კომენტარი

მე შევიწყალე ლაზარე გრიგორიადისი- პრეზიდენტი

12 აპრილი, 2024 • 5057
მე შევიწყალე ლაზარე გრიგორიადისი- პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

“ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. არც მუქარებს[დაველოდე]. იმიტომ, რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა 12 აპრილს, საღამოს პირდაპირ ეთერში.  

მისი თქმით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ამ პროცედურას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მან პოლიციის როლზეც ისაუბრა:

“მე მინდა ყველას ვუთხრა ამ ქვეყანაში, რომ პოლიცია არათუ საპატიოა და პატივსაცემი, არამედ იმ პერიოდში, სადაც ახლა  შევდივართ, პოლიციის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მსჯელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ცუდი ფურცლები, და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია. წინასწარ მათ მინდა გამოვუცხადო პატივისცემა და რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც სახელმწიფოს და ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება  7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე და მას  9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი