იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრიდან, გზის პირას მდგარი 6 მამაკაციდან ერთ-ერთი დაემუქრა, ხოლო მეორემ (სახელად ლოვამ) სახეში ჩაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ყველამ ერთად დაუწყო ცემა. ალიკ არუტუნიანი გაიქცა, მაგრამ მალე მას დაეწივნენ და სახის არეში დაუწყეს მუშტების ცემა, რასაც ახლდა ლანძღვა და გინება. მათი წასვლის შემდეგ არუტუნიანი დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. დამნაშავემ მოიხადა ბოდიში და პოლიციამ ის გააფრთხილა ხელწერილით.

ფაქტი მეექვსე

2015 წლის 28 მაისს ქარელის რ-ნის სოფელ დირბში ბადრი გულიაშვილი და ნოდარ ქოთუაშვილი რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ სტენდით. დაახლოებით 10:15 საათზე,ამავე სოფლის მღვდელმა, ნიკოლოზ ოხანაშვილმა სტენდს ორჯერ დააჯახა სამარშუტო ტაქსი, შემდეგ გადმოცვენილ ლიტერატურას დაასხა ბენზინი და იქვე მდგომებს სთხოვდა ასანთი, რომ რელიგიური ლიტერატურა დაეწვა. ამის შემდეგ გადავიდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, კერძოდ: სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი ბადრი გულიაშვილს და შემოახია ჰალსტუხი, შემდეგ კი ნოდარ ქოთუაშვილს მუშტი ჩაარტყა მხარში და შემოახია ტანსაცმელი. ამას თან ახლდა გინება და მუქარა. აღნიშნული სასულიერო პირის მხრიდან სხვა დროსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი იეჰოვას მოწმეების დევნას. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა. ფაქტს შეესწრო დაახლოებით 20-25 ადამიანი. აღძრულია საქმე 156–ე მუხლის პირველი ნაწილით (დევნა).

ფაქტი მეშვიდე

2015 წლის 28 მაისს ქ. ახალქალაქში ლევან ტონოიანი და ოგანეს მაკვეციანი რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ სტენდით. დაახლოებით 11:30 საათზე სტენდთან მივიდა 3-4 მამაკაცი (რომლებიც წინა დღეებშიც მიდიოდნენ სტენდთან) და აგრესიულად საუბრობდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში მათ შეუერთდა სასულიერო პირი ტატევ მარუქიანი, მათ აიღეს სტენდზე არსებული რელიგიური ლიტერატურა და დახიეს. გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც განაცხადა, რომ „სასულიერო პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია“. ანალოგიურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 25 მაისს და მასში მონაწილეობდნენ სოფ. არაგვაში მოღვაწე სასულიერო პირები, მათ ასევე თან ახლდათ ქალაქის დეპუტატი (როგორც თვითონ განაცხადა) და კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ იეჰოვას მოწმეებს დაეტოვებინათ ტერიტორია. საპატრულო პოლიცია ადგილზე მივიდა მხოლოდ ორჯერ დარეკვის შემდეგ და არ მიიღო არანაირი ზომები. არსებობს 28 მაისს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. აღძრულია საქმე 156–ე მუხლის პირველი ნაწილით (დევნა).

ფაქტი მერვე

2015 წლის 6 ივნისს,ქ. მცხეთაში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშა მუხადგვერდელი და ჯუმბერ კუცია რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ სტენდით. დაახლოებით 08:45 საათზე სტენდთან მივიდა ორი მამაკაცი, რომლებმაც კატეგორიულად მოითხოვეს, რომ შეეწყვიტათ რელიგიური მსახურება და დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდნენ ზომებს. ერთ-ერთმა მათგანმა სტენდს მოხსნა ბანერი და უნებართვოდ აიღო რელიგიური ლიტერატურა, ხოლო ლაშა ტყემალაძემ სტენდს წიხლი დაარტყა და იმუქრებოდა, რომ არ დაუშვებდა მათ ყოფნას ამ ადგილზე. საპატრულო პოლიციამ გამოიძახა კრიმინალური პოლიცია. მათ უარი განაცხადეს მტკიცებულებად მიეღოთ ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანდა ორივე თავდამსხმელი. ხოლო კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა, ზურა ქვათაძემ განაცხადა, რომ მცხეთა იყო წმინდა ქალაქი და ასეთი რამ შემდეგშიც შეიძლებოდა განმეორებულიყო. გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებოის გამო.

ფაქტი მეცხრე

2015 წლის 8 ივნისს,ქარელის რ-ნის, სოფელ დირბში ნინო პაპუაშვილი და ლევანი ლოლაძე ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებას. დაახლოებით 11:00 საათზე ამავე სოფლის მღვდელი ნიკოლოზ ოხანაშვილი მათ დაეწია სამარშრუტო ტაქსით და აიძულებდა გამოერთმიათ და წაეკითხათ დაბეჭდილი ტექსტი, რაზეც მათ უარი განაცხადეს და გააგრძელეს რელიგიური მსახურება. მათ რელიგიური ლიტერატურა შესთავაზეს ხიდთან მჯდომ ორ თანასოფლელს, რომლებმაც ნებაყოფლობით აიღეს შეთავაზებული ლიტერატურა. ამან გააღიზიანა ნიკოლოზ ოხანაშვილი. ის ყვიროდა, რომ ხალხს აიძულებდნენ ლიტერატურის გამორთმევას და ამის გამო დარეკავდა პოლიციაში. მასთან სამარშრუტო ტაქსში მყოფმა მეორე სასულიერო პირმა ლიტერატურა წაართვა მამაკცებს, ძირს დაყარა და იმუქრებოდა, რომ აღარ გაებედათ ხალხისთვის მსგავსი წიგნების შეთავაზება. მან მხარზე რამდენჯერმე დაარტყა ნინო პაპუაშვილს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტი მეათე

2015 წლის 15 ივნისს ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანა ბოლქვაძე ეწეოდა რელიგიურ მსახურებას მოძრავი სტენდის საშუალებით, რა დროსაც მასთან მივიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები (ერთ-ერთმა, ლევან თოფურიამ წარადგინა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) და ურჩიეს, მანამ დაეტოვებინათ ტერიტორია, სანამ ჯარიმას გამოუწერდნენ. 22 ივნისს ლევან თოფურია კვლავ მივიდა სტენდთან და ამჯერად დაემუქრა, რომ უკვე თავისი უფროსი ჩაერეოდა ამ საკითხში. 20 ივნისს სტენდთან მდგომ გიორგი სურგულაძესა და ინნა ასათიანს ამ ადგილიდან სტენდის აღება მოსთხოვა დავით ქარცივაძემ. როგორც მან განაცხადა, ის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და ამას ბათუმის მერის დავალებით აკეთებდა. ხოლო 23 ივნისს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სტენდთან მდგომ თამარა რიაბცევას უცნობმა მამაკაცმა განუცხადა, რომ იყო მერიის წარმომადგენელი და მოითხოვა, სტენდი გაეტანათ ტერიტორიიდან.

ფაქტი მეთერთმეტე

2015 წლის 2 ივლისს ქარელის რ-ნის, სოფელ დირბში, სკვერის ტერიტორიაზე გიული დოლიაშვილი და ნინო ქოთუაშვილი რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ სტენდით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმავე სკვერში ამავე სოფლის მღვდელი ნიკოლოზ ოხანაშვილი რეგულარულად ყოველ ხუთშაბათს, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მსახურების დროს ხმამაღლა კითხულობს ლოცვებს და ცინიკური და შეურაცხმყოფელი საუბრით მიზანმიმართულად ხელს უშლის მათ რელიგიურ მსახურებაში. 2 ივლისს მან შეკრიბა დაახლოებით 15-20 ადამიანი, რომელთა შორისაც იყო სოფლის გამგებელი გია გოგაშვილი და ხმამაღალი ლოცვის შემდეგ მან თანმხლებ პირებთან ერთად დაუწყო სტენდთან მდგომ პირებს შეურაცხყოფა და ცინიკური საუბარი. ის აიძულებდა მათ, მოესმინათ და ამ მიზნით რამდენჯერმე მკლავზე შეეხო გიული დოლიაშვილს. ერთ-ერთი სტიქაროსანი (რომელსაც სავარაუდოდ ერქვა დავითი) დაემუქრა: რომ „ეს ჯერ ზღვაში წვეთია და მომავალში მეტს ელოდეთ“. სოფლის გამგებელი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს და არაფერი მოიმოქმედა სიტუაციის განსამუხტავად.

ფაქტი მეთორმეტე

2015 წლის 21 სექტემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის 26/ა-ში მდებარე სამეფო დარბაზში, 18:30 საათზე, კრების შეხვედრის დროს, უცნობმა მამაკაცმა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნიკოლოზ კლიმიაშვილმა) სცენაზე მყოფ კობა კიკნაველიძეს უთხრა, რომ სასაუბროდ გაყოლოდა. მან კატეგორიულად მოითხოვა, რომ არ დაეშვათ მისი მეუღლისა და შვილების დასწრება კრების შეხვედრაზე, რაზეც აუხსნეს, რომ ისინი ვერ ჩაერეოდნენ ოჯახურ კონფლიქტში და ვერც ვერავის აუკრძალავდნენ კრების შეხვედრაზე დასწრებას. 2015 წლის 28 სექტემბერს აღნიშნული პიროვნება დედასთან, მამასთან და რამოდენიმე პიროვნებასთან ერთად კვლავ დაბრუნდა სამეფო დარბაზში, ამჯერად უფრო აგრესიული, და მამასთან ერთად შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა ჯერ კობა ტყემალაძეს და შემდეგ თავის მეუღლეს, სცადა მისი დაგორება კიბეზე (არსებობს შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები), რისი საშუალებაც იქ მყოფებმა არ მისცეს. მათ ჩაშალეს რელიგიური შეხვედრა, რადგან ადგილი ჰქონდა ყვირილს, მუქარას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას, რის გამოც საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. კონფლიქტი გაგრძელდა ეზოში, სადაც ნიკოლოზ კლიმიაშვილმა პატრულის თვალწინ სახის არეში მუშტი ჩაარტყა თავის მეუღლეს სოფიო მანჯგალაძეს, ხოლო დედა (დალი გირკელიძე) ფიზიკურად გაუსწორდა ჯუმბერ მატუას, კერძოდ: ყელში სწვდა ხელებით, შემდეგ კი გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში. სასამართლომ ნიკოლოზ კლიმიაშვილს ერთი თვის მანძილზე აუკრძალა თავის მეუღლესთან მიახლოება, ხოლო რელიგიური შეხვედრის ჩაშლისათვის პოლიცია შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი