სამართალი

რატომ ვერ ტოვებს შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს – ადვოკატის განმარტება

21 აპრილი, 2024 • 2342
რატომ ვერ ტოვებს შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს – ადვოკატის განმარტება

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.  განაჩენის გამოცხადებისთანავე მისი ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წავიდნენ და სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. პრეზიდენტმა იმავე დღეს განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა, თუმცა ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

მისი გათავისუფლების სავარაუდო თარიღი, პროცედურული მიზეზებით, რამდენჯერმე გადაიდო.

გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანიჟაშვილის ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მაქსიმალური თარიღი 26 აპრილია, თუმცა შესაძლოა იქამდეც, ნებისმიერ დროს გათავისუფლდეს.

ადვოკატი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რატომ გაიწელა ამ დრომდე გრიგორიადისის გათავისუფლება:

“განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, გამოცხადებიდან ორ დღეში გადააგზავნა პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურმა სამსახურმა, თავის მხრივ, მოამზადა დოკუმენტაცია და გადააგზავნეს იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადააგზავნოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ვინაიდან დოკუმენტები იგზავნება ფოსტის მეშვეობით, მატერიალური სახით, ის ჯერჯერობით პრეზიდენტს არ ჩაჰბარებია.

ვინაიდან ფოსტა აგვიანებს, ჩვენ გვინდოდა ხელზე აგვეღო განაჩენი და ჩვენ მიგვეტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სასამართლომ განგვიმარტა, რომ ვინაიდან საქმე მრავალტომიანია, არ გვაქვს ვალდებულება მოთხოვნისთანავე ჩაგაბაროთო. ავიღებთ კანონით გათვალისწინებულ 14-დღიან ვადას და ამ დროში ჩაგაბარებთო”, – ამბობს თათია მანიჟაშვილი.

ვინაიდან განაჩენი 12 აპრილს გამოცხადდა, 14-დღიანი ვადა 26 აპრილს გადის. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს ფოსტა იუსტიციის სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე დროულად მიიტანს. თუმცა, თუ ეს 26 აპრილამდე ვერ მოხერხდა, მერე უკვე თავად წამოიღებენ სასამართლოდან და მიიტანენ პრეზიდენტთან. თათია მანიჟაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მხოლოდ რამდენიმეწუთიანი პროცედურაა იქნება საჭირო.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი