მაშინ, როცა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კოვიდპანდემიის შემდეგ ქორწინებათა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, საქართველოში 2022 წელს რეკორდული რაოდენობის ცოლ-ქმარი დაშორდა. პანდემიის მიწურულს 14 098-მა წყვილმა გადაწყვიტა განქორწინება.
ამავე წელს ქორწინების რაოდენობამაც მოიმატა, თუმცა ეს რიცხვი რამდენიმე ათასით ჩამორჩება საქართველოსთვის რეკორდულ, 2010 და 2013 წლის მონაცემებს.
„დარჩი სახლში… ცოტაც მოვითმინოთ!“ — ეს იყო ფრაზები, რომელსაც მოქალაქეები ყოველდღიურად ისმენდნენ სახელმწიფო მოხელეებისა და ექიმებისგან, ამ მიდგომას უნდა გადაერჩინა ადამიანები უცნობი ვირუსისგან მაშინ, როცა არც ვაქცინა არსებობდა და არც რაიმე სახის ანტივირუსული მედიკამენტი.
ამ ყველაფერს კი თან ახლდა არანაკლებ მძიმე რეალობა — ადამიანთა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, გარეთ გასვლა შეეზღუდა, ხშირად, ვიწრო, დახურულ სივრცეში სახლიდან, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მოუწია თვეების განმავლობაში მუშაობა ისე, რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტისა და სოციალიზაციის საშუალებაც კი არ ჰქონია. მუდმივად „შინ დარჩენით“ ადამიანებმა დაკარგეს სტრესისა და ყოველდღიური რუტინისგან დროებით მაინც თავის დაღწევის მინიმალური შანსი.
რა როლი ითამაშა პირად ცხოვრებაში კოვიდპანდემიამ, რომელსაც თან ახლდა მკაცრი ლოკდაუნები? ამის შესახებ ნეტგაზეთი ესაუბრა ქალს, რომელიც პანდემიის დროს ქმარს დაშორდა და ცოტა ხანში იგივე კაცზე ხელახლა იქორწინა.
ფსიქოთერაპევტმა სალომე ფანჯიკიძემ კი ჩვენთან ინტერვიუში იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რაც წყვილებს შორის კრიზისს ამწვავებს ან/და განმუხტავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქორწინება-განქორწინების სტატისტიკას საქართველოში ოფიციალურად 1994 წლიდან ითვლის. ამ წელს ქვეყანაში 3089 წყვილი განქორწინდა. დაშორების ტენდენცია იკლებდა 1999 წლამდე, შემდეგ ისევ მატება დაიწყო და უკვე 2007 წლიდან განქორწინებების რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება.
ისევე, როგორც თითქმის ყველგან, მკვეთრი ვარდნაა 2020 წელს — ამ წელს 7 643 განქორწინება დარეგისტრირდა, 2021 წლიდან კი ამ რიცხვის მკვეთრი ზრდა დაიწყო: 2021 წელი — 10 654 განქორწინება; 2022 — 14 098 განქორწინება, რაც საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცოლ-ქმარი, ძირითადად, ქორწინების პირველივე 4 წელში შორდება, ყველაზე ხშირად კი დაშორების გადაწყვეტილებას დაქორწინებული წყვილები 30-34 წლის ასაკში იღებენ.
ნაკლებად მკვეთრად, თუმცა 2021 წლიდან იზრდება ქორწინები რიცხვი 2020 წელთან შედარებით, როცა საყოველთაო ჩაკეტილობის ფონზე მასობრივი ღონისძიებები და შესაბამისად, ქორწილები აკრძალული იყო.
2020 წელს საქართველოში 16 359 ოჯახი შეიქმნა ოფიციალურად, 2022 წელს კი — 26 048.
თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ყველაზე უხვქორწინებიან 2010 და 2013 წლებს — თითოეულ წელს საქართველოში 35-35 000 წყვილი დაქორწინდა.
2023 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი 2024 წლის მარტის ბოლოს იქნება. თუმცა, არსებით ცვლილებებს 2022 წელთან შედარებით ნაკლებად უნდა ველოდოთ. 2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია 10 366 ქორწინება და 6 828 განქორწინება.
ნეტგაზეთს თავის გამოცდილებას უზიარებს ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც მოხვდა როგორც პანდემიის შემდგომი ქორწინების, ისე განქორწინების სტატისტიკაში.
ნათია და მისი მეუღლე 37 და 38 წლისები არიან. 2021 წელს თითქმის 8-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ, მაგრამ წყვილი 2022 წელს ისევ დაქორწინდა — ისევ ერთმანეთზე.
„ლოქდაუნის დროს გამოკვეთილად დაიწყო ჩვენი პრობლემები. მეუღლეს სამსახური არ აძლევდა დისტანციურად მუშაობის საშუალებას, მე კი დისტანციურად მუშაობაზე გადავედი.
მენტალურად ძალიან გამიჭირდა იზოლაციაში ყოფნა მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე სოციალიზდებოდა ხოლმე — ჩვენი საერთო მეგობრების შეკრებებზეც დადიოდა და სამსახურშიც. დამიქვეითდა თვითშეფასება და ჩავთვალე, რომ აღარ უნდოდა ჩემთან. იმდენად გვიან გავაჟღერე ეს აზრი მეუღლესთან, რომ უკვე გვიანი იყო ოჯახის გადარჩენა. მე აღარ მინდოდა. დავაჯერე საკუთარი თავი, რომ არ უნდა ვიყო ვინმეზე დამოკიდებული ემოციურად, რადგან ქმარიც კი აღარ აღმოჩნდა სანდო საყრდენი ყველაზე ცუდ დროს. საბოლოოდ, ჩემი ინიციატივითა და მოთხოვნით დავშორდით.
მაგრამ კონტაქტი არასოდეს გაგვიწყვეტია. ძალიან კარგი ადამიანია და მეგობრულ რეჟიმზე გადავედით. არც ის გვინდოდა, ბავშვს რომელიმე მშობლის დანაკლისი ეგრძნო. ბევრი საუბრის, დაშორების მიზეზების ანალიზის შემდეგ, მალევე გადავწყვიტეთ, ისევ ერთად გვეცხოვრა,“ — გვიყვება ნათია.
კვლავ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ და იმ ქვეყნებს შევხედავთ, სადაც მსგავსი მონაცემები აღირიცხება, მაგალითად, აშშ-ში განქორწინებულ წყვილთაგან 6 პროცენტია, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ისევ ერთმანეთს უკავშირებს და განმეორებით, ისევ ერთმანეთზე ქორწინდებიან. იგივე სტატისტიკა ამბობს, რომ ასეთი წყვილების ოჯახები უფრო მყარია და განქორწინებით ბევრად ნაკლებად სრულდება, ვიდრე, მაგალითად, პირველ და მეორე ქორწინებაში მყოფი სხვა წყვილების შემთხვევაში ხდება (Psychology Today).
იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება იდგეს ამ მშრალი რიცხვების თუ პერსონალური ისტორიების უკან, ნეტგაზეთი ფსიქოთერაპევტ სალომე ფანჯიკიძეს ესაუბრა.
„ქორწინებები, როგორც ნებისმიერი ინტენსიური ურთიერთობა, კრიზისის გარეშე არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, და ამ ურთიერთობაში, გაშორება, ერთმანეთისგან გაცლა შეიძლება. ამას სახელმწიფო მეტად აკვირდება, აღრიცხავს და ამიტომ უფრო ხშირად ჩანს, მეტად ვაკვირდებით. მაგრამ არავინ აღრიცხავს დედა-შვილს შორის რამდენჯერ ხდება კონფლიქტი. დავთვალეთ, პანდემიის და შემდგომ პერიოდში რამდენი დედა-შვილი არ ელაპარაკებოდა ერთმანეთს? რამდენი მამა-შვილი, რამდენი და და რამდენი ძმა? ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ეს რამე საბუთში აღრიცხო,“, — ამბობს სალომე ფანჯიკიძე.
მისი აზრით, შეუთანხმებლობა, შეუთავსებლობა, პირადი ინდივიდუალური კრიზისი თუ უშუალოდ ურთიერთობის კრიზისი, ვერგაგება, კომუნიკაციის პრობლემა, იმედგაცრუებები და ა.შ. იმდენად ბუნებრივი მოვლენაა ადამიანებს შორის, რომ, როგორც წესი, წყვილთა გაშორებას ეს უდევს ხოლმე საფუძვლად.
ფსიქოთერაპევტის თქმით, პირად ურთიერთობებში მსგავსი კრიზისები პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ხელოვნურად, იზოლირებამ ძალიან გაზარდა და გაამწვავა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გაამწვავა პირადი, პერსონალური კრიზისები, რაც აისახა ურთიერთობებზეც.
„როდესაც ადამიანს შეუძლია, რომ კონფლიქტს განერიდოს, მეტი იმუშაოს, სამოგზაუროდ წავიდეს, ან მეგობრების წრეში დრო გაატაროს, თავის ჩვეულ განტვირთვის გზებს მისდიოს, ეს არათუ კრიზისის გაღრმავებას არ უწყობს ხელს, პირიქით, ანელებს მას. პანდემიის პერიოდში, როდესაც შეზღუდული იყო ყველა ეს შესაძლებლობა, უკვე არსებულ და ახლად გაჩენილ კრიზისებს ხელი არაფერმა შეუშალა, არაფერმა ხელი არ შეუწყო, რომ განეიტრალებულიყო. კრიზისებიც პირდაპირ გაიშალა,“ — გვეუბნება ფსიქოთერაპევტი.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სალომე ფანჯიკიძესთან ვისაუბრეთ, ისაა, როგორია ურთიერთობის დინამიკა წყვილს შორის კონფლიქტის, კრიზისის გაჩენისას, მოქმედების რა სტრატეგიას მისდევენ ადამიანები ამ დროს.
სალომე ფანჯიკიძე გვეუბნება, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც ოჯახები მეტად იშლება, ისაა, რომ წყვილი პრობლემისგან განრიდების გადაწყვეტილებას უფრო მარტივად იღებს, ვიდრე იმას, რომ პრობლემაზე იმუშაოს:
„ამ საუკუნეში განსაკუთრებით გამოიხატება ეს ზედაპირული დამოკიდებულება, ნაჩქარევი და რადიკალური გადაწყვეტილებები, ასეთი გადაწყვეტილებებისკენ მზარდი მოწოდება. როცა რაღაც არ მუშაობს, რაღაც არ მოსწონთ ან ცუდად გრძნობენ თავს, ეს არ არის ყოველთვის მხოლოდ მეორე ადამიანის პასუხისმგებლობა.“
საგულისხმოა ისიც, რომ არამხოლოდ უცხოეთში, საქართველოშიც იმატა პანდემიის შემდგომ პერიოდში წყვილების თერაპევტებთან მიმართვიანობამ. ეს შესაძლოა, იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ მზარდია რადიკალური გადაწყვეტილებების ნაჩქარევად არმიღების ტენდენციაც.
“ძალიან მოიმატა წყვილების თერაპიაზე მომართვიანობამ. სწორედ პანდემიის შემდეგ. შესაძლოა, ქალები უფრო ხშირად იყვნენ ინიციატორები. მაგრამ მეტი კაცი მოდის და მეტი კაცი ლახავს იმ ბარიერს, რომ ოჯახის პრობლემა გარეთ არ უნდა გაიტანო, თუნდაც თერაპევტთან არ განიხილო,“ — ამბობს სალომე ფანჯიკიძე.
მისივე აღქმით, ქალებმა შეცვალეს ძველი ტაქტიკა, როდესაც ქალს უნდა აეტანა ყველაფერი, რომ მას თითქოს მოთხოვნილებები არ ჰქონდა, მათ შორის, ყურადღების, მათ შორის სექსუალობის და ა.შ.
როგორც ფსიქოთერაპევტი ამბობს, ქალებმა ეს მიდგომა შეცვალეს და დაიწყეს ხმამაღლა საუბარი, კაცებმაც მეტად დაიწყეს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა.
ფსიქთერაპევტის დაკვირვებითა და პროფესიული პრაქტიკის გათვალისწინებთ, შეიცვალა აღქმა იმისა, თუ რა არის კარგი ურთიერთობა და კარგი ოჯახი — საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა ტენდენცია სოციალური წყობის იყო სხვანაირი, როლების სხვადასხვანაირი გადანაწილებით ცოლებსა და ქმრებს შორის. დრო შეიცვალა, საზოგადოებრივი ცხოვრება შეიცვალა და ბუნებრივად შეიცვალა ტენდენციებიც.
„დღეს მარტო ერთი კაცი ვეღარ არჩენს ოჯახს. საჭირო გახდა, რომ ოჯახის სხვა წევრებმაც იმუშაონ. ბუნებრივად დადგა და დგება სახლის საქმის გადანაწილების საჭიროება, რამდენადაც ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ აბსოლუტურად თანაბარი გადანაწილება შეიძლება ვერ მოხდეს. მაგალითად, ჩვილ ბავშვს დედა მეტად სჭირდება. მაგრამ ამის საკომპენსაციოდ სხვა როლი მეორე ადამიანმა უნდა აიღოს მეტად.
წყვილებს, ვინც ჩემთან მოდიან, სულ ვეუბნები, რომ დაიწყეთ თქვენი საკუთარი თავიდან იმიტომ, რომ მე თავად ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისზეც მაქვს რეალური ძალაუფლება, ვინც შემიძლია დავუქვემდებარო ჩემს ნებას და ვისზეც შემიძლია პასუხისმგებლობის აღება. ამას უზარმაზარი გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმაზე, რასაც მერე ის სხვა, მეორე ადამიანი გააკეთებს,“ — ეუბნება ნეტგაზეთს ფსიქოთერაპევტი სალომე ფანჯიკიძე.
როგორც ის აღნიშნავს, მისი, როგორც ფსიქოთერაპევტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის გზები ასწავლოს ადამიანებს და არა ის, თუ როგორ იცხოვრონ, როგორი ფორმის ურთიერთობა ჰქონდეთ, შვილი როგორ აღზარდონ, რა პრინციპი და ღირებულება გაატარონ ოჯახში:
„ამას ყველა ოჯახი თავად ადგენს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია.“